მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უფასურდება ლარი? - ბექა ლილუაშვილის პასუხი

606196a18f9ee
ინგა მურუსიძე
29.03.21 17:49
4716
29 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 1.28 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3846 ლარი გახდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 30 მარტიდან შევა ძალაში. ამ დროისთვის კი, bloomberg-ის პლატფორმაზე 1 დოლარი 2.38 ლარად ივაჭრება. 

დღესვე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, 2020 წელს საქართველოს საგადასახდელო ბალანსი ანუ ქვეყანაში შემომამავლი და გამავალი სავალუტო ნაკადების მოცულობა კვლავ დეფიციტური იყო, თანაც დეფიციტის მოცულობა COVID-19-ის კრიზისის გამო ორჯერ გაიზარდა და მან მინუს $2 მილიარდი დოლარი ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 12.3% შეადგინა.

რატომ უფასურდება ლარი? - ჰკითხა დღეს მედიამ "ოცნების" დეპუტატს და ყოფილი პრემიერის ყოფილ ეკონომიკურ მრჩეველ ბექა ლილუაშვილს, რომელმაც ვალუტის კურსის მკვეთრი გაუფასურების რამდენიმე მიზეზი დაასახელა.

„მდგომარეობა უნდა გავიაზროთ, თუ რა ხდება დღეს: საუბარია პანდემიის მესამე ტალღაზე, გვაქვს მოცემულობა, როცა გლობალური ეკონომიკური კრიზისია და სხვა ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტა, მათ შორის თურქეთის და რუსეთის, მნიშვნელოვნად უფასურდება. მაგალითად, ლირა მკვეთრად გაუფასურდა, ეს ყველაფერი კი, გავლენას ახდენს ჩვენი მოქალაქეების, თითოეული თქვენთაგანის განწყობებზე, რომ ეს პროცესები აისახება ლარზე; მოლოდინები გეცვლებათ ანუ თუ გესაჭიროებათ დოლარის შესყიდვა, დროზე ადრე ახორციელებთ ტრანზაქციას, ეს სავალუტო ბაზრისთვის დამატებითი წნეხია. გარდა ამისა, ტურისტული სექტორი, რომელიც ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა, სწორედ პანდემიიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, არ არსებობს, რაც ლარის კურსისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა ეს პროცესები არ მიდის მხოლოდ საქართველოში და ის მაქსიმალურად მართვადია საქართველოს ეროვნული ბანკის და ხელისუფლების მხრიდან, რათა ეს მდგომარეობა დაბალანსდეს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
 
რაც შეეხება იმას, რა გავლენა ექნება ვაქცინაციას ტურიზმის აღდგენაზე და შესაბამისად, რამდენად დაეხმარება ლარის კურსის სტაბილურობას, დეპუტატი ამბობს, რომ "ვაქცინაციასთან მიმართებით განწყობები და მოლოდინები არ აღმოჩნდა იმ მასშტაბის და იმდენად პოზიტიური, რომ ნეგატიური მოლოდინები გადაეფარა".

"ვაქცინაციის პროცესი გლობალურად მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა მასშტაბები არ არის ისეთი, რომ გამოწვევებს გაუმკლავდეს. თქვენ უფრო შეიკავებთ თავს მოგზაურობისგან, მიუხედავად იმისა, ვაქცინირებული ხართ თუ - არა. სწორედ ასეთი მაგალითები ახდენს გავლენას. ვაქცინაციის ტემპები უნდა გავზარდოთ, თუმცა ვაქცინაციასთან ერთად, საჭიროა აქტიური ეკონომიკური პოლიტიკა იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკური გამოწვევები დავძლიოთ“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის და გასამყარებლად მნიშვნელოვანია, ეკონომიკური პოლიტიკა FDI-ის მოზიდვაზე იყოს ორიენტირებული, რადგან უცხოური ინვესტიციები ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა.