მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვხარჯავთ 100 მლნ ლარს ყურძენში, რომელსაც შემდეგ გავანადგურებთ? - დეპუტატი

60f945fd68e33
ინგა მურუსიძე
22.07.21 15:23
12141
პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია განიხილეს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, თუ რატომ გადაწყდა 100 მლნ ლარის დამატება რთველის სუბსიდირებისთვის და რატომ არ არის ეს თანხა მიმართული რომელიმე სხვა კუთხით, მაგალითად სოციალური მიმართულებით.

„ახლა ჩვენ რომ ვკითხოთ მოქალაქეებს, თუ სად შეიძლება დავხარჯოთ დამატებით მილიარდ 200 მლნ. ლარი, მივიღებთ 3 700 000 განსხვავებულ პასუხს და არც ერთი არ იქნება ის, რაც საბოლოო ჯამში თქვენ[მთავრობას] გიწერიათ. 100 მილიონით ვზრდით რთველის დაფინანსებას, ამ თანხას ვხარჯავთ ყურძნის შეძენაში, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად გავანადგურებთ.

მოსახლეობას ეს რომ სჭირდებოდეს, ჩვენი დახმარების გარეშეც იყიდდა. ჰოდა რა პრიორიტეტით ვადგენთ, ვინ უნდა დავაფინანსოთ? პოლიტიკური კრიტერიუმების გარდა არსებობს თუ არა სხვა კრიტერიუმებიც? მაგალითად შეიძლება თუ არა სოციალურად დაუცველებს დავეხმაროთ, ვალი დავაბრუნოთ, როგორ გამოვიდა, რომ ამ მილიარდ 200 მლნ-ში 100 მლნ გამოიყო რთველისთვის. თუ პრიორიტეტი არის არჩევნები მესმის, მაგრამ ხომ არ არსებობდა სხვა რამე კრიტერიუმი?“, - მიმართა რაქვიაშვილმა გიორგი კაკაურიძეს.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატს უპასუხა, რომ თავისთავად სუბსიდირება კარგი პრაქტიკა არ არის და ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა მიმდინარე წელს სხვა გამოსავალი არ არის, რადგან ამ ბიზნესმა პანდემიის დროს ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო.

„რატომ რთველი და სხვა არა? რთველთან მიმართებაში ისტორიას თუ გადავხედავთ, საკმაოდ დიდი მოცულობით ხდებოდა დაფინანსება. 2017 წლიდან დაიწყო დაფინანსების შემცირება და 2019 წელს საერთოდ არ დაგვიფინანსებია რთველი, თუმცა 2020 წელს მოხდა პანდემია. ღვინის და ყურძნის ფასი განახევრდა, რადგან ეს არის ტურიზმთან მჭიდრო კავშირში მყოფი პროდუქტი, ხოლო როცა ქვეყანაში ტურისტების შემოსვლა არ ხდება, ამ პროდუქტის რეალიზაციის მაჩვენებელი არის მინიმალური.

შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიაფდა ღვინო, რაც არ მომხდარა კარტოფილზე, მანდარინზე, თხილზე და ა.შ. რომ არ მომხდარიყო ჩარევა ამ საკითხში, ბევრი ფერმერი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. საჭირო გახდა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლიდან ისევ 2019 წლის ტენდენციის მიმართულებით წავალთ. 2022 წელს მინიმუმ უნდა გავანახევროთ სუბსიდირების თანხა და შემდეგ წლებში საერთოდ გამოვალთ ამ პროგრამიდან. რეგიონების მიხედვით ალბათ განსხვავებულ პასუხებს მივიღებთ, ხოლო კახეთის რეგიონს თუ ვკითხავთ, ამ პროგრამას ალბათ სხვა პროგრამებს არ შეადარებენ“, - განაცხადა კაკაურიძემ.