მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ აითვისა წყალმომარაგების კომპანიამ ათეულობით მლნ ლარი – აუდიტის ანგარიში

5ef846935c665
დავით ჯალაღონია
28.06.20 11:35
1354
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" 2017-2018 წლებში ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ვერ აითვისა – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.

როგორც აუდიტის მიერ წყალმომარაგების კომპანიის 2017-2018 წლებში განხორციელებული საქმიანობის ანალიზიდან ირკვევა, თანხების აუთვისებლობის ძირითადი მიზეზი საინვესტიციო პროექტების არაჯეროვანი მართვაა.

"ბიუჯეტის ათვისების ნაკლოვანებები:

- „რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, მთავრობის განკარგულებებით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები კომპანიამ სრულად ვერ აითვისა. 2017 და 2018 წლების ბოლოსთვის აუთვისებელი თანხების ჯამმა შეადგინა 14,243,474 ლარი. ამის გარდა, „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ 5 პროექტისათვის 2017 წელს გამოყოფილი 28,444,310 ლარი, კომპანიამ საერთოდ ვერ აითვისა. ზემოაღნიშნული პრობლემები საინვესტიციო პროექტების არაჯეროვანი მართვის შედეგია. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების სამიზნე მომხმარებლებს ოზურგეთში, ყვარელში, ხარაგაულში, ფასანაურში, გუდაურში, ფოთში, მარნეულსა და ბაკურიანში თავდაპირველად დადგენილ ვადებში არ მიეწოდათ გაუმჯობესებული კომუნალური მომსახურებები.

- 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აზიის განვითარების ბანკთან გაფორმებული 6 სასესხო ხელშეკრულებით დამტკიცებული 477,533,244 აშშ დოლარის რესურსიდან, ათვისებულია მხოლოდ 217,173,863 აშშ დოლარი (45%). ამასთანავე, პროექტების განხორციელების ვადების გახანგრძლივების შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი საკრედიტო რესურსების შემცირების ხარჯზე, პროექტებს პროცენტის სახით დამატებით დაერიცხება, სულ მცირე − 7,446,152 ლარი. ზოგიერთ პროექტს, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სესხის აუთვისებლობის საურავის სახით დაერიცხა 2,203,543 ლარი.

კომპანიისა და სამინისტროს აპარატის არასაკმარისმა ქმედებებმა ვერ უზრუნველყო ინფრასტრუქტურული პროექტების თავდაპირველ ვადებში დასრულება. ამასთანავე, მასშტაბური საკრედიტო რესურსების გამოყოფის პირობებში, სასესხო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების თავდაპირველი ვადების რამდენჯერმე გახანგრძლივების შედეგად, გაიზარდა საპროცენტო ხარჯები და ამ პროექტების ბენეფიციარების უმეტესმა ნაწილმა დროულად ვერ მიიღო გაუმჯობესებული ურბანული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელებით მომსახურება. შესაბამისად, ვერ იქნა მიღწეული ქვეპროგრამის ძირითადი მიზანი − პროექტის ბენეფიციართა სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება", – წერს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

ამასთან უწყება წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტის ფორმირებისა და ბიზნესგეგმებთან დაკავშირებული ნაკლოვანებებზე მიუთითებს.

"ბიზნესგეგმის შედგენისას კომპანიაში არ ხორციელდება მარეგულირებელი ნორმებით გათვალისწინებული კალკულაცია და სათანადო დოკუმენტირება. ცალკეული მუხლების არასათანადო დაგეგმვის გამო, კომპანია საანგარიშგებო წელს ცვლილებებს ხშირად ახორციელებს, რაც კომპანიის განმარტებით, გამოწვეულია პროექტების მასშტაბურობიდან გამომდინარე გაუთვალისწინებელი ხარჯების სიხშირით და მათ დასაფარად საკმარისი საოპერაციო შემოსავლების არარსებობით.

ამასთანავე, კომპანიას მინისტრის ბრძანებისა და შესაბამისი დანართების გათვალისწინებით არ აქვს წარდგენილი როგორც 2013-2018 წლების აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, ასევე ბიზნესგეგმის დასამტკიცებელად გათვალისწინებული სრული ინფორმაცია", – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.