მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უწოდა ხალხმა "აგენტების შესახებ" დღეს მიღებულ კანონპროექტს "რუსული კანონი"? - განმარტება

640798c70711a
ალა ისპირიანი
08.03.23 00:04
1469
რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის თქმით, დღეს პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს სრულიად სამართლიანად უწოდა ხალხმა "რუსული კანონი". იგი განმარტავს, რატომაა ეს "წოდება" სამართლიანი.  

"საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ მიღებულ კანონს საერთო არ აქვს რუსეთში 2012 წელს მიღებულ ანალოგიური დასახელების კანონთან, და რომ რუსული კანონი არის ბევრად დრაკონული. გუშინ პარლამენტში შევეცადე ამეხსნა მმართველი ძალის დეპუტატებისთვის, თუ რა არის საერთო რუსულ კანონსა და ქართულ კანონპროექტს შორის, მაგრამ არავინ მათხოვა ყური. მინდა გარკვეული სიცხადე შევიტანო აღნიშნულ საკითხში:

1. რუსული კანონი ეხება მხოლოდ არაკომერციულ ორგანიზაციებს და კერძო მედიასაშუალებებს, ისევე როგორც ქართული კანონპროექტი. არც-ერთი სხვა ქვეყნის ანალოგიური სახის კანონმდებლობა არ ზღუდავს თავისი მოცვის არეალს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებით. აშკარაა, რომ ორივე კანონი მიზნად ისახავს არასამთავრობო სექტორის დისკრიმინაციას.

2. რუსული კანონპროექტი აწესებს გარკვეულ თანხას (6700 ევრო) რომლის ზევითაც უცხოეთიდან მიღებული შემოსავალი საკმარისია, რომ ორგანიზაცია აიძულონ დარეგისტრირდეს უცხო ქვეყნის (ძალის) გავლენის აგენტად. საქართველოს შემთხვევაში ეს ქვედა ზღვარი უცხო წყაროდან მიღებული შემოსავლის 20%-ია (რაც საშუალოდ უტოლდება რუსეთში დაწესებულ ქვედა ზღვარს). არცერთი სხვა ქვეყანა არ იცნობს ანალოგიურად დაბალ ფინანსურ კრიტერიუმს იმისთვის, რომ ორგანიზაცია აღიარონ აგენტად.

3. 2012 წლის რუსული კანონი მეტად ჰგავს ამერიკულს ვიდრე ქართული, რადგან აგენტად აღიარებისთვის ფინანსური შემოსავალი არ წარმოადგენს ერთადერთ და საკმარის პირობას. პირველი და უმთავრესი პირობაა, რომ ორგანიზაცია ეწეოდეს პოლიტიკურ აქტიურობას. ამ თვალსაზრისით რუსული კანონი ნაკლებ "უსამართლოა" თუ ასე შეიძლება საერთოდ ითქვას. ქართული პროექტი მხოლოდ იმისთვის არქმევს ორგანიზაციას "უცხო ძალის გავლენის აგენტს", რომ იგი ახორციელებს გარკვეულ პროექტებს უცხოური გრანტებით, რაც საერთოდ არცერთი ქვეყნის პრაქტიკაში არ მოიპოვება.

4. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რუსულ კანონში გათვალისწინებული ჯარიმები თავისი ოდენობითაც კი იგივეა რაც ქართულ კანონპროექტში (მაგალითად რუსეთში რეგისტრაციისგან თავის არიდება ისჯება 10 000 $ ჯარიმით, ქართულ კანონში კი იგი სახის დარღვევა ისჯება 25 ათასი ლარით), ყველაფერი ეს ბადებს სამართლიან ეჭვს, რომ კანონპროექტს საფუძვლად დაედო სწორედ რუსული ვერსია.

ამიტომ, არავითარ "სტიგმატიზებას" ადგილი არ აქვს. დღეს პირველი მოსმენით მიღებულ ქართულ კანონპროექტს სრულიად სამართლიანად უწოდა ხალხმა "რუსული კანონი"", - წერს იგი სოციალურ ქსელში.