მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვართ ღარიბი ქვეყანა? - მამუკა ხაზარაძის კითხვები გიორგი კაკაურიძეს

60c8834d17d4b
ინგა მურუსიძე
15.06.21 15:00
889

"უკვე 7 წელია მინისტრის მოადგილე ხართ და თქვენი გადმოსახედიდან რატომ ვართ ღარიბი ქვეყანა?", - ამ კითხვით მიმართ პარტია "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს ფრაქციის სხდომაზე.

"თქვენ ამ პერიოდის განმავლობაში თქვენს გუნდთან ერთად, რა გააკეთეთ ან რა უნდა გაგეკეთებინათ? ხელისუფლებაში ყოფნის 9 წელი საკმარისია, რომ რადიკალურად შეცვალო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. რა გააკეთეთ, რომ ეს სიღარიბის პარამეტრი არათუ შეგეცვალათ რადიკალურად ანუ გაგეუმჯობესებინათ, არამედ რაც უფრო შორს მივდივართ, უფრო ღატაკდება ქვეყანა. ამიტომ მითხარით, რამ შეგიშალათ ხელი? იდეა გქონდათ და ვერ განახორციელეთ? მენეჯმენტი არ გეყოთ? რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გამოსულიყო სიღარიბიდან?", - მიმართა კაკაურიძეს ხაზარაძემ.

მისი შეფასებით, ფრაქციის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილის გამოსვლა "ბუღალტერია იყო და მეტი არაფერი".

"თქვენ საუბრობთ მხოლოდ ციფრებით და ეს საუბარი არ ესმის მოქალაქეს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გეკითხებით, რატომ ვართ ასეთ სიღარიბეში? პასუხი უნდა გქონდეთ, რომ გქონდათ რაღაც იდეა და შეგეშალათ ხელი ან იდეა არ გქონდათ და ა.შ. გარდა ამისა, თქვენ თქვით, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა შეიძლება არ არის კარგი, მაგრამ - 10%-იანი მიუღწეველია. აქ ჩემთვის ყველაფერი მთავრდება. თქვენ არ გაქვთ ამბიცია და შესაბამისად, თქვენს სამინისტროს არ აქვს არანაირი გეგმა, რომ მთელი ქვეყანა მობილიზებული იყოს 10% ან 12%-იან ზრდაზე. თქვენ პირდაპირ ეუბნებით მოსახლეობას, რომ სულ ვიქნებით ღარიბი ქვეყანა, რადგან 5%-იანი ზრდა ამ ქვეყანაში ნიშნავს იმას, რომ 50 წლის შემდეგ შეიძლება ვიყოთ ე.წ ბულგარეთის ზომის ეკონომიკა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ლელოს" ლიდერის თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებული 10%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რადგან სინამდვილეში წელს ეკონომიკური ზრდა იქნება 4,5%.

ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან პოლემიკის დროს მამუკა ხაზარაძემ წარმატების მაგალითად მოიყვანა ირლანდია, რომელიც ამბიციური, პროფესიონალური მენეჯმენტის წყალობით, დღეს ევროკავშირში მეორე ეკონომიკაა.

"იქნებ გაემგზავროთ და იმ ადამიანებს ჰკითხოთ, რა გააკეთეს?", - მიმართა კაკაურიძეს მამუკა ხაზარაძემ.

გარდა ამისა, დეპუტატმა მინისტრის მოადგილეს ყალბი დღგ-ის ცნობილი საქმეც შეახსენა.

"როგორ მოხდა, რომ ფინანსთა სამინისტროში მომუშავე 3 000 ადამიანს, რომელთაც ბიუჯეტი გაბარიათ, 170 მილიონი ლარი მოგპარეს ყალბი დღგ-ის შექმნის გზით?! როგორ მოხდა, რომ 3 000 კაცს, 170 მილიონი "აგახიეს"? და ვინ დაისაჯა? ვინ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა? არავინ გადამდგარა, მიუხედავად იმისა, რომ როცა 170 მილიონს მოგპარავენ, უკვე სქემაა. ყველა მაღალი თანამდებობის პირი ადგილზე ხართ და რა მოხდა? წვრილფეხობა დაიჭირეთ? როგორ უნდა გენდოთ მე თქვენ, როგორც მოქალაქე და ჩაგაბაროთ ქვეყნის ბიუჯეტი?", - იკიტხა დეპუტატმა.

მამუკა ხაზარაძემ ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს ყოფილი პრემიერის ის დაპირებაც შეახსენა, რომელიც განათლებაში მშპ-ის 6%-ის მიმართვას შეეხებოდა. "მიუხედავად იმისა, რომ არც წინა და არც იმის წინა პრემიერი არ მომწონდა, რადგან ხედვა არ ჰქონდათ, ეს ნაწილი მომეწონა. ჩვენი ქვეყნის გადარჩენა არის განათლებაში და თუ რამეში უნდა ჩაიდოს ფული, ეს არის სწორედ განათლება", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.