მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფორმების გაგრძელება გაზრდის ქვეყნის ეკონომიკის მედეგობას საგარეო შოკების მიმართ - IMF

5e443e005d392
თამთა ჯიჯავაძე
12.02.20 21:59
820
სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება გაზრდის ქვეყნის ეკონომიკის მედეგობას საგარეო შოკების მიმართ და გააუმჯობესებს ეკონომიკის ზრდის საშუალოვადიან პერსპექტივას, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, რომელიც სსფ-ის მისიის წევრთა მიერ გაკეთებულ მიგნებებს მოიცავს.

როგორც საქართველოში სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა, 2020 ბიუჯეტი მართებულად ინარჩუნებს ნეიტრალურ ფისკალურ პოზიციას.

„ფისკალური დეფიციტი 2020 წელს იზრდება მშპ-ს 2.4 პროცენტამდე, 2019 წლის 2.1 პროცენტთან შედარებით. სსფ-ს გუნდი მიესალმება ხელისუფლების ძალისხმევას დღგ-ს ანაზღაურების ასწრაფების მიმართულებით, ანაზღაურების ავტომატური სისტემის შემოღებით; ასევე კერძო-საჯარო თანამშრომლობის ჩარჩოს დასასრულებლად და სახელმწიფო საწარმოების მართვის გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებს, რათა ხელისუფლება იყოს ყურადღებით რომ არ მოხდეს ფისკალური რისკების დაგროვება.

სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება მნიშვნელოვანია საგარეო შოკებისადმი მდგრადობის გასაზრდელად და მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საშუალოვადიან პერიოდში. მისია იწონებს ბანკების რეზოლუციის ახალი ჩარჩო მექანიზმის ამოქმედებას და გადახდისუუნარობის კანონის მიღებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. არსებული ვითარება რეფორმების გაგრძელების საშუალებას იძლევა, ვგულისხმობთ საბაზისო პენსიებისთვის ინდექსირების წესის შემოღებას, ინფრასტრუქტურაში ინვესტირების საჭიროებების დაკმაყოფილებას და განათლების გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის საქმიანობას და შექმნის სამუშაო ადგილებს.

სსფ-ს მისია ელოდება დიკუსიის გაგრძელებას ქვეყნის ხელისუფლებასთან მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის ფარგლებში ა.წ. აპრილში. სსფ-ს გუნდი მადლობას უხდის ქვეყნის ხელისუფლებას და ტექნიკურ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო მოხელეებს, კერძო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გულახდილი განხილვებისთვის“, - განაცხადა სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა ვიზიტის დასრულების შემდეგ.

მის განცხადებას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს.