მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვაშენებთ საბჭოური სტანდარტებით და როდის ამოქმედდება ე.წ ევროკოდები?

6176ce12f1ef0
ელენე გოგბერაშვილი
25.10.21 21:40
936
ქვეყანაში შენობა-ნაგებობების დიდი ნაწილი დღემდე საბჭოური სტანდარტებით შენდება. ქვეყანას უკვე აქვს სამშენებლო კოდექსი, რომელიც აჩენს ვალდებულებას ქვეყანამ საერთაშორისო სამშენებლო კოდები ანუ ე.წ ევროკოდები დანერგოს, თუმცა დღემდე მშენებლობა ისევ ძველი სტანდარტებით მიმდინარეობს.

ევროკოდები, რომელიც შენობების კონსტრუქციის, დაპროექტების, სეისმომედეგობის და კიდევ ბევრ სხვა მშენებლობასთან დაკავშირებულ წესს ადგენს, ეკონომიკის სამინისტრომ თარგმნა, თუმცა იმისთვის, რომ ის ამოქმედდეს სავალდებულოა დოკუმენტს თან უნდა ეროვნული დანართიც ახლდეს, რაც ჯერ სამინისტროს შემუშავებული არ აქვს.

გარდა იმისა, რომ დღეს ქვეყანა ძირითადად საბჭოურ სტანდარტს იცნობს, არსებობს დადგენილებაც, რომელიც 33 ქვეყნის ტექნიკურ რეგლამენტს აღიარებს, რომლის შესაბამისადაც შესაძლებელია ქვეყანაში მშენებლობების განხორციელება.

სპეციალისტები პრობლემას სწორედ ამ ნაწილში ხედავენ. არქიტექტორთა კავშირის ხელმძღვანელი თვლის, რომ არ შეიძლება ქვეყანას რამდენიმე სტანდარტი ჰქონდეს.

„პრობლემა არ არის საბჭოური სტანდარტებით მშენებლობა, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში მოქმედებს დადგენილება, რომ შესაძლებელია ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ, თუ ის დაასაბუთებს, ნებისმიერი ქვეყნის სტანდარტით ააშენოს. პრობლემა ეს დგას. ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ერთი კანონი იყოს ევროპულ კანონთან ჰარმონიზაციაში და მეორე მის საპირისპიროდ. არ შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა ქვეყნის სტანდარტები, ეს არის ცუდი.

თუმცა ამით არ არის გამოწვეული დღევანდელი პრობლემა. დღევანდელი პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ, რაც საბჭოური წყობიდან გამოვედით, ამას გადავაყოლეთ ბევრი სიკეთე, ბევრი ნორმა, რომელიც ჩვენნაირი ქვეყნისთვის იყო ხელსაყრელი. რას ვგულისხმობ? მაგალითად დღეს ქვეყანაში მოქმედებს სახანძრო უსაფრთხოების წესები ( 41-ე დადგენილება), ეს არის აშშ-ს სტანდარტებზე დაყრდნობით, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ამერიკული სტანდარტი არის მაღალი სტანდარტი. როდესაც ჩვენ ისეთი ქვეყნის სტანდარტი შემოგვაქვს, რომელიც მაღალ ტექნოლოგიებს ითვალისწინებს და ჩვენ ამას სათანადოდ ვერ უზრუნველვყოფთ, აქ არის ზუსტად წინააღმდეგობა. ქვეყანამ უნდა შეარჩიოს მისი განვითარების ეტაპი და მას უნდა შეუსაბამოს სამშენებლო ტექნოლოგიაც“, - აცხადებს დავით აბულაძე.

ახალი სამშენებლო კოდექსის ავტორი კობა ყალიჩავა კი თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას კოდექსი აქვს, უნდა არსებობდეს ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი, რაშიც გაიწერება რა მიმართულებით მიდის ქვეყანა. მისი შეფასებით, დღემდე ქვეყანას არცერთი სტანდარტი/რეგლამენტი ევროკოდების შესაბამისად არ აქვს შემუშავებული, ამ მხრივ არსებული ქაოსური ვითარება კი ბევრ პრობლემას ქმნის.

