მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რძის მწარმოებლები სამინისტროს მიმართავენ - რა პრობლემები აქვს სექტორს?

5e3e8ad68f89d
BM.GE
08.02.20 14:26
1871
„ქართული რძის ფედერაციამ“ რძის სექტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. კერძოდ, განხილული იქნა: ირანული რძის და ფხვნილის იმპორტი; ფერმერებისთვის და თემის განვითარებისთვის შექმნილი საფრთხეები; არარეგისტრირებული საწარმოების კონტროლი და მომხმარებლის ინტერესების დაცვა. დისკუსიის რეჟიმში მოხდა ინიციატივებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარი.

შეხვედრას 40-მდე მონაწილე ესწრებოდა. მათ შორის, ყველის საწარმოები, რომლებიც ქართულ ნედლ რძეზე მუშაობენ და „ქართული რძის“ ნიშნის ქვეშ არიან გაერთიანებულნი. ასევე, „ყველის გილდიის“ თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, ასოციაცია „საქრძის“ თავმჯდომარე კახაბერ კონიაშვილი, „საქართველოს მერძევეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიანიძე, სურსათის უვნებლობის ექსპერტი ეკატერინე ბურკაძე და „momkhmarebeli.ge“-ს წარმომადგენელი ვახტანგ კობალაძე.

შეხვედრის მონაწილე მხარეები გეგმავენ მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რძის ფხვნილსა და ირანული რძესთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ქართული რძის წარმოების ხელშეწყობისა და მისგან წარმოებული რძის პროდუქტების რეალიზაციის თაობაზე.

შეხვედრაზე განხილული საკითხები:

• შენარჩუნდეს მრავალწლიანი ყველის ტრადიციული სახეობები, რომელიც კანონის მიხედვით უნდა მზადდებოდეს მხოლოდ ქართული ნედლი რძით. ამ სახეობებს მინიჭებული აქვს გეოგრაფიული აღნიშვნები, რომლებიც რეგისტრირებულია საქპატენტში.

• მეცხოველეობის დარგის განვითარება აუცილებელია ქვეყნისა და სოფლის ეკონომიკის გაძლიერებისთვის.

• ირანული რძე არ წამოადგენს საქართველოში წარმოებულ ნედლეულს და აქედან გამომდინარე, დღგ-სგან არ თავისუფლდება. მოსაძიებელია ინფორმაცია, არის თუ არა საგადასახადო გადაცდომები გადაყიდვის ეტაპზე და რამდენად სარგებლობენ ირანული რძის მწარმოებლები ქართული რძის მწარმოებლებისთვის დაწესებული შეღავათებით.

• საწარმოები, რომლებიც იყენებენ ირანულ რძეს, არ აკეთებენ პასტერიზაციას. შესაბამისად, ჰასპის დანერგვის შესახებ მოთხოვნა მათზე არ ვრცელდება, რაც უმცირებთ დანახარჯებს.

• ეს და სხვა ჩამოთვლილი ფაქტორი ქმნის არაჯანსაღ კონკურენციას იმ მეწარმეების მიმართ, ვინც რძის პროდუქციას ქართული ნედლი რძით აწარმოებს.

• მომხმარებელს უფლება აქვს ჰქონდეს ინფორმაცია იმ ნედლეულის შესახებ, რისგანაც მზადდება ყველი და რძის სხვა პროდუქტი. შესაბამისად, ეტიკეტზე უნდა იყოს წარწერა იმ ნედლეულის შესახებ, რაც გამოყენებულია პროდუქტში.

• მომხმარებლის ინფორმირებულობის მიზნით შეიქმნა „ქართული რძის“ ნიშანი, რომელიც გარანტიაა, რომ პროდუქტი დამზადებულია საქართველოში წარმოებულ ნედლ რძეზე. აღნიშნული რძე პასტერიზაციას გადის საწარმოში, რომელსაც დანერგილი აქვს კრიტიკური საკონტროლო წერტილების მართვის სისტემა.