მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ ხედავს გადასახადების შემცირების საჭიროებას ნათია თურნავა?

60c722b590284
ვიქტორია მღებრიშვილი
14.06.21 13:40
817
EBRD-ისა და მთავრობის მიერ დაფუძნებულმა ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ PwC-ის მიერ მომზადებული კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ეკონომიკის აღდგენის სტრატეგიებს მოიცავს. კვლევაში ის საბიუჯეტო და ეკონომიკური ეფექტია განხილული, რომელიც კონკრეტული გადასახადების მოცულობის შემცირებას ექნება. კვლევის თანახმად, გადასახადი, რომლის შემცირებასაც ეკონომიკურ ზრდაზე ყველაზე დადებითი ეფექტი აქვს, საშემოსავლო გადასახადია.

აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-მ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ჰკითხა - აპირებს თუ - არა მთავრობა ინვესტორთა საბჭოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის განხილვას.

მინისტრი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა იმდენად მაღალია, რომ გადასახადების შემცირების საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა დოკუმენტს აუცილებლად შეისწავლიან.

„ყოველთვის ყურადღებით ვუყურებთ ინვესტორთა საბჭოს რეკომენდაციებს. არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მათთან ერთად ან მათი რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა. რა თქმა უნდა, ყურადღებით გავეცნობით. ეკონომიკური ზრდა იმდენად მაღალია, ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ, რომ გადასახადები შემზღუდავ როლს ასრულებდეს. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც პირდაპირი გადასახადები დაბალია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ამ კუთხით 180 ქვეყანას შორის მესამე ვართ; თუ კი ამ თვალსაზრისით რაიმე რეზერვი კიდევ არის, რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტს ყურადღებით გავეცნობით და შევისწავლით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.