მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფერენტული ფასების დაწესებით წამლები დამატებით 40%-ით გაიაფდება - ღარიბაშვილი

63aaf33714903
ვიქტორია მღებრიშვილი
27.12.22 19:49
595
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გარდა იმისა, რომ თურქეთის ბაზრის გახსნით, ქვეყანაში მედიკამენტების ფასები 60-80%-ით შემცირდა, რეფერენტული ფასების დაწესებით წამლები დამატებით 40%-ით გაიაფდება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას ჯანდაცვის მიმართულებაზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მედიკამენტების ხარისხის მუდმივი კონტროლი მნიშვნელოვანია და ამიტომ 2022 წლის ბოლომდე კარგი საწარმოო პრაქტიკის და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სტანდარტზე გადასვლა დასრულდება.

„ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის მხრივ მოკლედ შეგახსენებთ, რომ ჩვენ საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა. გამოვყოფდი მედიკამენტების რეფორმას. მედიკამენტების ფასებზე საკმაოდ დიდი დისკუსია გვქონდა და შევძელით ის, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ მოვახერხეთ მედიკამენტების ფასის საგრძნობი - 80%-ით შემცირება.

ახლა ჩვენ, ჯანდაცვის მინისტრმა ახალი ინიციატივა შეიტანა პარლამენტში და მადლობა პარლამენტს, რომ მხარდაჭერა აქვს ამ ინიციატივას. რეფერენტული ფასები დაწესდება მედიკამენტებზე, ეს მედიკამენტებს დამატებით 40%-ით გააიაფებს, რაც რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.

მხოლოდ თურქეთის ბაზრის გახსნით, ფასები 60-80%-ითაა შემცირებული, ჩვენი მოქალაქეები 200 მილიონ ლარზე მეტს დაზოგავენ, რაც რა თქმა უნდა, ძალიან ხელშესახები შედეგია. ასევე, ჩვენ დღეისთვის მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერა მხოლოდ ელექტრონულად ხდება. მხოლოდ გენერიკული დასახელებით არის ნებადართული.

როგორც მოგახსენეთ, მომავალი წლიდან 1100-ზე მეტი დასახელების ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება და შემდეგ აღნიშნული რეფორმა ყველა დარჩენილ რეცეპტულ მედიკამენტებს მოიცავს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მედიკამენტების ხარისხის კონტროლზე ისაუბრა და თქვა, რომ 2022 წლის ბოლომდე კარგი საწარმოო პრაქტიკის, ანუ „ჯიემპის“ და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის, იგივე „ჯიდიპის“ სტანდარტზე გადასვლა დასრულდება.

მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ექნება გამართული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია ქვეყანას. „ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდოთ ხარისხიანი ჯანდაცვა და ხარისხიანი მედიკამენტები. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას“, - თქვა პრემიერმა.

მისი თქმით, მომავალ წელს ასევე 150 ამბულატორიის რეაბილიტაცია- მშენებლობაა დაგეგმილი და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით სერიოზული რეფორმების განხორციელება იგეგმება