მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ზრდით სებ-ის საბჭოს წევრებს 9-მდე, რათა იქ პოლიტიკური დესანტი ჩაასხათ? - გოცირიძე

5eea2ee6d974e
შოთა ტყეშელაშვილი
17.06.20 19:11
1011
საქართველოს პარლამენტი განიხილავს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობის 2 წევრით, 9 წევრამდე გაზრდას ითვალისწინებს. ამ 9 წევრიდან ერთი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ხოლო 3 ვიცე-პრეზიდენტი იქნება. 3 ვიცე-პრეზიდენტიდან კი, ერთი საპენსიო სისტემას გაუწევს ზედამხედველობას.

ცვლილებას ეწინააღმდეგება სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე. მისი თქმით, 7 წევრისგან შემდგარ საბჭოში ახალი წევრების დამატების საჭიროება არ არსებობს.

“თქვენ ამბობთ, რომ ეროვნულ ბანკს სჭირდება საბჭოში ერთი წევრი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტი გახდება ანუ მმართველად გადაიქცევა და საპენსიო მიმართულებას უხელმძღვანელებს და ამ არითმატიკის გამო, ხურდაში უნდა მივაყოლოთ კიდევ ერთი წევრი. რა საჭიროა ეს პოსტი? აკნონებთ მაშინ ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციებს? მას თუ ქვემოთ დეპარტამენტები ექნება, ის ვერ გაწვდება საპენსიო სააგენტოს ზედამხედველობას?

ეროვნული ბანკის საბჭოს 7-წევრიანი შემადგენლობა მშვენივრად მუშაობდა 25 წლის განმავლობაში.

გეტყვით, ვიღაცისთვის გინდათ ეს პოსტები. პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ორი კანდიდატი ჩააგდო პარლამენტმა, ერთი წელიწადი იყო ორი კანდიდატურა და ერთი წლის განმავლობაში ორი კანდიდატი ვერ დაამტკიცა და ერთი წელია სებ-ი ორი საბჭოს ორი წევრის გარეშე მუშაობს. ახლა ეს ორი კანდიდატი გააგდეთ და გინდათ 4 წევრი, რათა პოლიტიკური დესანტი ჩაასხათ იქ,” - განაცხადა გოცირიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას თქმით, ახალი წევრების დამატება იქნება საჭირო იმისთვის, რათა სებ-ის საბჭოში მმართველ და არამმართველ წევრებს შორის პარიტეტი შენარჩუნდეს.

“იქიდან გამომდინარე, რომ დღეს 7 წევრია კანონით საბჭოში გათვალისწინებული და მათგან 3 წევრს აქვს მმართველის ფუნქციები, ახალი ცვლილებებით, იქნება 4 მმართველი წევრი და უნდა იყოს 5 არამმართველი წევრი. აქ არავითარ კითხვის ნიშანს არ ველოდებით, რადგან საერთაშორისო პრაქტიკით, საბჭოში არამმართველი წევრების რაოდენობა მმართველი წევრების რაოდენობას უნდა აღემატებოდეს,” - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

დღეისთვის სებ-ის საბჭო 5 წევრისგან არის დაკომპლექტებული. მათ შორის სამი წევრი აღმასრულებელი უფლებამოსილების მატარებელია.

საბჭოს წევრები არიან:

კობა გვენეტაძე - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი;
არჩილ მესტვირიშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი;
პაპუნა ლეჟავა - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი;
რობერტ სინგლეტარი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი;
ნიკოლოზ ყაველაშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.

შეგახსენებთ, რომ სებ-ის საბჭოში უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ორი ვაკანტური ადგილია, თუმცა პარლამენტმა ვაკანტურ პოზიციებზე ახალი წევრები ამ დრომდე ვერ დაამტკიცა.