მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Reachnewmarkets ქართული ჩაი გერმანულ ბაზარზე - „ოკრიბას“ ისტორია

646a1e979628d
ლიკა მეგუთნიშვილი
21.05.23 18:24
1256
ქართული ჩაის ისტორიის წერა მე-19 საუკუნიდან იწყება, როდესაც გურიის სამთავროში ჩაის პირველი ბუჩქი გამოჩნდა. ნელ-ნელა ეს კულტურა შავი ზღვის სანაპიროზე განვითარდა და საუკუნის შემდეგ პლანტაციებმა დასავლეთ საქართველოს მიწების დიდი ნაწილი მოიცვა. მართალია, დღეს ჩაის პლანტაციების წილი საქართველოში შემცირებულია, თუმცა მაინც არსებობენ კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში ჩაის აწარმოებენ და მდიდარ ისტორიას აგრძელებენ.

სწორედ ერთ-ერთი ასეთია ქართული ჩაის კომპანია "ოკრიბა", რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტში 55 ჰექტარზე გაშენებული პლანტაციებიდან მიღებული ნედლეულით ჩაის „ბუეთის“ ბრენდის სახელით აწარმოებს.

„ჩვენ გვაქვს ექვსი სახეობის ჩაი: შავი, მწვანე, შავი ჩაი ტყის კენკრით, შავი ჩაი ციტრუსით, მწვანე ჩაი მცენარეებით და ველური მოცვის ჩაი. ეს უკანასკნელი იმითაა გამორჩეული, რომ ტყეში დაკრეფილი მოცვის ფოთლისგან მზადდება და განსაკუთრებული არომატით მზადდება, ამასთან ის აბსოლუტურად უკოფეინოა“, - აცხადებს „ოკრიბას“ მენეჯერი, მინდია ძნელაძე.

„ოკრიბამ“ ქართულ ბაზარზე ოპერირება 2019 წლიდან დაიწყო და ჩაის მოყვარულებში აღიარება მალევე მოიპოვა. კომპანია ჩაის კრეფისა და დამუშავების როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს. როგორც მისი წარმომადგენლები განმარტავენ, ოკრიბას მაღალმთიან პლანტაციებზე ნატურალურად მოყვანილი ჩაი არანაირ პესტიციდებსა და ჰერბიციდებს არ შეიცავს და ის 100%-ით ნატურალურია. ოკრიბას მიერ წარმოებულ ჩაიზე მოთხოვნა, სულ უფრო მზარდია, რასაც კომპანია საწარმოს წარმადობის გაზრდით პასუხებს.

„გასულ წელს ჩვენი წარმადობა იყო დაახლოებით 5-6 ტონა, უკვე მზა პროდუქცია, საიდან მესამედი ექსპორტზე გავიდა, დანარჩენი კი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდა. წელს ჩვენი გეგმაა, 7 ტონა ჩაი ვაწარმოოთ, სამომავლოდ კი ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავზარდოთ წარმადობის მაჩვენებელი“, - განაცხადა მინდია ძნელაძემ.

ადგილობრივ ბაზარზე წარმატებული ოპერირების პარალელურად, „ოკრიბა“ არანაკლებ ქმედით ნაბიჯებს საექსპორტო მიმართულების განვითარებისთვის დგამს. ამ საქმეში მათი მთავარი მხარდამჭერი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამაა, რომელიც მათ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასა და პოტენციურ მყიდველებთან დაკავშირებაში ეხმარება.

„USAID-ის წვლილი ჩვენი ქარხნის აშენებასა და დანადგარების შეძენაში, ძალიან დიდია. აბსოლუტურად ყველაფერში გვეხმარებიან, ხშირად გვაძლევენ საშუალებას, რომ უცხოელი პოტენციური მყიდველები გაგვაცნონ. სწორედ USAID-მა დაგვაკავშირა ერთ-ერთ უმსხვილეს გერმანულ კომპანიას,რომელიც ქართული ჩაით არის დაინტერესებული. ამ კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ აქ და ჩვენი საწარმო დაათვალიერეს. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა მომავალში აუცილებლად გაგრძელდება“, - აღნიშნა „ოკრიბას“ მენეჯერმა, მინდია ძნელაძემ.

კომპანიამ ორ ტონამდე პროდუქცია გერმანიაში გასულ წელს გაიტანა, წელს კი, ამ რაოდენობის გაორმაგებას გეგმავენ. გარდა ამისა, სხვა არატრადიციულ ბაზრებთან ინგლისთან, ესპანეთთან და გალფის ქვეყნებთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. კარგად იციან ყველა ის სირთულე, რაც არატრადიციულ ბაზრებზე პროდუქციის გატანას თან ახლავს, თუმცა ეს სირთულეები სულაც არ აბრკოლებთ, რადგან მიზანი მკაფიოა.

„ჩვენი მიზანი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აზიაა. რადგან, ჩვენ ვართ მონდომებულები, რომ ქართული პროდუქცია ამ ბაზრებს გავაცნოთ, ვიცით, რომ იქ მოთხოვნა არის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მარტივად შეგვიძლია დაბალი ხარისხის პროდუქცია ვაწარმოოთ და რუსეთში გავიტანოთ ექსპორტზე, ჩვენ გვირჩევნია, რომ რთული გზა ავირჩიოთ, რომელიც საბოლოოდ აუცილებლად იქნება წარმატებული“, - განმარტავს მინდია ძნელაძე.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ოკრიბაში წარმოებულ ჩაის ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ უცხოურ მაღალხარისხიან ჩაის კონკურენცია გაუწიოს და საერთაშორისო ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქტი ღირსეულად წარადგინოს. გეგმა ასეთია, უახლოეს მომავალში მსოფლიო ბაზარს საქართველო უნდა გააცნონ როგორც ქვეყანა, რომელიც გამორჩეულ ჩაის აწარმოებს.