მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ წყდება თბილისში წყალი? – GWP VS მომხმარებლები

603282b0860e2
სალომე მეცხვარიშვილი
21.02.21 22:14
1631
წყალმომარაგების კომპანიაზე გაბრაზებულ მოქალაქეებს სოციალურ ქსელში ყოველდღიურად შეხვდებით. უკმაყოფილება “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიმართ ისმის, რომელიც წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი თბილისში, რუსთავსა და მცხეთაშია. კომპანია წლების განმავლობაში ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მაგრამ წყალი მაინც წყდება. საქმე ისაა, რომ დედაქალაქში წაყლმომარაგების ქსელის ნაწილი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან მოდის, ამიტომ მოძველებული და ამორტიზებულია, მათი ერთბაშად შეცვლა კი შეუძლებელია.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, 6 ათასი კილომეტრი სიგრძის ქსელიდან ბოლო წლებში 800-დან 1000-მდე კილომტრი განახლებულია, თუმცა, პროცესი მუდმივია და კონკრეტულ პერიოდში ვერ დასრულდება. გასულ სამ წელში წყალმომარაგების კომპანიამ თბილისში 400-მდე ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა, რაშიც 300 მილიონამდე ლარი დახარჯა. 2021-2023 წლებში კი GWP 170 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ჩადებს - ასეთია კომპანიის საინვესტიციო გეგმა, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ 2 თვის წინ დაამტკიცა.

ერთია, გეგმიური სამუშაოები, რომელსაც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ყოველწიურად ახორციელებს და მეორეა არაგეგმიური, რომელიც ავარიებითან და დაზიანებებთან არის დაკავშირებული. სემეკში ამბობენ, რომ წლიდან-წლამდე ქსელში ავარიების რიცხვი იკლებს, თუმცა, ამ კუთხით მუშაობის გაგრძელება აუცილებელია.

“არაგეგმიური სამუშაოები შეიძლება იყოს დაკავშირებული ამორტიზებულ ქსელთან, ასევე შესაძლებელია გამოწვეული იყოს მესამე მხარის მიერ ჩვენი ქსელის დაზიანებით. ძირითადად ეს გამოწვეულია სწორედ დაზიანებებით. ჩვენს მომხმარებელს წინასწარ მიეწოდება ინფორმაცია წყალმომარაგების წვეტასთან დაკავშირებით, მცირე დროით ადრე მაინც, სანამ სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ. ისაზღვრება დრო, რა დროშიც უნდა მოხდეს აღდგენა და შემდეგ წყალმომარაგების აღდგენა”,– აცხადებს კომპანიის ტექნიკური დირექტორი ზურაბ ალფაიძე.

თუმცა, ძირითად შემთხვევაში კომპანიას პრობლემა სწორედ ამ მიმართულებით აქვს - ან მოსახლეობის წინასწარ გაფრთხილებას ვერ ახერხებს და შეტყობინებას აგვიანებს, ან სამუშაოების დროულად ვერ ასრულებს, რისთვისაც მაქსიმალური ვადა 48 საათია, თუ დაზიანება მაგისტრალურ ქსელს არ ეხება. ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი GWP-ს ამ ნაწილში აკრიტიკებს და ამბობს, რომ მოსახლეობის მხრიდან კომპანიის მიმართ უკმაყოფილება იზრდება.

“მომსახურების ხარისხი ჯერ კიდევ დაბალია, რადგან გვყავს ძალიან ბევრი უკმაყოფილო მომხმარებელი და ინტერნეტმონიტორინგი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სამუშაოები ჭიანურდება, ან არსებობს ინოფრმაციის მიწოდების დაგვიანება და ა.შ. “,– აცხადებს სალომე ვარდიაშვილი.

თავად კომპანიაში კი აცხადებენ, რომ როცა ავარია ისეთი მასშტაბისაა, რომ აზიანებს ვინმეს საკუთრებას, ტბორავს ტერიტორიას და ა.შ. ასეთ შემთხვევაში წყალმომარაგების შეზღუდვა ხდება დაუყოვნებლივ, რაც დროში ემთხვევა მოსახლეობისთვის შეტყობინებების გაგზავნას. ზურაბ ალფაიძე ამბობს, რომ როცა ავარია მსგავსი მასშტაბის არაა, სამუშაოების განხორციელება ღამით ხდება.