მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა მივიდნენ მოქალაქეები აქციაზე „შინ ევროპისკენ“? - მოსაზრება

62b07f5b123fc
თელარა გელანტია, შოთა ტყეშელაშვილი
20.06.22 18:45
1262
ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BMG-სთან დღეს 20:00-ზე დაგეგმილი აქციის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ შეკრებაში მონაწილეობის მიღებით საქართველოს მოსახლეობა დაამტკიცებს, რომ ისინი ქვეყნის თავისუფალი და სამართლიანი მომავლისადმი ერთგულებას ინარჩუნებენ. 

ამასთანავე, თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, ევროკავშირის მიერ წინაპირობებად განსაზღვრული თორმეტივე მუხლი პირნათლად შეასრულოს. 

"პირველ რიგში, თავმოყვარეობის ამბავია <აქციაზე წასვლა>. ქვეყანამ უნდა გამოხატოს თავისი აზრი, თავისი ცოდნა, მოსაზრება, ფუნქცია და ერთგულება საკუთარი ქვეყნის მომავლის წინაშე. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ერთგულები ვართ იმ მომავლისკენ, რომელიც თავისუფლების, კეთილდღეობის, სამართლიანობის პრინციპზე იქნება აგებული.

ევროკომისიამ მოგვცა 12 პუნქტი შესასრულებლად და უნდა ვაიძულოთ <ხელისუფლება>, რომ დროში გაწერილი პროექტები შემოგვთავაზოს ანუ რომელ პუნქტს რა დროში, რომელ თვეში შეასრულებენ და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი; ყველაფერზე დეტალური ინფორმაცია უნდა მოგვცენ. ასევე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ რომელიმე პუნქტი არ შესრულდა, რის გამო არ შესრულდა და ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი. ყველა თვის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ანგარიში უნდა ჩააბაროს, რომელი პუნქტი არის შესრულებული, რომელ პუნქტში წავედით წინ და რომელ პუნქტში სჭირდებათ საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლის დახმარება და გვერდში დგომა, რომ ეს დავალება შევასრულოთ მაქსიმუმ დეკემბრის 10 რიცხვამდე, დეკემბრის პირველ კვირამდე.

ამასთან, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს პუნქტები იმ ხარისხით შევასრულეთ, რომ ევროპამ მიიღოს და ვიცოდეთ, მოსაწონია თუ არა. ევროკავშირში უნდა ავიყვანოთ ლობისტთა ჯგუფი, რომლებიც კონსულტაციას გაგვიწევენ სწორად მივდივართ თუ არა, რათა ისე არ აღმოჩნდეს, რომ ჩვენ გავგზავნეთ და მათ არ გაითვალისწინეს, არ ჩაგვითვალეს. ვფიქრობ, საკმარისი დროა სწორი მენეჯმენტით და სწორი კონსულტაციებით და მრჩევლებით, რომ ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე. ყველაფერი დროში და პიროვნებებში უნდა იყოს გაწერილი; აი, ამისთვის მივდივარ მე <აქციაზე>. მე მინდა, რომ ეს მოთხოვნა არსებობდეს და ოპოზიციაც და ხელისუფლებაც შეთანხმდეს ამაზე. დღეს არის 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობა", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ინტერვიუს დროს BMG-მ ბიზნესმენს კითხვა დეოლიგარქიზაციაზეც დაუსვა, რომელიც ევროკომისიამ სტატუსის მინიჭების ერთ-ერთ პირობად ჩაგვიწერა. "ვინ იგულისხმა ევროკომისიამ ოლიგარქში?" - ვკითხეთ თემურ ჭყონიას.

"რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია ნაგულისხმევი, აბა, მე რომ ოლიგარქი არ ვარ და მაგის თავი არ მაქვს, ფაქტია", - ამბობს ბიზნესმენი და იქვე დასძენს, რომ მთავარია, დეოლიგარქიზაციაში ევროპა დარწმუნდეს, რადგან საქართველომ დავალება მისგან მიიღო.

"თუ ევროპა ირწმუნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი არიან ოლიგარქები, კი ბატონო, პრობლემა არაა", - ხუმრობით თქვა ჭყონიამ.

ამასთან, ბიზნესმენის აზრით, 12 პუნქტს შორის ყველაზე რთულია პუნქტი, რომელიც სასამართლოს რეფორმას შეეხება.

"უნდა დაგიჯერონ, რომ მიდის სასამართლოს რეფორმა. ამისთვის კი, უნდა გვყავდეს სერიოზული კონსულტანტი, რომელიც იტყვის, რომ საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო რეფორმა და სწორი მიმართულებით მიდის მუშაობა. მოკლედ, ჩვენი მოთხოვნა <ხელისუფლებისადმი> უნდა იყოს დავალების დროში გაწერილი შესრულება და ეს უნდა იყოს შეთანხმებული ევროკავშირთან. შედეგები მათ უნდა გავუგზავნოთ. ამ ყველაფრის შესრულებას სჭირდება მცოდნე ადამიანი.

ბუნებრივია, პოლიტიკური ნება აუცილებელია, მაგრამ ამ პირობების შესრულებას სჭირდება პროფესიონალები, რომ შეცდომა არ დავუშვათ. ამიტომაა აუცილებელი ვადა, პიროვნებები და პროგრამები. იქ კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა, რომ უნდა იყოს კონსოლიდაცია და არ უნდა იყოს პოლარიზაცია.

პოლარიზაცია რომ არ იყოს, კეთილი ინებონ და ოპოზიციაშიც არსებობენ ჭკვიანი ადამიანები, ხომ არ შეიძლება ერთ პარტიაში იყოს მხოლოდ ჭკვიანი და მთელი საქართველო - შტერი?! იქაც არიან ჭკვიანები და ოდნავ მოითმინონ, ჩამოართვან ხელი <სახელისუფლებო და ოპოზიციურმა პარტიებმა> და თქვან, რომ ვმუშაობთ მხოლოდ 12 პუნქტის გარშემო," - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები