მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ გამოისყიდა კაკაბაძეების ბიზნესჯგუფმა თამაზ სომხიშვილისგან წყალტუბოს აბანოები?

6286ab243ef13
თელარა გელანტია
20.05.22 09:00
3213

„ალბათ თანხის ერთიანად გადახდით მოხიბლა მთავრობამ თამაზი სომხიშვილი“, - ასე უპასუხა „რედაქტ2“-თან ინტერვიუში „B&N ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა დავით კაკაბაძემ კითხვას - რატომ არ გამოისყიდა მილიონერ თამაზ სომხიშვილისგან ე.წ. წყალტუბოს წყლები (ექვსი აბანო უძრავ-მოძრავი ქონებით), რომელშიც მთავრობამ 2021 წლის ბოლოს 8.1 მლნ დოლარი გადაიხადა.

საქმე ის არის, რომ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, მილიონერ ბადრი კაკაბაძის ოჯახი წყალტუბოში ორ აბანოს, ბალნეოლოგიურ კურორტ Park Resort Tskaltubo-ს, რესტორან „მაგნოლიას“ და სხვა აქტივებს ფლობს. როგორც ინტერვიუში დავით კაკაბაძემ განაცხადა, თამაზ სომხიშვილისგან აბანოების შეძენის სურვილი ჰქონდათ, მაგრამ მფლობელთან ფასზე ვერ მორიგდნენ.



- 2019 წელს ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებული განცხადების თანახმად, ის მზად იყო, წყალტუბოში ყველა სანატორიუმი და აბანო გამოესყიდა. ამ დროის განმავლობაში, მისი სახელით ვინმე დაგიკავშირდათ?

- სიმართლე გითხრათ, არ მივესალმები იმას, რომ ერთმა კაცმა იყიდოს მთელი კურორტი. დღეს მსოფლიოში რაც კეთდება, ყველაფერი კეთდება იდეით და მრავალფეროვნებით... მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, რუსეთიდან, მამაჩემისგან მივიღე ზარი - რას ფიქრობო - ვუპასუხე, რომ ცხოვრება გვაჩვენებს-მეთქი, რადგან როცა ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ მზად ვარ, ცხრავე აბანო გამოვისყიდოო, იქ ორი ჩემია და ანუ ესეც იგულისხმა... სიმართლე გითხრათ, ჩვენთან არავინ მოსულა წინადადებით - "მოდი, გაყიდეთო"... პირველივე დღიდანვე ერთი პირი მოვიდა, ვინაობას ახლა ვერ ვიტყვი, მაგრამ მთავრობაში მუშაობს და გვითხრა, რომ გვაქვს ხედვა, რომ ყველაფერი გამოვიტანოთ გასაყიდად და რაც ვერ გაიყიდება, მას იყიდის ბიძინა ივანიშვილიო... თუ თქვენ გაყიდვა არ გსურთ, არავინ გაძალებთ, პირიქით, პატივისცემით ვართ თქვენი ჯგუფის მიმართ იმ ინვესტიციებისთვის, რასაც წყალტუბოში ახორციელებთ და რადგან თქვენ ხართ პირველი ინვესტორი, დაადეთ ნებისმიერ სანატორიუმს ხელი, ჩვენ გვეცოდინება ამის შესახებ და როდესაც აუქციონი გამოცხადდება, შეძლებთ რომ იყიდოთო.

- მოკლედ, ბიძინა ივანიშვილის სახელით თქვენთან არავინ მოსულა აქტივების გამოსყიდვის შეთავაზებით?

- არა... პირიქით, ადგილობრივი მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო ცდილობს, რამენაირად კიდევ დამატებითი თანხები დამახარჯინოს წყალტუბოში.

- როგორც რამდენიმე კვირის წინ გავიგეთ, მთავრობამ სს „ბალნეოსერვისისგან“ გამოისყიდა 6 აბანო უძრავ-მოძრავი ქონებით, რომელშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მლნ დოლარი დაიხარჯა. ირკვევა, რომ აბანოების მფლობელი ბიზნესმენი თამაზ სომხიშვილი იყო. თქვენს ბიზნესჯგუფს არ ჰქონდა ამ აქტივის გამოსყიდვის სურვილი?

