მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ დასრულდა მცხეთის გენგეგმაზე მუშაობა? - ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტება

616a9c390bec9
დავით ჯალაღონია
16.10.21 13:05
875
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, დღევანდელი მდგომარეობით, მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა ისევ არ დაუმტკიცებია. როგორც BMG-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა განუცხადა, დოკუმენტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.

"გენერალურ გეგმაზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ გვაქვს, კონცეფციის პროექტი შემუშავებულია, რომელზეც საჯარო განხილვა განხორციელდა და გვინდა, განვაახლოთ დისკუსია, როგორც მოსახლეობასთან, ისე ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გეტყვით, როდისთვის დავგეგმავთ ამ ღონისძიებებს, თუმცა კონცეფციის პროექტი მომზადებულია და ძალიან საინტერესოა.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ჩართულები გვყავდა საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის იკომოსისა და იუნესკოს ექსპერტები, რომლებიც საკმაოდ კარგ შეფასებას აძლევენ ამ გენგეგმის კონცეფციას. სამუშაო ძალიან ბევრია. ეს არის რეალურად იდეების გენერირება ამ დოკუმენტში, შემდეგ უკვე თითოეულის დამუშავებასა და განვითარებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი დრო და მოცულობითი სამუშაოა განსახორციელებელი და საჭიროება იმდენად დიდია მცხეთაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში, რომ ჩვენი მხრიდან სურვილი და მზაობა არის, მას შემდეგ, რაც გენგეგმის კონცეფცია და გენგეგმა დამტკიცებული იქნება, იუნესკოსთან შევათანხმოთ ის ქმედებები და სამუშაოები, რომლებიც უნდა განვახორციელოთ. ასე რომ ძალიან საინტერესო სამუშაო გველის წინ”, - განაცხადა მზია გიორგობიანმა.

კითხვაზე, გააჭიანურა თუ არა ახალი გენგეგმის მიღების პროცესი ადგილობრივ მოსახლეობასთან კონცეფციის ირგვლივ უთანხმოებამ, მინისტრის მოადგილემ პასუხად აღნიშნა, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით “არაერთგვაროვანი შეფასებებია”.

“ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ მიუღებლობაა. საკმაოდ საინტერესო კონცეფციაა, დანარჩენს დრო გვიჩვენებს”, - აღნიშნა მან.

ამ ეტაპზე, მცხეთაში მიწის განსხვისებასა და მშენებლობაზე მორატორიუმი გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის 160 ათასი ლარი ერთხელ უკვე დაიხარჯა, თუმცა უშედეგოდ.

მას შემდეგ, რაც მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შპს "სალის" მიერ მომზადებული დოკუმენტი დაიწუნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, 2018 წლის 16 მაისს, ამჯერად უფრო მოცულობითი შინაარსის დოკუმენტისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, ეკონომიკის სამინისტროს მცხეთის მუნიციპალიტეტის სრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებისთვის საპროექტო მომსახურება 2018-2020 წლებში უნდა მიეღო, ჯამურად 1 800 000 ლარის (დღგ-ს გარეშე) ფარგლებში.