მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რძის მწარმოებლები ფხვნილთან კონკურენციის გასაწევად გადასახადებისგან გათავისუფლებას ითხოვენ

5deac6a7e88d6
ანი ციხისთავი
07.12.19 10:30
1611
“ბელგიაში აქცია მოუწყვეს სახელმწიფოს - რძით მორწყეს მინდვრები. ესტონეთში რძე პარლამენტთან ძირს დაღვარეს. ფერმერებს ჯიუტი მიდგომები ახასიათებთ. ეს ჯერ არ უნახავს საქართველოს, მაგრამ ნახავს”, - ამის შესახებ ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარე ანა ჩიკვაიძემ Bm.ge-თან საუბრისას განაცხადა.

ჩიკვაიძის განცხადებით, ადგილობრივი რძე ყველაზე იმპორტულ ფხვნილთან მიმართებით ყველაზე დაბალკონკურენტული ზამთრის სეზონზეა, რაც ლაქტაციის პერიოდს უკავშირდება. აღნიშნული მონაკვეთის განმავლობაში რძის პროდუქტების მსხვილი მწარმოებლები ძირითადად აღდგენილ რძეს იყენებენ. 

“ჩვენ ვითხოვთ, რომ ნედლი რძე განთავისუფლდეს ყველანაირი გადასახადისგან, რათა ფხვნილის რძის კონკურენციას გაუძლოს. ჩვენ ისედაც არ გვაქვს დიდი მარაგები და განსაკუთრებით ახლა, ზამთარში, ლაქტაციის პერიოდიდან გამომდინარე, ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა გვჭირდება”.

ჩიკვაიძის თქმით, ამ ეტაპზე ბიზნეს ასოციაციის წევრები კონკრეტულ მოთხოვნებზე მუშაობენ და დასრულებისთანავე პრემიერისთვის წარდგენას გეგმავენ.

მისივე თქმით, მთავრობა 2020 წლიდან “მეცხოველეობის პროექტზე” საუბრის დაწყებასა და მის საზოგადოებისთვის წარდგენას გეგმავს. ჩიკვაიძის განცხადებით, ეს პროექტი კარგია, თუ მთავრობა მას ფერმერებამდე კეთილსინდისიერად მიიტანს. “ვფიქრობ, ამ დიდ პროექტში შეიტანენ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილების გეგმასაც. სხვანაირად არ გამოვა, შეუძლებელია სახელმწიფოს ამგვარი პრობლემები არ ადარდებდეს”.

ჩიკვაიძის თქმითვე, დანაპირებთან დაკავშირებით, რომ პრემიერი რძის პროდუქტების მწარმოებლებს ცალკე შეხვდებოდა, მთავრობის მხრიდან არანაირი ინიციატივა არ გამოჩენილა. “სიმართლე რომ ვთქვა, პოლიტიკური ფონის გამო არც ჩვენ გვიაქტიურია ამ საკითხში. მთავრობას კი ისედაც იმდენი თავსატეხი აქვს, ფერმერებისთვის არ სცხელა. ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ, თორემ მესაქონლეობის სექტორი ამ სტაგნაციას ვერ გაუძლებს”, - აცხადებს ჩიკვაიძე.