მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რედკო“: სესხების სუბსიდირების პროგრამას გაყიდვებზე ხელშესახები გავლენა არ ჰქონია

5f44ad78af4c4
ინგა მურუსიძე
25.08.20 10:34
1087
საქართველოს მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა 28 მაისს დაანონსა, პროგრამის ფარგლებში სესხების გაცემა კი ივლისის დასაწყისში დაიწყო. სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი ბინების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება 70 მილიონი ლარი დაუჯდება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გასულ კვირას განაცხადა, სესხების სუბსიდირების პროგრამით უკვე 900-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

როგორი იყო დეველოპერული ბიზნესის მოლოდინები და რამდენად მისცა მოქალაქეების ბინების შეძენის სტიმული სუბსიდირების კიდევ ერთმა პროგრამამ, ამ კითხვებით BM.GE-მ „რედკოს“ დირექტორ მალხაზ კუნელაურს მიმართა:

„პანდემიის დროინდელ პერიოდთან შედარებით სიტუაცია უკეთესია და ბინები იყიდება. რაც შეეხება სესხების სუბსიდირებას, „რედკოს“ სეგმენტში ამ კუთხით განსაკუთრებული აქტივობა არ ყოფილა; პროგრამა გვეხმარება, თუმცა რომ ვთქვათ, რომ რაღაც განსაკუთრებით ხელშესახები გავლენა მოახდინა ჩვენს გაყიდვებზე, ასე არაა, რადგან ჩვენი პროდუქტი შედარებით ძვირიანია, თუმცა  მთავრობის გადაწყვეტილებამ სამშენებლო სექტორის გარკვეულ სეგმენტს სტიმულირება ნამდვილად გაუკეთა და ეს ნაწილი მცირეც რომ იყოს, მაინც ძალიან კარგია“, - განაცხადა კუნელაურმა.

რაც შეეხება იმას, როგორ შეიძლება გაიზომოს პროგრამის ეფექტიანობა, „რედკოს“ დირექტორი ამბობს, რომ ალბათ უნდა გაანალიზდეს, ჯამში, კომპანიებმა სუბსიდირებით რამდენი ბინა გაყიდეს, მაგრამ სხვა საკითხია, ეს რამდენად ზუსტი საზომი იქნება.

„ყველა გაყიდული ბინის უკან დგას უფრო გრძელი საწარმოო პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ლიკვიდურია და პანდემიის დროს დასაქმებული ჰყავს მუშახელი, ასევე, მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა სექტორები აგრძელებენ საქმიანობას. ბინების გაყიდვას რამ გაუკეთა სტიმულირება და როგორ გაარჩევ ვინ სუბსიდირების გამო იყიდა და ვინ - არა, არ ვიცი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი მუშაობს. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმიდან სუბსიდირების ნაწილი იყო რაც გვეხებოდა, ამით სარგებლობს მომხმარებელი, თუმცა ჩვენს სეგმენტში, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს განსაკუთრებულ ცვლილებებს არ იძლევა", - აღნიშნა ბიზნესმენმა.