- რა თქმა უნდა, გვქონდა, რადგან წლიდან წლამდე მზარდია ვიზიტორები და 2-3 წელიწადში, შესაძლოა, გაზრდილ ნაკადს ვერ მოვემსახუროთ, ამიტომ ვეძებთ გზებს გაფართოებისთვის. ამდენად, ამ მიმართულებით <თამაზ სომხიშვილთან მოლაპარაკება იგულისხმება> ბევრი ენერგია გვაქვს დახარჯული. პირველად, ალბათ, ოთხი წლის წინ გავედით კონტაქტზე თამაზ სომხიშვილის წარმომადგენლებთან; შევთავაზეთ - გავერთიანდეთ და ერთად განვავითაროთ აბაზანები ან ვიყიდით თუ იქნება შესაძლებლობა-მეთქი. მაშინ 18 მილიონ დოლარად შეაფასეს, მერე 12 მილიონამდე ჩამოვედით, მაგრამ საბოლოოდ, კონსესუსამდე ვერ მივედით. ბატონ თამაზ სომხიშვილის წარმომადგენელთან ბოლო კომუნიკაცია შარშან წლის ბოლოს გვქონდა, მაგრამ ვერ შევთანხმდით.

- მთავარი მიზეზი ფასი იყო?

- დიახ... ჩვენ ბევრად უფრო ძვირად გვთავაზობდნენ, ვიდრე მთავრობას მიყიდეს ($8 მლნ);

- ანუ მთავრობა უფრო კარგი მომლაპარაკებელი აღმოჩნდა, ვიდრე - თქვენ?

- საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ვიცი ერთი რამ - წყალტუბოში ჩამოვიყვანე არაერთი ინვესტორი და ყველას ჰქონდა ერთი მთავარი კითხვა - რა ხდება თერმულ წყლებთან ანუ აბანოებთან დაკავშირებით, სად არის იმის გარანტია, რომ თუ სანატორიუმებს შევიძენთ, ინვესტიციებს ჩავდებთ და ტურისტებს მოვიზიდავთ, არ გაძვირდება თერმული წყლების სერვისი და ა.შ. ამდენად, მგონია, რომ მთავრობამ მიიღო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, როდესაც გადადგა ეს ნაბიჯი და ექსვივე აბანო გამოისყიდა.

- დავით, ჩემი კითხვა სხვა იყო - როგორ მოახერხა სახელმწიფომ თამაზ სომხიშვილისგან 8 მილიონ დოლარად აბანოების გამოსყიდვა, როცა თქვენ 12 მილიონად ვერ შეძელით? მთავრობა თქვენზე ყოჩაღი აღმოჩნდა?

- თამაზ სომხიშვილის წარმომადგენლებთან მე მქონდა მოლაპარაკებები იმაზე, რომ რომ 50%-ს გადავიხდიდი ახლა, შემდეგ სამ წელიწადში კი - დანარჩენს... შეიძლება, სახელმწიფომ ერთ დღეში თანხის გადახდით მოხიბლა ბატონი თამაზი <სომხიშვილი>.

- რთულია სახელმწიფოსთან კონკურენცია... არა?

- რამდენადაც მე ვიცი, სახელმწიფო აპირებს, აბანოები მართვის უფლებით გადასცეს სანატორიუმების მომავალ მფლობელებს 30, 40, 50 წლით ან შეიძლება, ცალ-ცალკე გაყიდოს. სახელმწიფო წაგებული არ დარჩება.

- თქვენ გაქვთ აბანოების ყიდვის სურვილი?

- დიდი სიამოვნებით ვიყიდი ერთ აბანოს.

- და ბოლოს, ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას, რატომ არ ავითარებდა ბიზნესმენი თამაზ სომხიშვილის ბიზნესჯგუფი აბანოებს?

- ვფიქრობ, ბატონმა თამაზმა ვერ დაინახა პერსპექტივა. მისი მენეჯმენტის ქვეშ ვერ გაამართლა ბიზნესაქმიანობამ.

- თამაზ სომხიშვილისთვისაც არ შეუთავაზებია ბიძინა ივანიშვილს აბანოების გამოსყიდვა?

- არ ვიცი. მე პირადად არ ვიცნობ ბატონ თამაზ სომხიშვილს... იცით, ჩემი აზრით, ერთი მფლობელის ხელში წყალტუბო ვერ იქნება საინტერესო - ესაა ჩემი ხედვა. წყალტუბოს უნდა ჰყავდეს 5-6 მფლობელი, რომ ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს წყალტუბოს განვითარებაში. წყალტუბო არაა მხოლოდ რეჰაბი. მოგეხსენებათ, მზადდება წყალტუბოს განაშენენიანების გენერალური გეგმა. გვეუბნებიან, რომ წყალტუბოდან მესტიისკენ ააშენებენ გზას... თუ წარმოვიდგენთ, რომ წყალტუბოში არსებულ ყველა სანატორიუმს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, მოეწყობა სარეკრეაციო და გასართობი სივრცეები, წყალტუბო იქნება დიდი კონფერენციების ჩატარების ადგილი; სწორი განვითარების შემთხვევაში, წყალტუბოს შეუძლია გახდეს დავოსის დონის კურორტი გახდეს.