მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რძის ლაბორატორია”: წარმოების ნაწილი უკონტროლოა

61f17c87e6977
ლიკა გურაბანიძე
28.01.22 09:45
934
რძისა და რძის პროდუქტების გადამმუშავებელ საწარმო “რძის ლაბორატორიას, რომელიც ბაზარზე ორი წელია ფუნქციონირებს, გასული წლის ოქტომბრიდან რძესა და რძის პროდუქტებზე ფასების 8-9%-ით გაზრდა მოუწია.

აღნიშნულის მიზეზად “რძის ლაბორატორიის” მენეჯერი სოსო მაისურაძე პირუტყვის საკვებისა და საკვები დანამატების და ასევე სხვადასხვა ლოგისტიკური ხარჯის გაძვირებას ასახელებს.

შედეგად, თუ ოქტომბრამდე 1 კგ სულგუნის სარეალიზაციო ფასი 18.85 ლარი იყო, დღეს 1 კგ სულგუნი 21 ლარი ღირს. რაც შეეხება რძის ფასს, თუ შარშან 1 ლიტრი რძე 1.55 ლარი ღირდა, ახლა 1.65 ლარი ღირს. 

გარდა ამისა, „რძის ლაბორატორიის“ მენეჯერი დარგში არსებულ სხვა პრობლემებს შორის ბაზარზე რძისა და რძის პროდუქტების წარმოების პროცესის არასათანადო კონტროლს ასახელებს. მისი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან ამას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს.

„ბაზარზე წარმოების ნაწილი უკონტროლოა. ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანაში ლაბორატორიების დიდი ფუფუნება არ გვაქვს, ამიტომ შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება რამდენად შეესაბამება სტანდარტებს ბაზარზე მოხვედრილი პროდუქტი. სახელმწიფოს ჩართულობა აქ მნიშვნელოვანია, რადგან მცირე კომპანიები სრულყოფილი ლაბორატორიების მოწყობას ვერ მოახერხებენ. ქვეყანაში არ არსებობს საგანმანათლებლო კურსები, რათა ჩვენნაირი ბიზნესებისთვის ბაზარზე მზა კადრები არსებობდნენ. ჩვენ ისეთი თანამშრომლის დაქირავება გვიწევს, რომელსაც ყველაფერი ნულიდან უნდა ვასწავლოთ. ეს რომ გამარტივებული იყოს, შესაძლოა, ჩვენს ინდუსტრიაში უკეთესი მდგომარეობა მიგვეღო. შედეგად, ქვეყანაში 100%-ით ნატურალურ რძეზე დამზადებული პროდუქტების დეფიციტია”, - აღნიშნა სოსო მაისურაძემ.

რძისა და რძის პროდუქტების გადამმუშავებელი საწარმო “რძის ლაბორატორია” ბაზარზე ორი წელია ფუნქციონირებს. ის ამჟამად ერთ-ერთ მსხვილ რიტეილ ქსელთან და ჰორეკა სექტორთან თანამშრომლობს.

ბიზნესრეესტრის მიხედვით, „რძის ლაბორატორიის“ 100%-ის მფლობელი ნათია ფარჯანაძეა. კომპანიის დირექტორი კი - ალექსანდრე ჭუბაბრია.