მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ტოვებს "ხუდონჰესის" პროექტს "ტრანს ელექტრიკა" - ახალი დეტალები

5ed500357e645
დავით ჯალაღონია
01.06.20 18:08
1985
35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა საქართველოში "ხუდონჰესის" მშენებლობა დაიწყო, პროექტის იდეა კი, 1970-იან წლებში გაჩნდა. ყველაზე მეტი სამუშაო სწორედ საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩატარდა, როცა ჰესის გარკვეული ნაგებობები აშენდა და დღესაც, სოფელ ხაიშში, სამუშაოების კვალი შემორჩენილია თუნდაც იმ გვირაბების სახით, რომელთა დახმარებით კაშხალში წყალი უნდა დაგუბებულიყო. პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის ფონზე შეჩერდა და მას შემდეგ, მშენებლობა ვერცერთმა ხელისუფლებამ განაახლა.

რა ხდება დღეს? - ეკონომიკის სამინისტრო იმ ინვესტორთან წყვეტს ხელშეკრულებას, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში წარმოადგენდა ამ პროექტს. ეს ინდური კომპანია "ტრანს ელექტრიკაა", რომელსაც საქართველოში "ტრანს ელექტრიკა ჯორჯია" წარმოადგენს. ეკონომიკის სამინისტრო ამ თემაზე დამატებით განმარტებებს არ აკეთებს.

როგორც BM.GE-ისთან "ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას" ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ ვესაუბრეთ, თავად ინვესტორმა გადაწყვიტა პროექტიდან გასვლა.

"აჟიოტაჟი ატყდა. მე მგონი, ეს არის ცივილური ფორმა, რომ კომპანია და სახელმწიფო ერთმანეთთან საუბრობენ გასვლის ხელშეკრულების შედგენაზე. ეს არ არის კონფლიქტი და ბევრმა ინგლისური თარგმანი ისე წაიკითხა, თითქოს კომპანიასთან ომს იწყებდეს სახელმწიფო. ასე არ არის, მიმდინარეობს მოლაპარაკება, ხუთეულის აუდიტორები შეაფასებენ იმ დანახარჯებს, რაც კომპანიამ გაწია, ეს მშვიდობიანად დამთავრდება და დაიწყება ახალ ინვესტორზე ფიქრი.

რაც შეეხება გაყრის მიზეზს - კომპანია 2008 წელს შემოვიდა. პირველი 4 წელი არაფერი უკეთებია, 2012 წელს დაიწყო ინტენსიური მუშაობა, ველზეც გაკეთდა უამრავი სამუშაო, ეს არის გეოლოგიური შესწავლები თავიდან, ტექნიკური პროექტის თავიდან გადახედვა, ასევე, სეისმური დარაიონების რუკის და ა.შ... ეს უამრავი სამუშაო ჩაატარა, მაგრამ ვერ მოხერხდა მრავალი მიზეზის გამო, რომ პროექტი მშენებლობის ეტაპზე გადასულიყო, აქედან გამომდინარე, ინვესტორისთვის ეს ძალიან რთული აღმოჩნდა და მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ გავიდეს ქვეყნიდან", - განმარტა მირცხულავამ.

მას არ დაუკონკრეტებია, დაახლოებით, რა ხარჯი გასწია წლების განმავლობაში "ტრანს ელქტრიკამ" ამ პროექტის განვითარებისთვის.

"ვერ გეტყვით, დაიქირავებენ აუდიტორულ კომპანიას, რომელიც დეტალურად შეისწავლოს და იმედია, ეს იქნება ძალიან რეალური ფასები და არა - გაბერილი და არ დაზარალდება არც სახელმწიფო და არც ყოფილი ინვესტორი, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ მომავალი ინვესტორის გადასახდელი იქნება ის თანხაც, რაც ახლა დაიხარჯება", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება "ხუდონჰესის" განვითარების ხელისშემშლელ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობას, დავით მირცხულავა ფიქრობს, რომ თუ სოფელ ხაიშის მაცხოვრებლები, სადაც ეს ჰესი უნდა აშენდეს, მაქსიმალურ ფინანსურ სარგებელს მიიღებენ, პროექტის გაგრძელება შესაძლებელი იქნება.

"ჰიდროსადგურმა უნდა მისცეს მოგება მთელი თავისი ექსპლოატაციის პერიოდში ამ მოსახლეობას. მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ ის მცირედ, მაგრამ გარკვეული პროცენტის მფლობელია იმ ენერგეტიკული ობიექტის. ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა და ასეთი შემოსავლის წყარო თუ ექნებათ, არა მგონია, ვინმემ უარი თქვას მშენებლობაზე", - განაცხადა დავით მირცხულავამ.

შეგახსენებთ, რომ Trans Electrica BVI-სა დ Trans Electrica Georgia-სთან სთან საქართველოს მთავრობამ ხუდონის 702-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით პირველი მემორანდუმი 2011 წელს გააფორმა. მას შემდეგ დოკუმენტში არაერთი ცვლილება შევიდა. 2015 წელს განახლებული მემორანდუმის მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსადგურის აშენების შემდეგ იღებდა ვალდებულებას, რომ აშენებიდან 15 წლის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ტარიფად შეეძინა გამომუშავებული ელექტროენერგია. კერძოდ, PPA ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ პირველი 8 წლის განმავლობაში "ხუდონის" გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული ტარიფი კილოვატზე 10.5 აშშ ცენტი იქნებოდა.

"ხუდონჰესი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტია, მისი საინვესტიციო ღირებულება $1 მილიარდს შეადგენს.

ცნობისთვის: ეკონომიკის სამინისტრომ, ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ დოკუმენტში, ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში, რომელიც ყოველწლიურად განახლებადი დოკუმენტია, „ხუდონჰესი“ ისევ გაითვალისწინა. ამჯერად სამინისტრო ვარაუდობს, რომ 2026 წელს ქართული ენერგოსისტემა „ხუდონჰესის“ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას მიიღებს.