მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ იყიდება წყალტუბოს სანატორიუმები? - ანდრო ჯიშკარიანის რჩევა მთავრობას

645501b1b4603
თელარა გელანტია
05.05.23 22:00
1654
სასტუმრო „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტის“ დამფუძნებლის და დირექტორის ანდრო ჯიშკარიანის აზრით, წყალტუბოში არსებული სანატორიუმების რეალურ ფასად პრივატიზაციისთვის და ინვესტორების მოსაზიდად ჯერ კურორტზე მოთხოვნა უნდა გაიზარდოს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვის პასუხად განაცხადა.

საქმე ის არის, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული პროგრამის - „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, სსიპ ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაყიდად აუქციონზე 14 სანატორიუმი გამოიტანა, მაგრამ ჯერჯერობით, მხოლოდ ორი გასხვისდა.

„ჯერ ფულს ჩავდებდი მარკეტინგულ კამპანიებში, რათა წყალტუბოში დასვენებაზე მოთხოვნა გაზრდილიყო ანუ არსებულ სასტუმროებს დავტვირთავდი, რაც გაადვილებდა სანატორიუმების რეალურ ფასად პრივატიზაციას, საინვესტიციო ვალდებულებით“, - ასეთია ანდრო ჯიშკარიანის რეკომენდაცია მთავრობის ეკონომიკური გუნდისადმი.

„ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტის“ დამფუძნებელმა გადაცემაში თავისი სასტუმროს მაგალითიც მოიყვანა იმის დასტურად, რა შემთხვევაში გაზრდიდა კომპლექსის ნომრების რაოდენობას და დამატებით ინვესტიციას ჩადებდა.

„ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტის“ ტერიტორიის ფართობი არის 16 ჰა და საკუთრებაში გვაქვს 21 000 კვ/მ ფართის შენობები, საიდანაც დღეს ათვისებული გაქვს 137 ნომერი და კიდევ სარემონტოა 90 ნომერი; რადგან ძირითადი ინვესტიცია გაწეულია ანუ გვაქვს აუზი, სპა-სამედიცინო ცენტრი, 350 კაცზე გათვლილი რესტორანი, ნომრების გაზრდის მიზნით ინვესტირება ყველაზე სარფიანი იქნებოდა, მაგრამ, დღესდღეობით, ამაზე მოთხოვნა არ არსებობს. წყალტუბოში სასტუმროების მიწოდება მაღალ სეზონზეც კი უფრო მეტია, ვიდრე - მოთხოვნა.

აქედან გამომდინარე, ინვესტორი უყურებს რეალურ მონაცემებს და შესაბამისად, ფულს დებს იქ, სადაც ხედავს პერსპექტივას. დრო ფული ღირს და ფულიც ფული ღირს. თუ ინვესტორმა მოთხოვნა ვერ დაინახა, ის რთულად დაინტერესებდა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მაგალითად, არ შემოვიდა კურორტზე ისეთი გლობალური მოთამაშე როგორიც მაგალითად, ფრანგული კომპანია "Compagnie de Vichy"-ია ან სხვა გლობალური მოთამაშე, რომელსაც ჰყავს დამსვენებლების მილიონიანი ბაზა.
დარწმუნებული ვარ, „წყალტუბოს თერმული წყლების“ მართვაში, რომელიც ამჟამად სახელმწიფოს საკუთრებაშია, Vichy-სნაირი კომპანია რომ შემოვიდეს, ინვესტორები დაინტერესდებიან სანატორიუმების შეძენით ან ახლის აშენებით“, - განაცხადა ანდრო ჯიშკარიანმა.

ამასთან, „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტის“ დამფუძნებელმა ისიც აღნიშნა, რომ საპრივატიზაციოდ გამოტანილი სანატორიუმები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რადგან წლების განმავლობაში მათ არავინ უვლიდა.

„მე რომ დღეს ინვესტორი ვიყო, წყალტუბოში, ცარიელ მიწაზე ავაშენბედი სასტუმროს. ეს ბევრად იაფიც დამიჯდებოდა და უფრო სწორად და ეფექტიანად ავაშენებდი“, - თქვა ანდრო ჯიშკარიანმა.

„ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტის“ დამფუძნებელი კურორტების განვითარების სააგენტოს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მოუწოდებს, დაიწყონ ბალნეოლოგიური კურორტების პირდაპირი მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე.