მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა ჰყავდეს “ნამახვანჰესის” პროექტს ქართველი დირექტორი? - ნათია თურნავას პასუხი

604d01cba0cb4
BM.GE
13.03.21 22:16
2876
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა იმ შეთანხმებების შესახებ, რაც მთავრობასა და "ნამახვანჰესის კასკადის" პროექტის ინვესტორ კომპანია ENKA Renewables-სთან შედგა. მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს ქართველი დირექტორი უხელმძღვანელებს, რაც ნათია თურნავას განმარტებით კომუნიკაციის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებს შეამცირებს. ნათია თურნავას თქმით, საქართველო ნებისმიერი ქვეყნის ინვესტორისთვის არის გახსნილი, ამ შემთხვევაში ქართველი დირექტორის შერჩევის საკითხი გახდა აქტუალური, რათა პროექტთან დაკავშირებული კომუნიკაცია უფრო ეფექტიანი გახდეს. 

"ინვესტორის ეროვნებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩვენ ვართ გახსნილი ეკონომიკა, ამიტომაც ვლიდერობთ იმ რეიტინგებში, სადაც საინვესტიციო გარემოს ღიაობას აფასებენ, რადგან ნებისმიერი ქვეყნის ინვესტორი ჩვენთვის არის მისაღები, მისასალმებელი და სანატრელი. 

რატომ მაინც და მაინც ქართველი დირექტორი? - იმიტომ რომ ჩვენც ვაღიარებთ, რომ კომუნიკაციის პრობლემა გვქონდა და დღემდე გვაქვს ეს პრობლემა. თუმცა, ხედავთ, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ მის გამოსწორებას და ის გადაწყვეტილებებიც რაც მივიღეთ არის კომუნიკაციების შედეგი. ქართველი დირექტორის საკითხიც არის იმ წუხილის ერთ-ერთი ნაწილი, ეს თავად კომპანიამ შემოგვთავაზა, რადგან თქვეს, რომ “რაღაცას ეტყობა ისე არ ვაკეთებდით”, რაც ეხებოდა კომუნიკაციის ნაკლებობას. ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ საზოგადოებასთან თუ მოსახლეობასთან კომუნიკაცია შედგეს მაღალი ხარისხით. ენობრივი ბარიერები თუ სხვა განსხვავებებიც არის ზოგჯერ ისეთი რამ, რაც გაუგებრობას ქმნის. როდესაც დირექტორს ენობრივი ბარიერიც აქვს, გადის მოედანზე და იქ აღელვებული ადამიანები ხვდებიან, წარმოიდგინეთ ამ დროს კომუნიკაცია რთულია, რადგან ამ ადამიანებთან დიალოგში უნდა შეხვიდე და დაამშვიდო. შესაბამისად, ეს ამ საკითხის ერთი ნაწილია.

მეორე ნაწილია ის, რომ ქართველი დირექტორის აყვანის ვალდებულებას ჩვენ ვერ დავაძალებდით კომპანიას, ეს შეთანხმებით მოხდა და თავადაც მივიდნენ ამ დასკვნამდე. მათი მხრიდან არის აღიარება, რომ საქართველოში გვყავს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე მენეჯერები. 

სავარაუდოდ ჩვენთან კომუნიკაციით აირჩევა [დირექტორი], ჩვენ აქ ღია კონკურსს არ ვაცხადებთ, რადგანაც საკითხი არის სასწრაფოდ გადასაწყვეტი. ვფიქრობთ, რომ კომპანიამ უნდა თქვას თავისი გადამწყვეტი სიტყვა, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა იქნება ამ კომპანიის დირექტორის წინაშე. დირექტორის ფუნქცია მხოლოდ კომუნიკატორობა არ იქნება, მისი ფუნქცია იქნება ის, რომ ადგილზე გაუძღვრეს მშენებლობას. დირექტორობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს კვალიფიკაცია ან ენერგეტიკოსის, ან მშენებლის ან მენეჯერის პოზიციაზე საქმიანობის. მას უნდა ჰქონდეს კარგი საკომუნიკაციო უნარებიც, რადგანაც სამშენებლო მოედანზე მენეჯერს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, უნდა იყოს სანდო და კეთილსინდისიერი და უნდა იყოს პატრიორი, რომელიც არამარტო კომპანიის, არამედ სახელმწიფო ინტერესებსაც გაატარებს,"- გადაცემა "რეალურ სივრცეში" განაცხადა ნათია თურნავამ. 

ინვესტორთან მიღწეული შეთანხმებით, „ნამახვანი ჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ კვლევების გადამოწმება არ მოხდება; შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი, კომპანიაში დაინიშნება ქართველი დირექტორი და პროექტის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო.

ნათია თურნავას თქმით, თუკი ამ დამატებითი კვლევებით გამოიკვეთება აუცილებლობა, რომ პროექტის სქემაში შევიდეს ცვლილებები, ინვესტორი ამ ცვლილებებს განახორციელებს.

"გადავადებინეთ ინვესტორს ყველაზე უფრო კრიტიკული ნაწილი, რაც წარმოადგენს 105-მეტრიანი კაშხალი და 530 ჰექტარის ფართობის წყალსაცავის შექმნა, რაც არის ტექნიკურად ყველაზე რთული ნაგებობა. გადავადებინეთ და ვთქვით - კლიმატის, სეისმიკის, მეწყერების და კაშხლის მდგრადობის მიმართულებით ჩავატაროთ კიდევ ერთი კვლევა. ამ ნაწილში ჩვენ ვიქირავებთ ყველა მხარის მიერ ნდობით აღჭურვილ ადგილობრივ სამეცნიერო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და NGO-ებს, რათა გადაამოწმონ. 

კითხვა იყო თუ გადამოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ პროექტში რაღაც ცვლილებები უნდა შევიდეს ამაზე რას იზამს ინვესტორი? თუ ამ გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ის კვლევა, რაზე დაყრდნობითაც პროექტი შედგა არ არის ბოლომდე სრულყოფილი, რაღაც ნიუანსებს ბოლომდე არ ითვალისწინებს ეს არის ინვესტორის რისკი. ინვესტორს შეიძლება ამით გაუძვირდეს პროექტი, მაგრამ ეს არის მისი რისკი და ვალდებულები არიან ახალი გარემოებების გამოკვეთის შემთხვევაში რაღაცეები შეცვალონ,"- განაცხადა თურნავამ.