მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რეალურად ელ.კომერცია ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას“- ასოციაცია

60f8389d30b7d
ელენე გოგბერაშვილი
21.07.21 21:21
758
კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში მსოფლიოში ონლაინ ვაჭრობის წილი მთლიან გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. "გალტ & თაგარტის“" კვლევის მიხედვით, გასულ წელს ადგილობრივი ბაზრის ზომა 3.2-ჯერ, 138 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ელექტრონული კომერციის ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შეინიშნება შემცირება ბაზარზე, რადგან ხალხი ცდილობს დაზოგოს თანხები. შესაბამისად, თამარ გოგოლაშვილის თქმით, ელექტრონულ კომერციაზე შედარებით შემცირებულია მოთხოვნა, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ ელ. კომერციის ბაზრის ზრდის ტენდენცია, რომელიც გასულ წელს პანდემიამ დააჩქარა, მომავალ წლებშიც გაგრძელდება.

„კვლევებიც ადასტურებს, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ ელექტრონული კომერციით სარგებლობს და დაახლოებით 77%-ია ასეთი. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ეს არის პოტენციალი, რისი მიღწევაც ადგილობრივ ონლაინ მაღაზიებს შეუძლიათ“, - ამბობს გოგოლაშვილი და იმ გამოწვევებს ასახელებს, რაც დღეს ონლაინ გაყიდვების სფეროშია.

„რეალურად ელექტრონული კომერცია ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას. უპირატესი არის მომხმარებლის უნდობლობა, რაც გამოწვეულია პლატფორმების გაუმართაობით, გადახდების ბევრი მექანიზმის არარსებობით. დელივერი სისტემების მაინც შეფერხებით მუშაობით და ა.შ.

რეალურად თუ ამ გამოწვევებს არ დააკმაყოფილებს ადგილობრივი ელექტრონული კომერცია, მე ვფიქრობ, ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ ქართულ მაღაზიებს, რომ უფრო მეტი გაყიდვები დააგენერირონ.

ამაში მნიშვნელოვანია ქართველი ბიზნესების ჩართულობა, რადგან რაც უფრო ხარისხიან პროდუქტს შესთავაზებენ ბაზარს, მით მეტი მომხმარებელი გადმოვა საერთაშორისო კომერციიდან ადგილობრივზე.

უცხოური ონლაინ ბაზარი იმიტომ არის აქტუალური, რომ ძალიან ბევრი ფასდაკლების გაკეთება შეუძლიათ და მიუხედავად იმისა, რომ დოლარი გაძვირებულია და გადაზიდვის ფასიც მაღალია, მაინც ურჩევნიათ საზღვარგარეთ შეძენა. განვითარდება რა ელ.კომერცია საქართველოში, რაც დამოკიდებულია ადგილობრივ ბაზარზე ინვესტიციების განხორციელებასთან, მაღაზიები უფრო შეძლებენ მასშტაბის ეკონომიის მიღწევას და მეტი მომხმარებელი გადმოერთვება ადგილობრივ ელ. კომერციის ბაზარზე“, -აცხადებს თამარ გოგოლაშვილი.

ინფორმაციისთვის, მომავალ წლებში საქართველოში ელექტრონული კომერციის ბაზრის ზრდის პროგნოზი აქვს „გალტ & თაგარტს“.

სექტორის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2025 წლისთვის საქართველოში ადგილობრივი ელექტრონული კომერციის ბაზრის ზომა 50%-ით გაიზრდება და 1,1 მლრდ ლარს მიაღწევს. ამასთანავე, მოსალოდნელია საცალო გაყიდვებში ონლაინ გაყიდვების წილის 1,1%-დან 4,7%-მდე ზრდა.