მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Red Bull-ის იმპორტიორი: ომის პერიოდში სახმელეთო ლოგისტიკა 30%-ით გაგვიძვირდა

621f6d07b10f2
ლიკა გურაბანიძე
02.03.22 23:26
1501
ქართულ იმპორტიორ კომპანია “გაგრა პლუსს”, რომელსაც ევროპიდან სპირტიანი და ენერგეტიკული სასმელები შემოაქვს, რუსეთ-უკრაინის ომის გამო ევროპაში გართულებულმა სახმელეთო და საზღვაო ლოგისტიკამ პრობლემები შეუქმნა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი მახათაძე ამბობს, პრობლემები ლოგისტიკის ჯაჭვის გაძვირებას და ტრანსპორტირების შეფერხებას მოიცავს.

“სწორედ ომის მიმდინარეობის პერიოდში სახმელეთო ლოგისტიკა 30%-ით გაგვიძვირდა. სახმელეთო ტრანსპორტირებას ომამდე ევროპიდან 4 300 ევროდ ვახორციელებდით, ხოლო ახლა ფასი 5 500 ევრომდე გაიზარდა.

იმ სატრანსპორტო კომპანიებს, რომლებსაც ევროპიდან პროდუქციის ჩამოტანა შეუძლიათ, ფიზიკურად ვერ ვნახულობთ. რაც შეეხება საზღვაო გადმოზიდვას, მოგეხსენებათ, უკრაინის პორტები დაკეტილია და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღდგება ბულგარეთის და რუმინეთის პორტები.

ომი თუ დიდხანს გაგრძელდა, ეს ბევრ გლობალურ პრობლემას წარმოქმნის. ომის განვლილმა დღეებმა გვაჩვენა, რომ მსოფლიო პარალიზებულია", - განაცხადა "გაგრა პლუსის" თანადამფუძნებელმა.

რაც შეეხება, ლოგისტიკის გაძვირებიდან გამომდინარე ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტებზე შესაძლო ფასების ზრდას, კომპანიის თანადამფუძნებლის განმარტებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მომწოდებელი კომპანია პროდუქციას თავად გააძვირებს.

"გაგრა პლუსი" ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან სპირტიანი სასმლის "სტოლივოდკას", ხოლო ავსტრიიდან ენერგეტიკული სასმლის Red Bull-ის  იმპორტს ახორციელებს.