მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რჩება თუ მიდის Myway Airlines ბაზრიდან საკონტროლო პაკეტის გასხვისების შემდეგ?

5dbc33495e6a8
ლიკა გურაბანიძე
01.11.19 19:16
1353
ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ის 51%-იანი წილის მფლობელმა და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა კომპანია დატოვა. როგორც BM.GE-ს აფციაურმა განუცხადა, გადაწყვეტილება საკუთარი ნების საფუძველზე მიიღო, რადგან ის ახლადშექმნილ გუნდთან ერთად საავიაციო კომპანიას ქმნის, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილი რამდენიმე მიმართულებით იქნება.

უცნობია, რა თანხად მიჰყიდა იგორ აფციაურმა კომპანიის მფლობელ Georgian Huashun International Industrial Investment Group LTD-ს Myway Airlines-ის 51%-იანი წილი.

როგორც Myway Airlines-ის ყოფილი მეწილე აღნიშნავს, მას „დიდი იმედი აქვს, რომ ავიაკომპანია ბაზარზე ოპერირებას გააგრძელებს“.

BM.GE კომპანია Myway Airlines-ს დაუკავშირდა. კომპანიაში ბაზრიდან გასვლის შესახებ ინფორმაციას გამორიცხავენ და აღნიშნავენ, რომ ისინი 2020 წლის ზაფხულის სეზონზე ახალი მიმართულებების დამატებას გეგმავენ.

„რა თქმა უნდა, ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ. გვაქვს ერთი მიმართულებით თელავივი და ახლა ვგეგმავთ, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ახალი მიმართულებები დავამატოთ, თუმცა ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს. რატომ გაქვთ ეს კითხვა? დახურვის საფრთხე კომპანიას არ ემუქრება.“ - აღნიშნეს ავიაკომპანიაში.

BM.GE სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ავიაკომპანიის აქციონერების ცვლილებაზე სააგენტომ ინფორმაცია მიიღო გუშინ, 31 ოქტომბერს. 

"ბოლო პერიოდის განმავლობაში, ახალი რეისების შესრულებასთან ან მიმდინარე რეისების გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადით ავიაკომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის არ მოუმართავს. ამ ეტაპზე Myway Airlines-ი რეგულარულ ფრენებს ახორციელებს მხოლოდ თბილისი-თელ ავივი-თბილისის მიმართულებით",- აცხადებენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს Myway Airlines-მა დაანონსებული ფრენები ვერ დაიწყო. ფრენების დაწყება ყველა მიმართულებით შეჩერდა გარდა თელავივისა. მიზეზად კი კომპანია ზამთარში მგზავრთნაკადის შემცირებას და არაჯანსაღ კონკურენციას ასახელებდა. კომპანიამ დაახლოებით 1000 გაყიდულ ბილეთზე თანხა მომხმარებლებს სრულად დაუბრუნა.

Myway Airlines საქართველოს ბაზარზე 2018 წელს შემოვიდა.