მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე გააკეთებს აქცენტს 21-22 აპრილს დუბაიში დაგეგმილ ბიზნეს სამიტზე GAACC-ის ხელმძღვანელი

6023deb69131e
ვიქტორია მღებრიშვილი
11.02.21 09:45
1513
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში „ლიდერები საზღვრების გარეშე - განვითარების ცენტრის“ (LWBDC) ორგანიზებით, 21-22 აპრილს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც 30-ზე მეტი ქვეყნის 500-მდე საჯარო და კერძო კომპანია, ინვესტორები და 20-მდე საერთაშორისო პანელისტი დაესწრება. აღნიშნულ სამიტზე საქართველოდან საქართველო და აზია-აფრიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ეკატერინე მაისურაძეა მიწვეული, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო პანელისტების პირველ სამეულშია.

BM.GE დაინტერესდა - რა საკითხებზე გააკეთებს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი აქცენტებს და რა შესაძლებლობებს აძლევს მსგავსი სამიტები პალატის წევრებს.

ეკატერინე მაისურაძის ინფორმაციით, LWBDC-ის ორგანიზებით, აზიის, აფრიკის და ევროპის წამყვან ქალაქებში არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური საინვესტიციო შეკრება შემდგარა. საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (GAACC) კი, ამ გლობალური ინიციატივის კოლაბორაციული პარტნიორია, რაც, თავის მხრივ, პალატის წევრი კომპანიების და ბიზნესებისთვის დიდი შესაძლებლობების მომტანია.

"ჩვენი სავაჭრო პალატა აქტიურად მონაწილეობს საზღვარგარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებში, რათა აქტიურად წარმოვაჩინოთ ქვეყნის საინვესტიციო თუ საექსპორტო პოტენციალი და გავაცნოთ ჩვენი წევრი კომპანიები და მათი პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებსა და მსხვილ გლობალურ მოთამაშეებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ახალი ბაზრების მოძიება, კავშირების გაფართოება და საიმედო უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რაშიც პალატა მის წევრ კომპანიებს ყოველთვის ხელს უწყობს. ბიზნეს სამიტი კი, იდეალური პლატფორმაა, რომელიც ექსპორტ-იმპორტით დაინტერესებულ ბიზნესმენებს აკავშირებს.

საქართველოს და აზია-აფრიკის სავაჭრო პალატა (GAACC) მოცემული მსოფლიო მასშტაბის სამიტის ფარგლებში იქნება ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც დრო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და პალატის წევრი ორგანიზაციების პროდუქციისა და საქმიანობის წარმოსაჩენად დაეთმობა. GAACC-ის სტენდი სრულად გამოყენებული იქნება პალატის წევრი კომპანიების პროდუქციისა და სერვისების პოპულარიზაციისა და ქვეყნის შესაძლებლობების წარმოჩენისათვის", - განაცხადა ეკატერინე მაისურაძემ.

საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ადგილობრივ და საერთაშორისო სამიტებსა და ეკონომიკურ ფორუმებზე მონაწილეობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ეს ახალი ბიზნეს ურთიერთობებისთვის დიდ შესაძლებლობებს იძლევა. ამის მაგალითად კი, GAACC-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმს ასახელებს, რომელსაც 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.

„სწორედ ამ სამიტზე გაჩნდა ინტერესი ინდოელი ბიზნესმენების მხრიდან, რომლებიც ქართული ბიზნეს გარემოს შესწავლით და სხვადასხვა სფეროში ინვესტიციების განხორციელებით არიან დაინტერესებულნი. მათთან, "აწარმოე საქართველოსთან" ერთად, მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები და აპრილში ველოდებით დელეგაციას“, - აღნიშნა ეკატერინე მაისურაძემ.