18.სექტემბერი .2020 15:06

რატომ უწევთ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა, უცხოელებს კი - არა - თურნავას განმარტება

views 774
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ის პრინციპი და აუცილებლობა განმარტა, რომლის თანახმადაც აქ ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა უწევთ, უცხოელებს კი - არა. ნათია თურნავამ ამ თემაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ოპოზიციას უპასუხა - ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა.

„საქართველოს მოქალაქეები, ვინც ჩამოდიან, კარანტინში ხვდებიან, რომლის ხანგრძლივობაც ეტაპობრივად მცირდება - ამ თვალსაზრისით ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მსოფლიო მიღწევებს. უცხოელი მოქალაქე გაცილებით მარტივი სამონიტორინგოა მისი შემდგომი კავშირების კვლევის თვალსაზრისით, თუ ის ინფიცირებული აღმოჩნდება. თუმცა, მოგეხსენებათ, ახლა უცხოელების მიმართაც გავამკაცრეთ მიდგომა და სავალდებულოა PCR ტესტი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, გაცილებით მარტივია იმ უცხოელების კონტაქტების მოძიება და კონტროლი, ვინც საქართველოში ნაცვალგების ქვეყნებიდან შემოდის. რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ერთი ოჯახის წევრს უწევს კარანტინის გავლა, ხოლო მეორეს - არა, ამის შესახებ ნათია თურნავა განმარტავს, რომ ოჯახის მეორე წევრსაც სრული უფლება აქვს, კარანტინი გაიზიაროს.

„ამას გარდა, იმისთვის რომ ჩვენი მიკვლევადობა სრულფასოვანი იყოს, რაც ჩვენი ანტიპანდემიური ღონისძიებების სიძლიერეა - ჩვენ ძალიან სწრაფად ვაკეთებთ ვირუსის თითოეული კერის ლოკალიზებას, რაც დიდადაა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოვიკვლევთ კონტაქტებს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან დაკავშირებით როგორც მინისტრი აღნიშნავს, აქ დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს გაცილებით მეტი სოციალური თუ სამუშაო კონტაქტები აქვთ, შესაბამისად, გაცილებით დიდ რისკს ქმნიან ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.

„ჩვენ იმიტომ ვართ ძლიერები ანტიპანდემიურ ღონისძიებებში, რომ პირველივე დღიდან ვეყრდნობოდით ჩვენი ეპიდემიპლოგების, ჩვენი მედიკოსების რჩევებს. ეს არის ჩვენი ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია და მას იქამდე აღვასრულებთ, ვიდრე ამისი საჭიროება იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა, რომელშიც პარლამენტის პლენარულ სხდომაში ინტერპელაციის წესით, ფრაქცია „ევროპულმა საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.