მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვართ ჩამორჩენილი ვაქცინაციის პროცესში? - დეპუტატის კითხვა ჯანდაცვის სამინისტროს

602b78ff32bfc
ინგა მურუსიძე
16.02.21 11:49
1058
საქართველო covax-პლატფორმის ფარგლებში ვაქცინის პირველ დოზებს თებერვლის ბოლომდე ელოდება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, Pfizer-ის 29 250 დოზის საქართველოში ჩამოტანა „თებერვალს არ გადაცდება“ და მის ტრანსპორტირებას covax-ი უზრუნველყოფს. ასევე, გასულ კვირას ეკატერინე ტიკარაძემ გააჟღერა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარტის პირველ ნახევარში, საქართველო კიდევ 150 ათას დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინას მიიღებს, თან covax-პლატფორმის გარეშე ანუ პირდაპირ მწარმოებლისგან. 

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ 2016-ში აღებული და გამოუყენებელი €100 მლნ-ის სესხი კოვიდ-კრიზისზე და ვაქცინებზე დაიხარჯება. კერძოდ, 2016 წლის 9 დეკემბერს საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 100 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლითაც ქვეყანაში რეგიონული განვითარებისთვის სხვადასხვა პროექტი უნდა განხორციელებულიყო. სესხის დამტკიცების მიუხედავად, მთავრობამ განსაზღვრული პროექტების განხორციელება ვერ შეძლო, პანდემიური ვითარების ფონზე კი, ამ რესურსის კოვიდ-კრიზისზე გადამისამართების შესახებ მოლაპარაკებები გამართა და სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიკაცია შედგა პარლამენტში, სადაც ვაქცინაციის თემაზე მთავრობის წევრებს კითხვები დეპტატებმაც დაუსვეს. 


მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბეჟან წაქაძის თქმით, ვაქცინაციისთვის ფინანსები რომ საჭიროა, გასაგებია და ამაზე უარს ვერავინ იტყვის, თუმცა "ოცნების" დეპუტატისთვის გაუგებარია, რატომ არის საქართველო ვაქცინაციის კუთხით „ჩამორჩენილი“.

„საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა მაჟორიტარობის კანდიდატები ვიყავით, ჯერ კიდევ სექტემბერში, მოსახლეობას ვეუბნებოდით, რომ ვიქნებოდით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ვაქცინას მიიღებდა. თქვენ ამბობდით, რომ თანხები გადახდილი იყო და წამოვიდოდა ვაქცინა. გამოდის, რომ მსოფლიოში ყველაზე ბოლო ვართ. ქვეყნებმა დაიწყეს ვაქცინაცია და საქართველოში კი, ის არ არის. ეს იყო ნათქვამი სექტემბრიდან. რა ხდება? რატომ ვართ ჩამორჩენილი? შეიძლება სხვა ქვეყნებიც არიან, სადაც არ დაწყებულა ვაქცინაცია, თუმცა რატომ ვართ ასე, როცა ჩვენს ირგვლივ, მეზობლებში უკვე დაიწყო ვაქცინაცია?“, - მიმართა ბეჟან წაქაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას.

თავის მხრივ, ეკატერინე ტიკარაძის მოადგილემ უპასუხა, რომ მეზობელი სახელმწიფოები იყენებენ რუსულ და ჩინურ ვაქცინას, რაც საქართველოს არ უნდა.

„რეგიონში გამოყენებულ არც ერთ ამ ვაქცინას ჯერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს, ხოლო ჩვენთან ჯანმოს ავტორიზაციის გარეშე ვერც ერთი ვაქცინა შემოვა. ამას ადასტურებს კანონი; როცა ავტორიზაცია იქნება, მივყვებით პროცესებს. მოსალოდნელია, რომ მეორე-მესამე კვარტალი იქნება აქტიური ვაქცინების მოწოდების კუთხით, ამდენად, ნამდვილად არ ჩამოვრჩებით სხვა ქვეყნებს და ვფიქრობთ, ეფექტური იქნება ის პროცესი, რასაც დავიწყებთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ "საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიწყებს ვაქცინაციას".

მისი თქმით, საქართველო „კოვაქსის“ წევრი 72 ქვეყნიდან იმ 18-ს შორის იქნება, რომელიც ერთ-ერთი პირველი დაიწყებს ვაქცინაციას.

„სხვა ქვეყნებზე ადრე ვაქცინაცია დაიწყო აშშ-მა, ისრაელმა და იმ ქვეყნებმა, ვინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა წარმოებაში, ან მწარმოებლის ქვეყანაა ან დიდი წინასწარი გადასახადი გადაიხადა. თანხა შეიძლებოდა ჩვენც გადაგვეხადა, თუმცა აქ მოცემულობა იყო ის მექანიზმი, თუ რამდენი შეიძლება მოითხოვოს ქვეყანამ მაქსიმუმი, ეს იყო 20% კოვაქსის ფარგლებში და წესებს გავყევით. ასევე, მთავარი და მნიშვნელოვანი იყო მზაობა და ეს მზაობა დავადასტურეთ. შერჩეულია უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და საქართველო, რომლებშიც ვაქცინების პირველი დოზები შევა ანუ ეს პროცესი მიჰყვება იმ გეგმას, რაც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.