29.სექტემბერი .2022 10:16

რატომ უნდა დავაწესოთ რუსეთთან სავიზო რეჟიმი?

რატომ უნდა დავაწესოთ რუსეთთან სავიზო რეჟიმი?
views 603
უკან

გაზრდილი მიგრანტების შემოსვლის ფონზე რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთთან ლიბერალური სავიზო რეჟიმი სასწრაფოდ უნდა დაწესდეს, ხოლო საზღვარზე შემოსვლის მსურველებს ელექტრო ანკეტები უნდა შევავსებინოთ, რომ აღიარებენ უკრაინისა და საქართველოს ერთიანობას.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში აუცილებელია ქვეყანაში შემოსვლის მსურველებმა წერილობით აღიარონ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და დაგმონ ძალადობა. ჩეჩელაშვილის შეფასებით, ეს დაეხმარება ქვეყნის შესაბამის სამსახურებს საფრთხეების აწონვისა და ადეკვატურ პოლიტიკის გატარებაში.

„აუცილებლად დასაწესებელია სავიზო რეჟიმი, არ ვიცით რეალურად არაფერი ამ მიგრაციული ნაკადების თაობაზე, ვინ, რისთვის ან რამდენი ხნით შემოდის. თუნდაც იმისთვის, რომ შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინონ ანალიზი, შეიმუშაონ რეკომენდაციები და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ამისთვის მარტივად შეიძლება შემსუბუქებული რეჟიმი დავაწესოთ, ელექტრო ანკეტები, სადაც საბაზისო მონაცემებს და მათ პოლიტიკურ შეხედულებებს გამოამჟღავნებენ ტრადიციულ კითხვებზე პასუხით, რომლებიც ისედაც უსვამენ მგონი ჩვენი მესაზღვრეები. მაგალითად, ვის ეკუთვნის აფხაზეთი, ვის ეკუთვნის ყირიმი, მხარს უჭერთ თუ არა რუსეთის აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში.

თუ სავიზო რეჟიმი არ დაწესდა, არ გვექნება ამის გაგების საშუალება. ვიზის ანკეტის შემვსები პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ პოზიციაზე, ვინაიდან იცის, რომ ეს ანკეტა შეიძლება ჩაუვარდეს რუსეთის ხელისუფლებასაც. ამიტომ ეს არ არის მარტივი, ეს ფიქსირდება და არსებობს პირად ფაილებში, თუ არ გინდა დარჩი რუსეთში, თუ გინდა გადაკვეთო საზღვარი შეავსე ანკეტა”, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

მას ეჭვი ეპარება, საქართველოს ხელისუფლება სრულად ფლობდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება საზღვრებზე.

„საქართველოს ხელისუფლება შეიძლება არ გეგმავს, მაგრამ მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ეს საქართველოს პრობლემის სიმძაფრეს ვერ მოხსნის, ვინაიდან ის ხალხი რომელიც უკვე შემოსულია, მათზეც არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია. ზოგი მართლა უთანაგრძნობს უკრაინას, ზოგი ომის მხარდამჭერ ნიშნებს იკეთებს გულზე, რაც მიუღებელია საქართველოს მოსახლეობისთვის, ეს ცხადყოფს, რომ არ ვიცით რა ხდება ჩვენს თავს და რა საფრთხეებთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ბოლო 10 დღის განმავლობაში რუსეთიდან შემოსულ და რუსეთში გასულ პირთა რაოდენობის შესახებ, ყოველდღიური ინფორმაცია გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში რუსეთის 46 734 მოქალაქე შემოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა