მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეალისტები უნდა ვიყოთ, FDI–ის მოზიდვა მოკლე ვადაში ვერ მოხდება– EBA

60969e970332e
ვიქტორია მღებრიშვილი
08.05.21 19:23
1347
7 მაისს პრემიერ -მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში სპეციალური მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი წარუდგინა, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ყოფილი ვიცე -პრეზიდენტი და სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრია.

პრემიერის განმარტებით, ვაზილ ჰუდაკი საქართველოს მთავრობის ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზებაზე იმუშავებს; მას ურთიერთობა ექნება ევროკავშირთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ისევე, როგორც საერთაშორისო სამეწარმეო-ეკონომიკურ სუბიექტებთან, საინვესტიციო ფონდებთან და ბანკებთან.

BM.GE დაინტერესდა, როგორ აფასებენ ვაზილ ჰუდაკის დანიშვნასა და საქართველოს მთავრობის გააქტიურებას ინვესტიციების მოზიდვის საკითხში და შესაბამისი კითხვებით "ევროპულ ბიზნეს ასოციაციას"(EBA) მიმართა.

ევროპული ბიზნესასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ჯონ ბრაეკეველდტი საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხის გააქტიურებას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ ეს მოკლევადიან პერიოდში ვერ განხორციელდება.

„ჩვენ ყოველთვის მივესალმებით საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად დამატებით ძალისხმევას, რადგან ინვესტიციები საქართველოში სამუშაო ადგილებსა და შემოსავლებს უზრუნველყოფენ. უცხოური ინვესტიციების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური მრჩევლის დანიშვნა ადასტურებს, რომ მთავრობა ამ მიმართულებას კვლავ ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს. ინვესტიციების მატება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს, თუმცა რეალისტები უნდა ვიყოთ და უნდა ვთქვათ, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მოკლევადიან პერიოდში ვერ განხორციელდება. საჭიროა, დიალოგი არსებულ ბიზნეს საზოგადოებასთან და კარგი ეკოსისტემის შექმნა, რომლის პირობებშიც ქვეყანაში ბიზნესი განვითარებას შეძლებს“, - აცხადებს ჯონ ბრაეკეველდტი.

EBA-ს გამგეობის თავმჯდომარე თვლის, რომ ვაზილ ჰუდაკის მოღვაწეობა ამ მიმართულებით შედეგისმომტანი იქნება. ის ასევე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ინვესტიციების შემოტანა ქვეყანაში საკმარისი არ არის და მთავრობამ ფინანსური რესურსების განხორციელებისთვის საჭირო მექანიზმები უნდა შექმნას.

„ვინაიდან ვაზილ ჰუდაკს საფინანსო ინსტიტუტებში ექსპერტული გამოცდილება აქვს, მჯერა, რომ მისი გამოცდილება ნამდვილად მოიზიდავს თანხებს საფინანსო ინსტიტუტებიდან, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვისაც მნიშვნელოვანია.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოტანა საკმარისი არ არის. უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომლითაც უცხოური ინვესტიციების არამხოლოდ მოზიდვა, არამედ ამ ინვესტიციებით წარმატებული კომპანიების ჩამოყალიბება მოხდება“, - განმარტა ევროპული ბიზნესასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ.