22.იანვარი .2020 19:30

რატომ უზბეკეთი - "თიბისი ბანკის" ცენტრალურ აზიაში შესვლის მიზეზი

views 490
უკან

თიბისი ბანკმა უზბეკეთში კომერციული ბანკის შესაქმნელად, ქვეყნის ცენტრალური ბანკისგან წინასწარი ნებართვა უკვე აიღო. TBC-ის გეგმის მიხედვით, უზბეკეთში ახალი თაობის, ციფრულ სერვისებზე დაფუძნებული კომერციული ბანკი უნდა შეიქმნას.

უზბეკეთი - ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე დახურული ქვეყანა სწრაფი ტემპებით იცვლება.

პრეზიდენტ შავკათ მირზოევის მთავრობა ქვეყანაში იმ ძირითადი რეფორმების გატარებას იწყებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის ჩამოშლის შემდეგ არ განხორციელებულა.

სასამართლო სისტემის რეფორმა, ეკონომიკური ცვლილებების პროგრამა, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობის, მიწის, წიაღისეულის, საბაჟო და სხვა მიმართულებების მხრივ ქვეყნის ლიბერალიზაციას მოიცავს.

უზბეკეთი გლობალური ეკონომიკისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართაც ეტაპობრივად იხსნება. მოქალაქეთა პოლიტიკური თავისუფლებების კუთხით, ქვეყანა კვლავ არასახარბიელო პოზიციაზეა, თუმცა, მთავრობა მის თანდათანობით გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. 32.3 მილიონი მაცხოვრებლით უზბეკეთი ცენტრალურ აზიაში ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა.

ბოლო რამდენიმე წელია, უზბეკეთი საერთაშორისო ვიზიტორებისთვისაც იხსნება, ტაშკენტის, ბუხარისა და სამარყანდის ძეგლებს ახლა სულ უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს.

ქვეყნის გარდაქმნის ამ პროცესში ქართული საკონსულტაციო ფირმებიც მონაწილეობენ, ისინი უზბეკეთის მთავრობას ბიზნესის კეთებისა და სხვა საერთაშორისო რეიტინგებში წინსვლის გამოცდილებას უზიარებენ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2018 წლის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველობითი უნარის (PPP) მიხედვით, ერთ მოსახლეზე 11,428 დოლარს შეადგენდა. ეს უზბეკეთში არსებულ 8,498 დოლართან შედარებით 2,930-ით მეტია.

საქართველოს შედარებითი სიმდიდრის მიუხედავად, უზბეკეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უფრო მაღალია და სავალუტო ფონდის მიერ 2024 წლის ბოლომდე 6%-ის დონეზე არის პროგნოზირებული.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი შაგიძემ გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, რომ უზბეკეთის ბაზარზე შექმნილი ახალი ბანკი თავდაპირველად საცალო დაკრედიტებაზე იქნება ორიენტირებული.

შაგიძის თქმით, ეს იქნება ახალი თაობის საბანკო დაწესებულება, რომელიც მომხმარებლებთან ინტერაქციას ძირითადად ელექტრონული სერვისებისა და თვითმომსახურების სისტემებით გამოყენებით დაამყარებს.

“ჩვენ ვსაუბრობთ არა ტრადიციულ ბანკზე, არამედ თანამედროვე ტიპის საბანკო სისტემაზე, რასაც ჩვენ Next Generation Bank-ს ვეძახით. ეს იქნება ჭკვიანი ფილიალები, რომლებიც თვითმომსახურების აპარატებით აღიჭურვება. ეს თანამედროვე სიტყვაა საბანკო მიმართულებაში.

დავიწყებთ რითეილით, შემდეგ გადავალთ მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურებაზე, იქნება იპოთეკური სესხები... ჩვენ არ ვაპირებთ უზბეკეთში კორპორატიული კლიენტების მომსახურებას. კორპორატიული კლიენტების გარდა, ყველა ტიპის პროდუქტი იქნება შეთავაზებული. ეს იქნება შეთავაზებები უფრო თანამედროვე პლატფორმებზე, თანამედროვე და არა ტრადიციული მეთოდებით.

უზბეკეთი ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი და მზარდი ქვეყანაა. 33 მლნ არის ქვეყანაში მოსახლეობა; მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ რასაც პენეტრაციას ვეძახით, ანუ საბანკო პროდუქტების შეღწეევადობის დონე არის საკმაოდ დაბალი და ახლა იზრდება და ხდება მისი ძალიან სწრაფი ზრდა; მესამე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უზბეკეთი იმყოფება რეფორმების ძალიან სწორ გზაზე და სიახლეების დანერგვის თვალსაზრისით, ჩვენი საქართველოში დაგროვებული გამოცდილება ძალიან გამოგვადგება და შეგვიძლია გავუზიაროთ უზბეკეთში.

ეს სამი ძირითადი კომპონენტია, რამაც ჩვენი ყურადღება მიიზიდა და შარშანწინ დავიწყეთ უზბეკეთის ბაზრის ანალიზი, შარშან შევიძინეთ Payme და შევიყვანეთ Vendoo და აი, წელს უკვე გადავდივართ აქტიურ საბანკო ოპერაციებზე“, - განაცხადა გიორგი შაგიძემ.

ინტერვიუ - გიორგი შაგიძე უზბეკეთში "თიბისი ბანკის" შესვლის შესახებ

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა