26.აგვისტო .2020 09:30

რატომ ვერ ხედავს ექსპორტის პერსპექტივას ქართული პირბადის საწარმო “რესპირატორი“

views 717
უკან

მიმდინარე წლის აპრილში, პანდემიის პერიოდში დაარსებული საწარმო „რესპირატორი“ საქმიანობას აქტიურად აგრძელებს და როგორც მისი დამფუძნებელი სერგო გალუსტიანი bm.ge-ისთან ამბობს, საწარმოში 2 მლნ ლარის ინვესტიცია განახრციელეს და უკვე 12 მილიონზე მეტი პირბადე აწარმოეს. პირველი 4 მლნ სამედიცინო პირბადე “რესპირატორისგან” ფონდმა „ქართუმ“ იყიდა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ამჟამად კი, როგორც გალუსტიანი ყვება, “რესპირატორისგან” პირბადეებს არაერთი კომპანია ყიდულობს. გასაყიდი ფასი 20 თეთრია. 

Bm.ge-ის კითხვაზე - შედის თუ არა “რესპირატორის“ გეგმებში საქონლის ექსპორტზე გატანა, გალუსტიანი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე არ შედის და რამდენიმე შემაფერხებელ ფაქტორს ასახელებს.

“საზღვარგარეთ პროდუქციის გატანას სჭირდება სერტიფიცირება, რასაც მოკლე დროში ვერ გავაკეთებთ, 5-6 თვე მაინცაა საჭირო. ასევე, უნდა ჩამოვიდნენ შესაბამისი სპეციალისტები, ჩვენ კი ფრენები არ გვაქვს, ამიტომ თავისთავად ეს პრობლემაა, მომავალში ვნახოთ, რა იქნება. ამასთან, მსოფლიო ბაზარზე, დღესდღეობით თუ 100 მლნ პირბადე იწარმოება, სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ საჭირო იქნება 10 მლნ და გაჩნდება ჭარბი წარმოება. გარდა ამისა, პრობლემა ჩვენს შემთხვევაში ლოკაციაც არის. მაგალითად, ახლა ევროპაში პირბადე შეაქვს ბულგარეთს, რომელიც დილით დატვირთავს საქონელს და საღამოს ტვირთი უკვე გერმანიაშია. ჩვენ კი, ბევრად მეტი დრო დაგვჭირდება, უნდა გავიაროთ თურქეთი და კიდევ ბევრი ლოკაცია. ამდენად, ექსპორტს ძალიან პერსპექტიულად არ ვთვლით“, - განაცხადა გალუსტიანმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ პანდემიის დამთავრების შემდეგ, მათთვის მხოლოდ საქართველოს ბაზარი მიმზიდველი ვერ იქნება.

„კორონავირუსამდე საქართველოში თვეში მილიონი პირბადის მოხმარება ხდებოდა, ჩვენ კი შეგვიძლია ყოველთვიურად 6 მლნ პირბადე ვაწარმოოთ და როგორ გგონიათ, ჩვეულებრივ პირობებში ჩვენ გადავრჩებით?! - ეს შეუძლებელია. წარმოება, რომელიც 5-6 მილიონზეა მომართული და ამ დროს ბაზარი ერთმილიონიანია, ვერ იმუშავებს”, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება მომავლის პერსპექტივას და გეგმას, თუ რას გააკეთებს "რესპირატორი" მას შემდეგ, რაც პანდემია აღარ იქნება და შესაბამისად, პირბადეეების მოხმარება შემცირდება, გალუსტიანი ამბობს, რომ "ყველაფერი სექტემბერ-ოქტომბერში გამოჩნდება. "იმ დანადგარებით, რომელიც შევიძინეთ, მხოლოდ პირბადეების დამზადებაა შესაძლებელი, ამიტომ ბიზნესის გადაწყობა სხვა მიმართულებაზე ვერ მოხდება. ველოდებით მოვლენათა განვითარებას, თუ ქვეყანაში ვითარება ისეთი იქნება, რომ ბაზარზე კვლავ თვეში მხოლოდ მილიონი პირბადე გახდა საჭირო, მუშაობას, შესაბამისად, გავაგრძელებთ და პირბადის ფასიც კვლავ 5 თეთრი იქნება. ასევე, სრულად დავუბუნდებით ჩვენს მანამდელ საქმიანობას - სარეკლამო ბიზნესს, რაშიც ნოვატორები ვართ ქვეყანაში", - აღნიშნა მან. 

ცნობისთვის: კომპანია „რესპირატორი“ დააარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება - ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს. 


 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა