10.აგვისტო .2020 18:34

რატომ ყიდის საქართველოს სახელმწიფო "თელასში" საკუთარ წილს?

views 1282
უკან

„საპარტნიორო ფონდმა“ „თელასის“ აქციების გასხვისების გადაწყვეტილება მთავრობის განკარგულების საფუძველზე მიიღო -ამის შესახებ bm.ge-ს საპარტნიორო ფონდში განუცხადეს.

შეგახსენებთ, ფონდმა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%-ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონი გამოაცხადა. შედეგად, საქართველოს სახელმწიფოს კომპანიაში აქციები აღარ ექნება.

საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. როგორც bm.ge-ს საპარტნიორო ფონდში განუცხადეს, აღნიშნული წილი დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთმა აუდიტორულმა კომპანიამ შეაფასა, რომელსაც არ ასახელებენ.

საჯარო აუქციონი 2020 წლის 10 აგვისტოს გამოცხადდა და 9 სექტემბერს ჩატარდება სს „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში.

შეგახსენებთ, რომ ამის პარალელურად დაწყებულია საპარტნიორო ფონდის რეფორმირების პროცესი. დაგეგმილია ფონდის მართვის სტრუქტურის შეცვლა, ხოლო მის საკუთრებაში არსებული სახელმწიფო საწარმოების მართვის მთავრობისთვის გადაცემა. სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება "თელასის" აქციების გასხვისებაც, თუმცა, ამ საკითხზე აქამდე ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა. გასული წლის ოქტომბერში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ არ დაადასტურა ინფორმაცია "თელასის" გახსვისების შესახებ. მედიაში გავრცელებული ცნობით, თელასის აქციების ყიდვა ბიზნესმენებს ხვიჩა მაქაცარიასა და ვანო ჩხარტიშვილს სურდათ. 

გასული წლის ბოლოს კი "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, საპარტნიორო ფონდმა რეფორმირების შემდეგ საინვესტიციო პროექტები უნდა მართოს და არ უნდა ფლობდეს "თელასის" აქციებს, გაზისა და ნავთობის კორპორაციას, სახელმწიფო ელექტროსისტემას...

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი - "საპარტნიორო ფონდი"(რომელიც არაერთი ზარალიანი სახელმწიფო საწარმოს აქციებს ფლობს) შესაძლოა, რეფორმირების შემდეგ საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადავიდეს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ამბობს, რომ ის ფონდის დაფინანსების არსებული მოდელის შენარჩუნებას არ უჭერს მხარს და მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუკი საპარტნიორო ფონდის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება. "ეს იქნება უფრო სწორი", - ამბობს საგანელიძე.

ამ ეტაპზე "საპარტნიორო ფონდს" ახალ საინვესტიციო პროექტებში შესვლა შეზღუდული აქვს. 

ივლისში ცნობილი გახდა, რომ საპარტნიორო ფონდმა სახელმწიფო ელექტროსისტემა და "ესკო" ეკონომიკის სამინისტროს გადასცა. 

ფონდი ასევე რამდენიმე თვეა ყიდის სასტუმრო "ბორჯომი-ლიკანს".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა