მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ გაუძლო "აგარის შაქარმა" კონკურენციას? - კომპანიის პასუხი

5e901b4c6d7a3
ვიქტორია მღებრიშვილი
10.04.20 11:23
1809
"აგარის შაქარი" 2018 წლის შემდეგ, მუშაობას უკვე მესამედ, მიმდინარე წლის 1 ივნისს განაახლებს და მთავრობასთან შეთანხმების შედეგად 31 დეკემბრამდე "გარანტირებულად" იმუშავებს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას "აგარის შაქრის კომპანიის" დამფუძნებლის წარმომადგენელი ნიკოლოზ ნათბილაძე განმარტავს, მთავარი ის არის, რომ ქარხანა შეძლებს ადგილობრივი ბაზრისთვის საჭირო 50%-იანი წილით მომარაგებას და იმ 500-მდე ადამიანის დასაქმებას, რომლებიც ამ ქარხანაში წლების განმავლობაში მუშაობდნენ.

ნიკოლოზ ნათბილაძე გასულ წელს ქარხნის კონსერვაციაში გადასვლის მიზეზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ კომპანიამ შაქრის ბაზარზე არსებულ კონკურენციას ვერ გაუძლო და აქვე დასძენს, რომ წელს ისინი ეცდებიან იმპორტირებულ შაქართან მიმართებაში კონკურენტული ფასის შენარჩუნებას.

"მე განვმარტავ იმ მიზეზებს, რამაც ქარხნის კონსერვაციის რეჟიმში გადასვლა განაპირობა. პირველ რიგში, რადგანაც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაა ხელმოწერილი, ევროპული ქარხნები შედარებით უფრო მეტად დიდი წარმადობით მუშაობენ, ვიდრე ჩვენი ქარხანა - თუ ჩვენი ქარხანა, როცა დატვირთვა იყო, წლიურად 100 000 ტონას ამუშავებდა, ევროპული ქარხნები მილიონობით ტონას ამუშავებდნენ, შესაბამისად მათი თვითღირებულება, ახალ ბაზარზე შემოსვლა და ბაზრის ათვისება, მარკეტინგული სტრატეგია იმაზეა გათვლილი, რომ ყველანაირად კონკურენტუნარიანი პროდუქცია წარმოადგინონ ახალ ბაზარზე და შემოსულიყო საქართველოში, რამაც განაპირობა ის, რომ ჩვენი პროდუქცია ვერ ხდებოდა კონკურენტუნარიანი მათთან შედარებით, ეს იყო მიზეზი იმისთვის, რომ აგარის ქართულმა წარმოებამ კონკურენცია ვერ გაუწია ევროპული კომპანიების მიერ მოწვდილი პროდუქტის კონკურენტულ ფასს.

დღევანდელ დღეს ყველაზე მთავარი ის არის, რომ შარშანდელთან შედარებით ნავთობის ფასის დაცემასთან ერთად ნედლეულის ფასი დაეცა, მათ შორის შაქრის ნედლეულისაც და ამან ძირითადი დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჩვენ შეგვეძლო უფრო მეტად კონკურენტუნარიანი პროდუქცია გამოგვეშვა.

ჩვენ ვცდილობდით და ვიჭერდით, რომ ბაზარზე ყოფილიყო ერთნაირი ფასი იმპორტირებულსა და ადგილობრივ შაქარზე და ვფიქრობმ რომ მიმდინარე წელსაც "აგარის შაქრის" ფასი არ იქნება იმაზე ძვირი, ვიდრე დღეს არის", - განმარტა ნიკოლოზ ნათბილაძემ.