მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ და არ სარგებლობენ ხშირად მოქალაქეები უფასო PCR ტესტირებით? - პროტოკოლი

61e658290f189
თათია ჩაფიჩაძე
18.01.22 23:00
4020
თუ თქვენ ხართ კოვიდინფიცირებულის კონტაქტი და დაგეწყოთ ანალოგიური სიმპტომები (ტემპერატურა, ხველა, ყელის, თავის, კუნთების, გვერდების ტკივილი) კოვიდ 19-ის ტესტირება უფასოდ გეკუთვნით. სახელმწიფო ანაზღაურებს როგორც სწრაფ, ასევე PCR კვლევას, რომელიც ომიკრონის გავრცელების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც სწრაფი ტესტით ინიფიცრება შესაძლოა არ დადასტურდეს.

კერძოდ, პროტოკოლის მიხედვით, თუ ბოლო 72 საათის განმავლობაში სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში არ ხართ გატესტილი (უფასოდ), შეგიძლიათ მიხვიდეთ ნებისმიერ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პოლიკლინიკაში, სადაც პირველ ეტაპზე უფასოდ გაიკეთებთ სწრაფ ტესტს, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი შეგიძლიათ მოითხოვოთ PCR ტესტის გაკეთება, რისთვისაც თანხის გადახდა საჭირო არ არის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ მომსახურება უფასოა ოჯახის ექიმის დასკვნის საფუძველზე. ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა კი შესაძლებელია ტესტირების პუნქტში შესაბამისი სერვისის არსებობის შემთხვევაში, ან ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმებთან სატელეფონო კომუნიკაციის გზით.

არსებული პროტოკოლით ხელმძღვანელობენ კერძო სადაზღვევო კომპანიებიც. „ჯიპიაი ჰოლდინგში“ განმარტავენ, რომ ოჯახის ექიმის გარეშე სწრაფი და PCR კვლევის ჩატარება მხოლოდ მათ კლინიკა „კურაციოში,“ ელექტრონულად გაწერილი სისტემის საშუალებით არის შესაძლებელი, სხვა დაწესებულებაში კი ოჯახის ექიმის მიმართვაა საჭირო, რაზე წვდომაც ხშირად შეზღუდული რესურსის გამო პაციენტებს უგვიანდებათ. "ჯიპიაის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ მეტი მოქნილობისთვის უკეთესი იქნება თუკი პაციენტებს PCR-ზე წვდომა ადგილზე დახვედრილი მედპერსონალის გადაწყვეტილების მეშვეობით მიეცემათ.

„ჩვენ ვმოქმედებთ იმ პროტოკოლის მიხედვით, რაც გაწერილია და იქ მითითებულია, რომ ჩვენი დაზღვეული უნდა დაუკავშირდეს ჩვენი ოჯახის ექიმს და მის მიერ გამოწერილი მიმართვის საფუძველზე შეუძლია სხვა ლაბორატორიებში მომსახურების მიღება. თუ ოჯახის ექიმის მიერ არ არის გამოწერილი მიმართვა, ამ შემთხვევაში სხვა ლაბორატორიას შეიძლება შეექმნას პრობლემა ანაზღაურების მიმართულებით. როცა ეს მიმართვა არ არის, მაშინ სთავაზობენ ფასიან ტესტირებას.

იქ, სადაც ამ მომსახურების გამარტივება შეგვიძლია, არის ჩვენი კლინიკა. კარგი იქნება თუკი პროცედურა გამარტივდება და მიეცემათ საშუალება სიმპტომიან ადამიანებს იქვე გაიკეთონ PCR-ტესტი ოჯახის ექიმის მიმართვის გარეშე", - განაცხადა BMG-თან საუბრისას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა თამთა ყიფიანმა.