მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ტოვებენ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიები ქართულ ბაზარს? - ირაკლი მარგველაშვილი

5f08b95d695f6
ინგა მურუსიძე
10.07.20 23:30
3001
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ფარმაცევტული კომპანიები ბაზარს ტოვებენ არის ის, რომ რეგულატორული გარემო ვერ იცავს საერთაშორისო კომპანიებისთვის შესაფერის პირობებს, - ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა, ირაკლი მარგველაშვილმა BMG-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა.

„პროცესი ახლა არ დაწყებულა და არ არის დაკავშირებული პანდემიასთან. უკვე რამდენიმე წელია ფარმაცევტული კომპანიები ხურავენ მათ წარმომადგენლობებს. მათი პროდუქცია ნაწილობრივ რჩება, მაგრამ წარმომადგენლობა აღარ ფუნქციონირებს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ რეგულატორული გარემო ვერ იცავს საერთაშორისო კომპანიებისთვის შესაფერის პირობებს. რეგულაციები არ არის იმ დონეზე, რომ ამ კომპანიებმა თავი იგრძნონ დაცულად. გარდა ამისა, ეს კომპანიები მოქმედებენ საერთაშორისო სტანდარტებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ეკრძალებათ, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ან ექიმები დააინტერესონ, რომ გარკვეული მედიკამენტის გამოწერის სანაცვლოდ გარკვეული მედიკამენტი მიიღონ. ეს არის საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა, თუმცა საქართველოში არიან კომპანიები, რომლებიც ამ სტანდარტს არ მისდევენ. შესაბამისად, ევროპული კომპანიები ხვდებიან არაკონკრენტულ გარემოში“, - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

თუმცა ის დასძენს, რომ ფარმაცევტული კომპანიების ბაზრიდან გასვლა არ არის უნიკალური შემთხვევა მხოლოდ საქართველოსთვის, და ისინი ტოვებენ ისეთ ქვეყნებს, სადაც პრობლემის მოგვარებისკენ ნაბიჯები არ იდგმება.

„უნდა გადაიდგას ნაბიჯები ეთიკური რეგულაციების კუთხით“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ძალიან ძნელია 4-5 წლის პროგნოზის გაკეთება, მაგრამ არა იმიტომ, რომ პანდემიაა და „საქართველოს კანონმდებლობა საჭიროებს დახვეწას“.

მარგველაშვილის თქმით, ძირითადი მიზეზი, რის გამოც ფარმაცევტული კომპანიები ბაზარს ტოვებენ და პროგოზებს ვერ აკეთებენ არის შემდეგი - დასახვეწია რეგულატორული გარემო, საჭიროა ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალი კანონი და საჭიროა კანონმდებლობის დახვეწა ყველა მიმართულებით.