მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული 124 ათასი გაძვირდა - საზოგადოება და ბანკები

6051e199bab3d
ინგა მურუსიძე
17.03.21 15:19
1041
დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 50 პუნქტით 8.5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების შედეგად, იმ მსესხებლებს, რომელთა საპროცენტო განაკვეთიც რეფინანსირებაზე არის მიბმული, სესხის მომსახურება გაუძვირდებათ. 
 

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა" ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 124 300 სესხია გაცემული, ხოლო მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. "საზოგადოება და ბანკების" ინფორმაციითვე, დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7241.7 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

„1 იანვრიდან 1 თებერვლამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 100-ით შემცირდა, ხოლო მთლიანი პორტფელი - 7246.1 მილიონიდან 7241.7 მილიონ ლარამდე შემცირდა.

124 300 ხელშეკრულებიდან 36 100 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 970.1 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 თებერვლის მდგომარეობთ 13.06% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. 1 თებერვლის მონაცემებით, რეფინანსირების განაკვეთზე 54 800 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.69%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2677.8 მილიონი ლარია.

29 300 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნესსესხების გასაცემად, რაც 1 იანვართან შედარებით 700-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3359.5 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1078.5 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12.86%-ში, ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 თებერვლის მონაცემებით, 2281 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.59%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ, 1 თებერვლის მონაცემებით, 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 22.4 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 13.14%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 3300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 98.1 მილიონი ლარია.

1 თებერვლის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.9%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე - 14.66%.

1 თებერვლის მდგომარეობით, შემცირებულია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 14.88%-დან 14.66% -მდე ხოლო, გაზრდილია ავტო სესხზე - 12.63%-დან 13.14 %-მდე.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება წინა პერიოდებში გამოვლენილი ფრთხილი მიდგომის გაგრძელება და ინფლაციური რისკების ზრდის საპასუხო ნაბიჯია. მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტი რჩება და ეკონომიკის აღდგენისთვის საჭირო ნაბიჯებიც აგვიანებს (ვაქცინაციის დაგვიანებით დაწყება), ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი გაუარესებულია, რამაც, შესაძლოა, სამომავლოდ ეკონომიკის აღდგენის პროცესზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3.6%-ით განისაზღვრა, რაც, როგორც წინა მიმოხილვაში აღვნიშნეთ, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების შედეგია და არ ასახავს ფასების რეალურ დინამიკას, შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებაში განმსაზღვრელი ფაქტორის როლს არ თამაშობს. სუბსიდირების დასრულება ინფლაციის მაჩვენებელზე შესაბამისად აისახება, სავარაუდოა, წლის ბოლოდმე ინფლაციის მაჩვენებელი 4.5%-მდე გაიზარდოს. ასევე მნიშვნელოვან რისკებს წარმოქმნის საერთაშორისო ბაზარზე ნავთობისა და ნედლეულის ფასების ბოლოდროინდელი ზრდა, რაც გაუფასურებული კურსის პირობებში ადგილობრივ ფასებზე მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ახდენს“, - ნათქვამია "საზოგადოება და ბანკების" მიმოხილვაში.