მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე დაინიშნა

61e696b9caaaa
BM.GE
18.01.22 13:05
1215
მიმდინარე წლის 15 იანვარს, ქალაქ სტამბოლში თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ბიზნეს საბჭოების (DEIK) არჩევნები გაიმართა, სადაც თურქეთ-საქართველოს საგარეო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე აირჩიეს.

“საქართველო და თურქეთი ორი მეგობარი ქვეყანაა, რომელთაც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი აქვთ. ამ ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა თანდათან ვითარდება. დღესდღეობით საქართველოში უცხოელი, მათ შორის თურქი ინვესტორების რიცხვი საკმაოდ გაზრდილია. ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ უფრო გაღრმავდება ეკონომიკური საქმიანობა ორ ქვეყანას შორის და ერთობლივად შესაძლებელი გახდება მეტი ინვესტიციისა და იმპორტ-ექსპორტის განხორციელება.

Deik-ი დიდ როლს ასრულებს ორი ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის განვითარებაში. ვიმედოვნებთ ორი ქვეყნის მთავრობასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და წევრ კომპანიებთან ერთად, სამომავლოდ შევძლებთ სხვადასხვა აქტივობის განხორციელებით ჩვენი წვლილის შეტანას თურქეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ საქმიანობაში”, - განაცხადა ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ.

ოსმან ჩალიშქან მჟავანაძის მოღვაწეობა მეტად მრავალფეროვანია. იგი მუშაობდა თურქეთის რესპუბლიკის, ქალაქ ტრაბზონში, საქართველოს საკონსულოში. მისი კარიერული წინსვლის შემდეგი საფეხური გახლდათ სამშობლოში, საქათველოში დაბრუნება და აჭარის ტურიზმისა და კულტურის დეპარტამენტში მოღვაწეობა.

2011 წელს ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი გახდა, ხოლო 2018 წლის 8 ნოემბერს არჩეულ იქნა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარედ, ამავდროულად გახლავთ მფლობელი და დირექტორი ისეთი მსხვილი საერთაშორისო საგამოფენო კომპანიისა, როგორიცაა GEONET EXPO აგრეთვე გახლავთ საერთაშორისო საკონსულტაციო სააგენტოს დამფუძნებელი.

ცნობისთვის: თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEIK) დაარსდა 1985 წელს. იგი არეგულირებს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვას, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას. ასევე, ხელს უწყობს საინვესტიციო შესაძლებლობების კვლევას, როგორც ქვეყნის საზღვრებს შიგნით, ისე მის გარეთ. DEIK-ს წვლილი შეაქვს თურქეთის ექსპორტის გაზრდაში და კოორდინაციას უწევს მსგავსი საქმიანობის წარმართვას.