06.მარტი .2020 17:47

რაზე შეთანხმდნენ და რაზე - ვერა ეკონომიკის მინისტრი და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები?

views 458
უკან

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ ტურიზმის სექტორთან დღეს გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა რამდენიმე მოთხოვნაზე ეკონომიკურ გუნდში გაიმართება მსჯელობა.

ამის შესახებ თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ტურისტული სექტორი ამ გამოწვევას უყურებს, როგორც დროებითს, რომელიც გადალახული იქნება უახლოეს 2 ან მაქსიმუმ 3 თვეში. ეს არის გლობალური ტურიზმის განწყობაც და ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის განწყობაც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სრულიად გვერდით უდგანან ხელისუფლებას იმ ნაწილში, რაც ეხება ქვეყნის დაცვას ვირუსისგან, პრევენციულ ღონისძიებებს, თუნდაც ეს ღონისძიებები გარკვეულ შეზღუდვებს აწესებდეს. მეტიც, ტურისტული ინდუსტრია მოგვიწოდებს და ჩვენ ამაში ერთიანები ვართ, რომ ამ ნაწილში ვიყოთ მაგალითი მსოფლიოსთვის უსაფრთხოების და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ და მოვისმინეთ პრობლემები, რაც შეეხება დროებით ფინანსურ გამოწვევებს, რომლებიც წარმოიქმნა იმის გამო, რომ ჯავშნების ნაწილი იქნა გადადებული და ზოგი გაუქმებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ყველა დასახელებულ საკითხზე ძალიან დეტალური მსჯელობა გაიმართება, რადგან მარტივი თემები ნამდვილად არის.

„დღესვე გადაწყდა, რომ მზად ვართ განვიხილოთ ჩვენი ტურისტული მარკეტინგული სტრატეგიის გადაწყობა იმდაგვარად, რომ დღევანდელ გამოწვევას უკეთ უპასუხოს და ამით ამოვუდგებით გვერდზე ბიზნესს. ასევე, დავპირდი და ამასაც გავაკეთებ, რომ შესაძლოა ის ღონისძიებები, კონფერენციები და ტრენინგები გავმართოთ ახლა, რომლებიც შემოდგომაზე უნდა გამართულიყო და ამით დავტვირთოთ სასტუმროები. ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინდუსტრია კარგად გრძნობდეს თავს, რადგან ის ძალიან დიდი დამსაქმებელია ზოგადად და ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ს ქმნის. ძალიან სერიოზულად ვიმსჯელებთ, რითი დავეხმაროთ ამ ინდუსტრიას“, - განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება საგადასახადო საშეღავათო საკითხებს, თურნავას თქმით, ამაზე სექტორის მოთხოვნები მოისმინა და ეკონომიკურ გუნდში შესაბამისი მსჯელობა გაიმართება.

მინისტრმა ტურისტულ ინდუსტრიას საქმიანი, გულახდილი და ზომიერი ოპტიმიზმით განმსჭვალული შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა