მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე ვერ თანხმდებიან და რა ახალი წესების დაცვა შეიძლება მოუწიოთ საცურაო აუზებს

5ef1d26a6abc6
ინგა მურუსიძე
23.06.20 15:45
2309
სპორტული კომპლექსები და საცურაო აუზები, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში გაიხსნება, - ამის შესახებ bm.ge-ის სპორტ-კომპლექს "არენას" დირექტორმა გური გოგოლაძემ განუცხადა. 

საქმე იმაშია, რომ გუშინ, 23 ივნისს ბიზნესომბუდმენი მიხეილ დაუშვილი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე 30-მდე ფიტნეს დარბაზის, ღია და დახურული აუზის წარმომადგენელს შეხვდნენ და  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დარგისთვის შემუშავებული რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს.

„არენას“ დირექტორი ამბობს, რომ შეხვედრაზე არ ყოფილა, თუმცა სოციალურ ქსელში დარგის წარმომადგენლებს შორის არსებული მიმოწერიდან გაიგო იმ საკითხების შესახებ, რომელზეც საუბარი იყო.

„ჯერჯერობით, მოთხოვნებსა და შესასრულებელ ვალდებულებებზე არ არიან ჩამოყალიბებულები. როგორც კი, ამაზე ჩამოყალიბდებიან, გადაწყვეტილებაც მიიღება, თუ როდის გავიხსნებით. ძირითადი მოთხოვნები, რაც, სავარაუდოდ, უნდა შევასრულოთ, იქნება დისტანციის დაცვა, სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება, წყლის ცვლის საკითხი, ე.წ. შეზლონგების დეზინფექცია და ა.შ. იმდენად უნდათ აუზებიდან არ გავრცელდეს ვირუსი, რომ სერიოზულ მოთხოვნებზე ფიქრობენ. ერთადერთი მოთხოვნა, რაც ცოტა რთულია, არის წყლის შეცვლის საკითხი. მაგალითად, პირველ შეხვედრაზე გვითხრეს, რომ ყოველდღე 10%-ით უნდა შეცვლილიყო წყალი და ეს შეუძლებელია. გამოდის, რომ 10 დღეში წყალი მთლიანად უნდა შეცვლილიყო და ეს ასე არ ხდება. თან ჩვენთან წყალი ისე იქლორება, რომ წარმოუდგენელია, მასში ცოცხალი ორგანიზმი ცოცხალი დარჩეს“, - განაცხადა გოგოლაძემ.

მისი თქმით, მთავრობა ფრთხილობს და ეს გასაგებია, თუმცა "ყველაზე დიდხანს დახურულებმა სწორედ ამ სფეროს წარმომადგენლებმა გაძლეს". "აქამდე გავძელით და ვნახოთ რა იქნება, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში გავიხსნებით“, - განაცხადა გოგოლაძემ.

Bm.ge გუშინ გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით “ჯინო ფერედაისის“ წარმომადგენელსაც ესაუბრა. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ამბობს, რომ შეხვედრას აღმასრულებელი დირექტორი ესწრებოდა და აქვთ მოლოდინი, რომ კვირის ბოლოსთვის გახსნას შეძლებენ.

„სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. პირველად გაცხადებული იყო, რომ, დაახლოებით, 6 ივლისისთვის უნდა გავხსნილიყავით, თუმცა იმედი გვაქვს, ამას შედარებით ადრე მოვახერხებთ, დეტალებზე წინასწარ ვერ ვისაუბრებთ. იმედი გვაქვს, რეკომენდაციები მალე გვექნება“, - აცხადებენ „ჯინო პერედაისის“ მარკეტინგის სამსახურში.

შეგახსენებთ: ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები პანდემიის გამო, მარტის ბოლოს დაიხურა.