„გვაქვს ეკლექტიკა, არის ამერიკული ნორმები, საბჭოური ნორმები, აღიარებული ასევე რამდენიმე ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტის მითითებით, რომ რომელიმე ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტი შეიძლება იყოს გამოყენებული. ცალსახად ამ სფეროში არის საჭიროება, ქვეყანამ შეიმუშაოს ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა, სადაც გაიწერებოდა ცალსახად რა მიმართულებით მივდივართ ევროპული კოდების მხრივ.

ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს, არის ერთი მხრივ ამერიკული სტილის სტანდარტი, რაც შეუსაბამოა ჩვენს რეალობაში და ხშირად უყენებს დეველოპერს ან მომხმარებელს არარელევანტურ მოთხოვნებს. მეორეა საბჭოური ნორმები, რომელიც შემუშავდა 1990 წლებამდე და დღეს იმდენად ახალი მიმართულებები გვაქვს თუნდაც სამშენებლო მასალების მხრივ, ვეღარ ეწევა ახალ მოთხოვნებს. ანუ ამერიკული ნორმები და საბჭოური ნორმები გადასახედია და როგორც კოდექსი ითხოვს ევროპულ კოდებზე გადასვლაა, ეს არ არის ახირება, ამაზე უნდა იყოს ცალსახად ორიენტაცია“, - აცხადებს კობა ყალიჩავა.

ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო კოდექსის შესაბამისად მომავალი წლიდან ქვეყანაში სამშენებლო და საპროექტო პროცესში ჩართული სპეციალისტების სერტიფიცირება უნდა დაიწყოს. როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ანა საბახტარიშვილ განმარტავს, შეუძლებელია ამ პროცესს წინ არ უძღოდეს ახალ სტანდარტზე გადასვლა, რადგან დღეს ქვეყანაში არსებული სპეციალისტები ძირითადად მხოლოდ საბჭოურ სტანდარტებს იცნობენ.

„ჩვენ ველოდებით კონკრეტულად გაწერილ გეგმას, რომლის აღსრულებაც მალევე უნდა დაიწყოს, რადგან 2022 წლის 1 ოქტომბრიდან უნდა მოხდეს სერტიფიცირების პროცესი ინჟინრების, კონსტრუქტორების, არქიტექტორების. რა თქმა უნდა წარმოუდგენელია სერტიფიცირების დაწყება ისე, რომ სერტიფიცირების პროცესში ადამიანებს მოუწიოს ძველი სტანდარტების ჩაბარება და ბუნებრივია ამას წინ უნდა უძღოდეს ახალ სტანდარტზე გადასვლა“, - აცხადებს საბახტარაშვილი.

როგორც ცნობილია ევროკოდები არ ფარავს ისეთ მშენებლობებს, რომელიც დაკავშირებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან, გვირაბების მშენებლობასთან, ასევე ის არ ვრცელდება 200 მეტრს ზემოთ მშენებლობებზე, ამიტომ ასოციაცია მთავრობას მიმართავს, ქვეყანამ აირჩიოს ისეთი ქვეყნის სტანდარტი, რომელიც მორგებული იქნება საქართველოს რეალობაზე და დაფარავს ამ ტიპის ინფრასტრუქტურას.

როგორც გავარკვიეთ სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ჯერ ახალ სტანდარტზე გადასვლის სავალდებულოობის შემოღებას არ აპირებს, როგორც სააგენტოს წარმომადგენელმა თათია ბერიკაშვილმა განგვიცხადა, 10 ევროკოდიდან, ჯერ მხოლოდ ერთი აქვთ გაგზავნილი დასარეგისტრირებლად. სრულად ეს პროცესი კი 2022 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მათი თქმით, თავდაპირველად საერთაშორისო სტანდარტები სავალდებულო არ იქნება, თუმცა როდის შევა ძალაში ევროპული წესები, რომელსაც დიდი ხანია ელოდება როგორც კერძო სექტორი ისე სპეციალისტები, ჯერ ამაზე პასუხი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას არ აქვს.