მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეწყდა და ახლიდან გამოცხადდა “განახლებული რეგიონების” ტენდერები

60a2216c16c83
შოთა ტყეშელაშვილი
17.05.21 19:10
672
ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე “ჭიქაში ქარიშხალს” უწოდებს პროგრამა “განახლებულ რეგიონებთან” დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს, რომელიც შესაბამის სახელმწიფო შესყიდვებს ეხება. მინისტრის თქმით, 5 მსხვილი ტენდერი შეწყდა იმიტომ, რომ მათი პირობები ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, რის გამოც სამინისტრომ მასში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა, ამ ცვილებების შესატანად კი აღნიშნული ტენდერების შეწყვეტა, სანაცვლოდ კი ახალი შესყიდვების გამოცხადება გადაწყვიტეს.

მთლიანობაში პროგრამის ფარგლებში 15 ტენდერია გამოქვეყნებული. მათ შორის 8 ტენდერი, რომელთა ღირებულებაც 160 მილიონი ლარი იყო 28 აპრილს გამოცხადდა და მასში წინადადებათა მიღება დღეს სრულდებოდა, თუმცა ამ ტენდერებიდან ნაწილი არ შედგა, ნაწილი კი შეწყდა. მათ სანაცვლოდ ახალი შესყიდვები გამოცხადდა.

“რაც შეეეხება ტენდერების ნაწილს, მიმდინარეობს 15 ტენდერი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გამოცხადდა. ამ ტენდერების ერთი ნაწილი 25 მაისს, მეორე კი 27 მაისს სრულდება. ერთი თვე არის პერიოდი, რომ პროექტების კონცეფციები წარმოადგინონ და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება, დაიწყოს შესაბამისი სამუშაოები. გამოიკვეთა 14-15 პროექტი, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს თავად ჰქონდათ დამუშავებული და ამ კუთხით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს მუნიციპალიტეტები ამ პროგრამის ფარგლებში განახორციელებენ ამ პროექტებს.

რაც შეეხება ჭიქაში ქარიშხალს, რომელიც თითქოსდა ტენდერებთან დაკავშირებით იყო, რეალურად ტენდერი სრულყოფილად იყო წარმოდგენილი, მის პირობებში ერთადერთი მუხლი ქმნიდა მისი ორაზროვანი აღქმის საფუძველს. იმისთვის, რომ ესეც კი გამორიცხული ყოფილიყო, შესაბამისად მოხდა დაზუსტება და 5 ტენდერი, რომელზეც საუბარი იყო რომ ჩაიშალა, ისინი შეწყდა იქიდან გამომდინარე, რომ კანონის მოთხოვნა და პროცედურულად მისი სტატუსი არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ რაიმე სხვა სახით მისი დაზუსტება განხორციელებულიყო. დანარჩენი 10 ტენდერი კი მიმდინარე მდგომარეობაში დაზუსტდა,”- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

"განახლებული რეგიონები" 500-მილიონიანი პროგრამაა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აპრილის ბოლოს დაანონსა.  მთავრობის განცხადებით, 4 წელზე გადანაწილებული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს სპეციალური კომისია შეარჩევს.  პროგრამასთან კითხვები აქვს უმრავლესობიდან წამოსულ დეპუტატ ბექა ლილუაშვილს. გიორგი გახარიას ყოფილი მრჩევლის განცხადებით, მსგავს პროგრამას საქართველოს ბიუჯეტი საერთოდ არ ითვალისწინებს. შესაბამისად გაურკვეველია, თუ საიდან უნდა მოვიდეს მის დასაფინანსებლად სახსრები. 

მთავრობის მიერ 26 აპრილს მიღებული დადგენილების თანახმად, წელს ამ პროგრამის დაფინანსებისთვის განსაზღვრულია 130 მილიონი ლარი, რომელსაც უშუალოდ მუნიციპალური განვითარების ფონდი მისი 2021 წლის ბიუჯეტიდან დაფარავს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ამ თანხის მხოლოდ მიზნობრიობა იცვლება. 

"განახლებული რეგიონებისთვის" ბიუჯეტის შიდა რეკლასიფიკაციის შედეგად გამოყოფილი 130 მილიონი ლარის გარდა, პროექტისთვის 2021 წელს განსაზღვრულია კიდევ 90 მილიონი ლარი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთიდან მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა ჩაურიცხოს. შესაბამისად, ჯამში "განახლებული რეგიონების" ფარგლებში თვითმმართველობის არჩევნების წელს 240 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგემება (საიდანაც 130 მილიონი ისედაც ამ მიმართულებით უნდა დახარჯულიყო).