01.მაისი .2020 15:05

რატომ ვერ იხსნება ბაზრობები? - "სეს-ის რეგულაციების შესრულება შეუძლებელია"

views 456
უკან

მთავრობის გადაწყვეტილებას, 27 აპრილიდან ღია აგრარული ბაზრობების გახსნის შესახებ, ბაზრობების ადმინისტრაციის უმრავლესობა მოუმზადებელი შეხვდა. ამას ადასტურებს სტატისტიკაც. ქვეყანაში რეგისტრირებული 80 აგრარული ბაზრიდან ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი მოთხოვნები მხოლოდ 24-მა დააკმაყოფილა და მათ საქმიანობის განახლების უფლება მიეცათ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა გლდანის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციამაც. ბაზრობაზე მისულ მოვაჭრეებს კარი დახურული დახვდათ. ბაზრობის გარე ტერიტორიაზე კი, მუნიციპალური ინსპექცია ვაჭრობის უფლებას არ აძლევთ. მათ დღეს აქცია გამართეს და დემონსტრაციულად ათასობით ლარის ღირებულების პროდუქტი სანაგვე ურნაში გადაყარეს. ამბობენ, რომ მათ უკან ოჯახები დგას და ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ.

„იყო დაკეტილი, დავცალეთ ბაზარი და წავედით სახლში, დავემორჩილეთ კანონს. ახლა გაიხსნაო მოვისმინე ტელევიზიით, ყველამ ავიღეთ საქონელი, სად წავიღოთ? გლდანის ბაზარში 1500 მოვაჭრე დგას, ვერცერთი ვერ ვახერხებთ პროდუქციის გაყიდვას“, - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.



„ორი თვე ვიჯექით სახლში, გვითხრა დირექტორმა, რომ გაგვესუფთავებინა ბაზრის ტერიტორია, გავასუფთავეთ. ხელთათმანებს მოვიტანთო, პირბადეებს მოვიტანთო, დეზინფექციას მოვიტანო, მაგრამ ისეთ რაღაცას სთხოვენ, ვერ გააკეთებს და დაანება თავი. თუ გავხსნი 15 000 ლარით დამაჯარიმებენო და რა გავაკეთოო. ჩვენს უკან შვილები დგას, ჩვენ რა გავაკეთოთ?“, - აცხადებს კიდევ ერთი მოვაჭრე.

მოვაჭრეების ნაწილმა მალფუჭებადი პროდუქტები ნაგვის ურნაში გადაყარა.



„ამაში ფულია მიცემული, რა ვქნათ, ვინ გაგვცემს პასუხს ამაზე“, - აცხადებენ მოვაჭრეები.

ზურაბ გოგოლაძე, ბაზრის დირექტორი:

„იმდენად რთული რეგულაციები აქვს სურსათის ეროვნულ სამსახურს, რომ მისი შესრულება ცოცხალი ადამიანებისთვის შეუძლებელია. პირსაბანები ყოველ 2 მეტრში, მანქანების დეზინფექცია, თერმოსკრინინგი უპირობო მოთხოვნაა და ასევე მყიდველების უსაფრთხოების დაცვა.

ინფრასტრუქტურა გამართული გვაქვს, მაგრამ ეს ტექნიკური წვრილმანებია შესასრულებელი, რაზეც პასუხისმგებლობას დაგვაკისრებენ ჩვენ, მაგრამ ფიზიკურად ამას ვერავინ შეასრულებს.

მესაკუთრე ბაზარში არის რამდენიმე, ყველას აქვს თავისი ინტერესი. როდესაც შეუშვებ მყიდველს, ვისთან მივა ის მყიდველი, ამას ვინ გააკონტროლოლებს, თვითონ იმ მოვაჭრესაც არ აწყობს, რომ ერთი კაცი მივიდეს და დაელოდონ ახლა ჩემთან რომელი მოვაო. აზრი არ აქვს ასე შეშვებას. საგანგებო მდგომარეობა რომ დასრულდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში თუ მოვახერხებთ ფუნქციონირების გაგრძელებას.

რა უნდა გააკეთოს მოვაჭრეებმა ვერ ვხვდები. თერმოსკრინინგის აპარატების პრობლემაც არის, ფიზიკურადაც არ არის და საკმაოდ ძვირიცაა. ველოდებით როდის შემსუბუქდება რეგულაციები, სხვა არაფერი შეგვიძლია”.