მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Reachnewmarkets: ჩაი, თხილი, ჩირი - გერმანული ბიზნესი ქართული საწარმოებით ინტერესდება

6460a4b1a6a29
ლიკა მეგუთნიშვილი
14.05.23 12:55
1026
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, სააგენტო აწარმოე საქართველოსა და სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ქართული აგრობიზნესებისთვის ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამა წამოიწყო, რომელიც ქართველი მწარმოებლების გერმანიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების დაკავშირებას გულისხმობს.

როგორც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელი, ლუიზა ნამიჩეიშვილი BMG-სთან განმარტავს, პროგრამაში მონაწილეობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 60-მდე ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია შეირჩა. ძირითადად აგრობიზნესს ლურჯი მოცვისა და კაკლოვანი კულტურების მწარმოებელი და სურსათის გადამმუშავებელი საწარმოები წარმოადგენენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კომპანიების შერჩევის პროცესი, თუ ვის შევარჩევდით ქართული მხრიდან. ამ კომპანიებს უნდა ჰქონოდეთ შესაბამისი წარმოება, იქნება ეს მოცულობებით თუ ხარისხით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სურსათის უვნებლობის სტანდარტები ჰქონდეთ დაცული. მეორე მხრივ კი, სამიზნე ბაზრებზე ის მყიდველები უნდა გამოგვევლინა, რომლებიც ამ პროდუქციის შესყიდვით იქნებოდნენ დაინტერესებულები. ქართული აგრობიზნესებისადმი ახლა უფრო მეტი ინტერესი იქნება, რადგან მოთხოვნა რეალურად არსებობს და მოლაპარაკებებიც უკვე დაწყებულია“, - აცხადებს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ნამიჩეიშვილი.

ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ერთი კვირის განმავლობაში გერმანიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების კომპანიების წარმომადგენლებმა დასავლეთ საქართველოში არსებული საწარმოები მოინახულეს. ერთ-ერთი ასეთი კომპანია ჩაის ცნობილი გერმანული მწარმოებელი Hälssen & Lyon-ია, რომლის წარმომადგენელიც მცენარეების გადამმუშავებელ საწარმო „ფარკონსა“ და ჩაის მწარმოებელ „ოკრიბას“ ეწვია, კომპანიების წარმოებულ პროდუქციას დეტალურად გაეცნო და სამომავლო პოტენციური თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები გამართა.

„საქართველოში პირველად ვარ და აღფრთოვანებული ვარ იმ პროდუქციის ხარისხით, რომელიც აქ მოვიძიე. ჩვენი კომპანიისთვის ხარისხი უპირველესია და ამიტომ, ძალიან მიხარია საქართველოში ისეთი კომპანიების აღმოჩენა, რომლებიც საკვებსა თუ სხვადასხვა ინგრედიენტებს ნამდვილად უმაღლეს დონეზე აწარმოებენ. მოხარული ვარ, რომ მათთან ბიზნეს-კავშირების დამყარებას შევძლებ. ადრე ნამდვილად არ ვიცოდი ამ კომპანიების შესახებ, ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ USAID-ის, რომელიც მათ პოვნაში დაგვეხმარა. საქართველოში ჩამოსვლას მომავალშიც აუცილებლად ვგეგმავ და ვფიქრობ, ეს რეგულარული პროცესი გახდება“, - აცხადებს Hälssen & Lyon-ის წარმომადგენელი ჰენრიკ ტენერი.

„გერმანიიდან ჩამოვიდა ერთ-ერთი სერიოზული კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ქართული ჩაითა და ჩირებით არის დაინტერესებული. ჩვენს საწარმოში მას ჩაის წარმოების სრული ციკლი ვაჩვენეთ, გადამუშავებით დაწყებული, საბოლოო შეფუთვით დასრულებული. როგორც თავად Hälssen & Lyon-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, ყველა სახის სტანდარტს ვაკმაყოფილებთ და იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება“, - განაცხადა ჩაის მწარმოებელი კომპანია „ოკრიბა“-ს მენეჯერმა მინდია ძნელაძემ.

კიდევ ერთი ასეთი ვიზიტი ზუგდიდში მდებარე ხილის გადამმუშავებელ საწარმო Geonuts-ში შედგა, რომელსაც კაკლოვანი კულტურების ცნობილი გერმანული ბრენდის, Lemke-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ და უახლესი ტენოლოგიით აღჭურვილი საწარმო დაათვალიერეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში თხილის წარმოებისა და გადამუშავების პროცესმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და სწორედ ამიტომ მომავალში ქართულ კომპანიებთან სხვადასხვა მჭიდრო თანამშრომლობას განხილავენ.

„ქართული თხილის შესაძენად პირველად საქართველოში 2016 წელს ჩამოვედი. ახლა ჩემი მეორე ვიზიტია და მინდა გითხრათ, ნამდვილად შთამბეჭდავია იმის ნახვა, თუ როგორ გაუმჯობესდა ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში თხილის წარმოება-გადამუშავების პროცესი. ძალიან მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა ამ განვითარების შედეგი საკუთარი თვალით ვნახო. მნიშვნელოვანია, ქართულმა საწარმოებმა ეს ხარისხი შეინარჩუნონ და ის კიდევ უფრო გააუმჯობესონ. თხილის გარდა, ქართული ნუშითაც ვარ დაინტერესებული და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, აქ უკვე ნუშის შესაძენად ჩამოვალ“, - აღნიშნა Lemke-ს წარმომადგენელმა საშა ლოემ.

„ვთანამშრომლობთ USAID-თან, მათ ჩვენთან ძალიან ბევრი პოტენციური მომხმარებელი მოჰყავთ. ჩვენს საწარმოში ცნობილი გერმანული ბრენდის, Lemke-ს წარმომადგენლების ვიზიტიც სწორედ ამის დასტურია. მათთან ვთანამშრომლობთ და გერმანიაში ექსპორტსაც ვგეგმავთ“, - აცხადებს Geonuts-ის დამფუძნებელი ჯენერ ბელქანია.

როგორც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის წარმომადგენლები განმარტავენ, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, სოფლის მეურნეობის გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესი პროცესია. დივერსიფიკაცია ტრადიციულ ბაზრებზე დამოკიდებულებასა და რისკების შემცირებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ექსპორტის საბაზრო კავშირების პროგრამა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, მომავალში კვლავ გაგრძელდება.