16.სექტემბერი .2020 11:40

რატომ უფასურდება ლარი? - ნათია თურნავას განმარტება

views 1998
უკან

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ საქართველოში ვალუტის კურსის რყევები ზომიერი და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია.

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღეა ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს. 15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი, ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებით ღირებულების 2% დაკარგა.

„ახალი არ არის ის, რომ საქართველო არის გლობალური ეკონომიკის ნაწილი და მთელი მსოფლიო კრიზისშია შესული. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც დიდი გამოწვევა და სიმძიმეა, მაგრამ თუ დავაკვირდებით ლარის ბოლოდროინდელ დინამიკას, მიუხედავად ტურიზმის, საგარეო ვაჭრობის და სხვა შეზღუდვებისა, ეს დინამიკა არ არის მაინცდამაინც დიდი რყევებით გამორჩეული. ვალუტის კურსის რყევები არის ზომიერი. რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებითაც ჩვენი მაჩვენებლები პროცენტულად დაბალია. ვფიქრობ, არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს, რომ უფრო გაღრმავდეს კრიზისი ლარის კრსთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ნეგატიური მოლოდინები გავლენას ახდენს ლარის კურსზე და ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების პარალელურად, შესაძლოა, მოლოდინებიც გაჩნდა, რომ მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები დაწესდებოდა.

„შესაძლოა, გაჩნდა გარკვეული მოლოდინები, მათ შორის ბიზნესში, რომ მთავრობა მიმართავს საყოველთაო საკარანტინე ღონისძიებებს და შესაძლოა, მოხდეს ბიზნესის შეზღუდვა. ვიმეორებთ - საყოველთაო შეზღუდვები არ დაწესდება, ეკონომიკა იმუშავებს - ვფიქრობთ, ეს გაანეიტრალებს ნეგატიურ მოლოდინებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი იმ პოზიტიურ დინამიკაზეც საუბრობს, რაც მისი თქმით, სხვადასხვა მიმართულებით არის.

„ბოლო დროს ინფლაციის მაჩვენებელში კლება შეინიშნება. ეკონომიკური ვარდნა გრძელდება, მაგრამ ვარდნის ტემპიც სუსტდება. ბოლო რამდენიმე თვეში ადგილობრივი წარმოების ექსპორტი იზრდება, გზავნილებიც იზრდება და ეს ყველაფერი გვაძლევს პოზიტიური მოლოდინების საფუძველს“, - აღნიშნა თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა