მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფორმირებული საპარტნიორო ფონდის დაფინანსების გზები - ინტერვიუ გიორგი დანელიასთან

5ef7d2b504ac4
თელარა გელანტია
28.06.20 13:50
1441
უკვე მეორე წელია მთავრობა "საპარტნიორო ფონდის" საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს. დაგეგმილია ფონდის მართვის სტრუქტურის შეცვლა, ხოლო მის საკუთრებაში არსებული სახელმწიფო საწარმოების მართვის – მთავრობისთვის გადაცემა. ამ ეტაპზე "საპარტნიორო ფონდს" ახალ საინვესტიციო პროექტებში შესვლა შეზღუდული აქვს. საქმე იმაშია, რომ საქართველოსა და IMF-ს შორის არსებული პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული პირობების ერთ-ერთი პუნქტით, უკვე მიმდინარე პროექტების დაფინანსების გარდა, ფონდს სხვა ფინანსური აქტივობა 0-მდე უნდა დაეყვანა. "საპარტნიორო ფონდის" რეფორმირება მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ვადამ გადაიწია. რა ეტაპზეა, რა მოდელები განიხილება და როდის დამთავრდება "საპარტნიორო ფონდის" რეფომირება - "Forbes კვირამ" ამ და სხვა კითხვებით "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან გიორგი დანელიას მიმართა.

- საპარტნიორო ფონდის საქმიანობის ეფექტიანობაზე ამჯერად ნაკლებ კითხვას დაგისვამთ, რადგან ფონდის სტრუქტურა რომ კვაზია, ეს თავად დავით საგანელიძემაც კი ღიად თქვა 1 წლის წინ პარლამენტში, ამიტომ პირდაპირ გკითხავთ, რა ხდება ახლა ფონდში?

- ფონდი ბოლო ორი წელია არის რეფორმირების ეტაპზე. ვცდილობთ შევცვალოთ ფონდის სტრუქტურა, საინვესტიციო მანდატი, დაფინანსების წყაროები და ა.შ. და ამ პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, გამომდინარე იქიდან, რომ IMF-საც ჰქონდა გარკვეული რჩევები და რეკომენდაცია, როგორ უნდა მოხდეს ფონდის რეორგანიზაცია. შეიძლება ითქვას, მათთან ძალიან სისტემატიურად მიდის კონსულტაციები და ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული გვაქვს ჩვენი წინადადება, როგორ ვხედავთ რესტრუქტურიზაციას - ეს მოიცავს სამ ძირითად საკითხს. პირველი - დაფინანსების წყაროების განსაზღვრა. მოგეხსენებათ, ფონდის დაფინანსების წყარო ისტორიულად ჩვენი შვილობილების დივიდენდებია. როგორც აღმოჩნდა, ეს საკმაოდ არსატაბილური წყაროა, რადგან მათ მმართველობაში ფონდი ჩართული არაა. შესაბამისად, შვილობილების საოპერაციო საქმიანობაზე გავლენა ვერ ექნება. წლიდან წლამდე გარკვეული კომპანიების დივიდენდები როცა იკლებს, გრძელვადიანი ვალდებულებების აღება პროექტების დასაფინანსებლად საკმაოდ რთული გამოდიოდა. ამიტომ პირველი და ყველაზე კრიტიკული საკითხია განისაზღვროს, რა უნდა იყოს დაფინანსების წყარო.

- რა არის სავალუტო ფონდის რეკომენდაცია და თქვენი ხედვა - ვინ უნდა დაგაფინანსოთ?

- რამდენიმე გზა არსებობს. ერთი გზა, რომელიც განიხილება, გულისხმობს ერთჯერადად სახელმწიფო დაფინანსებას ანუ სახელმწფო აქტივების გატანა "საპარტნიორო ფონდის" სტრუქტურიდან და მათ სანაცვლოდ ფონდში ერთჯერადი შენატანის განხორციელება.

- დაახლოებით, რა თანხა შეიძლება ეს იყოს?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ღირებულებისაა კომპანიები, რომელიც ფონდიდან გავა და მათ სანაცვლოდ რამხელა შემონატანი იქნება საჭირო, ამიტომ თანხაზე ცოტა რთულია საუბარი, თუმცა ესაა ერთ-ერთი სტრატეგია, რომელზეც შეიძლება ვიმუშაოთ. ეს ფონდს შემდეგ დამატებითი დაფინანსების მოპოვების საშუალებას მისცემდა ანუ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბანკებიდან - აიღოს დამატებითი ვლალდებულება და ისე გაზარდოს პორტფელი.

- ერთჯერადად ფონდის დაფინანსება უფრო თქვენი იდეაა თუ - სავალუტო ფონდის?

- უფრო სავალუტო ფონდის მიდგომა არის ეს, რადგან მათ ურჩევნიათ ფონდის დაფინანსების წყარო იყოს სახელმწიფო. მათი აზრით, რადგანაც სახელმწიფო კომპანიაა, ის კონტროლის მექანიზმები, რაც ბიუჯეტზეა, უნდა ვრცელდებოდეს ფონდზეც და ფიქრობენ, რომ უფრო მისაღებია, მაგალითად, რკინიგზიდან მიღებული დივიდენდი ჯერ ბიუჯეტში შედიოდეს და მერე მოდიოდეს ჩვენთან.

- რათა შესაძლო რისკებს ხედავდეს IMF-იც?

- ბუნებრივია...

- მთავრობა სხვანაირად ფიქრობს?

- განიხილავს ამ ვარიანტსაც. რამდენიმე ალტერნატივაა. დაფინანსების წყაროს მეორე ალტერნატივა არის გარკვეული აქტივების გადმოცემა "საპარტნიორო ფონდისთვის", რომელიც შესაძლებელია იყოს ლიკვიდური და მოხდეს მათი პროექტებში შეტანა - ვთქვათ, იქნება ეს სახელმწიფო მიწა, შენობა და ასე შემდეგ, რომლითაც პროექტებს განვახორციელებთ და შემდეგ, როცა ამ პროექტებიდან გამოვალთ, ეს აქტივები ლიკვდურობას შეიძენს და ფულად დაგვიბრუნდება და არის კიდევ მესამე გზა - როგორც იცით, გვაქვს გარკვეული პროექტები, რომლებიც პრინციპში ჩვენს მანდატში პირდაპირ არ ჯდება, მაგალთად, რუხის სავაჭრო ცენტრი, რომლის 100%-ის მფლობელი ფონდია - აი, ასეთი პროექტების ფონდის გარეთ გატანა და მათ სანაცვლოდ ფონდში გარკვეული ფულადი შენატანის გაკეთება, ანუ ჩვენ რომ გავყიდოთ ეს პროექტები და იყიდონ სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებმა, ვისაც უფრო ეხება.

- რა შეიძლება გაყიდოთ? ან ფიქრობთ, რომ რუხის სავაჭრო ინვესტორი გამოუჩნდება?

- რუხის სავაჭრო ცენტრს ინვესტორი შეიძლება არ გამოუჩნდეს, მაგრამ შეიძლება გამოუჩნდეს ისეთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომლისთვისაც უფრო რელევანტური იქნება სავაჭრო ცენტრის ფლობა რუხში, რადგან ფონდისთვის ბუნებრივია, ეს არაა კომერციული პროექტი. ჩვენთვის ესაა ერთჯერადი ხარჯი, რომელიც გავწიეთ. ეს იყო გარკვეული სოციალური პროექტი. ვფიქრობ, ასეთი პროექტების არსებობა ფონდის გრძელვადიან პერსპექტივას აზიანებს. მიმაჩნია, რომ მსგავსი პროექტები ფონდში სამომავლოდ აღარ უნდა იყოს. აქ ჩნდება უკვე ჩვენი რეფორმის მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი, ეს არის საინვესტიციო მანდატი, ანუ როგორი პროექტები უნდა ვაფინანსოთ და რა პირობებით.

- ვიდრე რეფორმირებული "საპარტნიორო ფონდის" მანდატზე ვისაუბრებთ, დაფინანსების რა მოდელისკენ იხრება სავალუტო ფონდი უფრო მეტად?

- სავალუტო ფონდის პრიორტეტი იქნებოდა სახელმწიფო დაფინანსება პირდაპირი გზით. როგორც უკვე ვთქვი, ამას აქვს თავისი დადებითი და ბევრი უარყოფითი მხარე. ამიტომ ამაზე ჯერ შეჯერებული პოზიცია არ არსებობს.

- და მთავრობა რა აზრზეა?

- მთავრობასთანაც მიდის აქტიური მსჯელობა...

- მახსოვს, "საპარტნიორო ფონდის" დაფინანსების წყაროდ განიხილებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად გარკვეული თანხის ჩადება. რჩება ეს ალტერნატივად დღესაც?

- ესეც სახელმწიფო დაფინანსების ერთ-ერთი ვარიანტია, როგორ შეიძლება სახელმწიფომ მისცეს ფონდს დაფინანსება, თუ ეს ვარიანტი იქნება არჩეული ანუ ერთჯერადად კი არ მოხდეს ბიუჯეტიდან დაფინანსება, არამედ მოხდეს კონკრკეტულ თანხაზე შეთანხმება და საჭიროებისამებრ გადანაწილდეს 5 წელზე ან 10 წელზე იმის მიხედვით, როგორ გაიზრდება ფონდის პორტფელი. ეს არ იქნება აუცილებლად მისღები დაფინანსება, არამედ ეს იქნება პორტფელზე დამოკიდებული. მოკლედ, ესეც არის ერთ-ერთი ვარიანტი, თუმცა ამ დაფინანსებას რეფორმის მეორე და მესამე შრეები მოსდევს. ეს არის მანდატი, ანუ რა პროექტები უნდა აფინანსოს "საპარტნიორო ფონდმა" და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რა პროექტები არ უნდა აფინანსოს. მესამე ესაა, მმართველობითი სტრუქტურა. როგორც იცით, KFW-სთანაც ვმუშაობდით რეფორმასთან დაკავიშირებით. მათი რეკომენდაციაც იყო, რომ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში უმრავლესობა ყოფილიყო კერძო სექტორის წარმომადგენლები - იქნებოდნენ ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თუ სხვა კერძო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რათა...

- ნაკლებად კვაზი ყოფილიყავით?

- დიახ, რათა ნაკლებად კვაზი ვყოფილიყავით ანუ ბორდში ყოფილიყვნენ როგორც მთავრობის წევრები, ასევე IFI-ების წარმომადგენლები, რომლებიც პროექტებს უფრო კომერციულად შეხედავდნენ. ამ საკითხზეც გვქონდა საუბარი, როგორც სსფ-თან, ასევე, იყო კონსულტაციები EBRD-თან... პრინციპში სტრუქტურის ეს იდეა ყველასთვის მისაღებია და ალბათ ამით ფონდისთვის უფრო მეტი ეფექტურობა და ტრანსფარენტულობაა უზურუნველყოფილი.

- ვინ შეიძლება ვიხილოთ რეფორმირებული "საპარტნიორო ფონდის" ბორდში? კონკრეტულად გაქვთ მათთან მოლაპარაკებები?

- იდეის დონეზე გაჟღერებული გვაქვს, მაგრამ კონკრეტიკაზე არ გადავსულვართ, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება არაა მიღებული, თუმცა მათგან გვაქვს დადებითი უკუკავშირი და მათთვისაც საინტერესო იქნება.

- გიორგი, თქვენ ახსენეთ, რომ 2 წელია მიდის ფონდის რეფორმირების პროცესიო... როდის გახვალთ ფინალში? დავით საგანელიძემ თქვა ჩვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ვერცერთმა პრემიერმა ვერ გაბედა რეფორმირებაო... ხომ არ დაპაუზდა პროცესი?

- დაპაუზებული არ არის, პროცესი მიმდინარეობს.

- რამდენად ტემპში?

- იმედი მაქვს, რომ წელს დამთავრდება. ჩვენ IMF-ის მხრიდან ეკონომიკური აქტივობა შეზღუდული გვაქვს...

- ისე, როგორ მოქმედებს თქვენს თავმოყვარეობაზე ის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მთავრობას მნიშვნელოვან პირობად ჩაუდო ფონდის ძირეული რეფორმირება - თან მოითხოვა არ დააფინანსოთ ახალი პროოექტები...

- ამაზე სავალუტო ფონდთან გვქონდა საუბარი. გამომდინარე იქიდან, რომ მათ ძალიან კარგად იციან როგორც ჩვენი ფინანსური, ისე ზოგადი სიტუაცია, სტრუქტურა და ის პრობლემები, რაც გვაქვს, ვიცოდით ამის შესახებ, იყო განხილვები და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაიწერა ეს რეკომენდაცია.

- მთავარი მიზეზი რა იყო? მაინც რა რისკებს ხედავდა სავალუტო ფონდი?

- მთავარი მიზეზია ის, რომ, ჩვენ რომ ავიღოთ ვალდებულებები გარკვეული პროექტების დაფინანსებაზე, უნდა ვიცოდეთ, გვექნება თუ არა დაფინანსების წყარო. თუ არ ვიცით, მომავალ წლებში დივიდენდები შემოგვივა თუ არა, ვალდებულებებში შესვლა, რომლის გარანტია არ გაქვს, არის ფინანსური რისკი ჩვენთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. ამიტომ ჯერ დაფინანსების წყარო უნდა განისაზღვროს. ეს იყო ერთადერთი მიზეზი.

- რა არის ყველაზე პრობლემური თუ საკვანძო თემა, რაზეც ვერ თანხმდებით "საპარტნიორო ფონდი", IMF და მთავრობა?

- შეიძლება ითქვას, რომ სავალუტო ფონდთან ყველა ძირითად საკითხზე ვთანხმდებით; შეიძლება რაღაც დეტალები იყოს, მაგრამ იდეაზე ვთანხმდებით, მთავარი საკითხი, რაც გადასაწყვეტია, ესაა დაფინანსების თემა, დანარჩენი ორი მარტივად მოგვარებადია ანუ ყველა მხარე თანხმდება, რომ მანდატიც უფრო კონკრეტული უნდა იყოს და სტრუქტურაც უფრო ორიენტირებული იმაზე, რომ მეტი კომერციული ინსტიტუტის წარმომადგენელი იყოს ბორდში.

- როგორც ვიცი, 25 ივლისს გაიმართა "საპარტნიორო ფონდის" ბორდის სხდომა. რაზე იმსჯელეთ?

- განხილვის მთავარი თემა იყო ფონდის რეფორმირება, სხვადასხვა პოზიციები შევაჯერეთ, დაფინანსების წყაროებზე უმთავრესად. მუშა პროცესში ვართ. შემდეგი ბორდი ალბათ მალე იქნება და იმედია მალე დავასრულებთ.

- საინტერესოა ფინანსთა სამინისტროს პოზიცია - რა აზრზეა ვანო მაჭავარიანი დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით?

- ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ამაზე ვისუაბრო.. როცა ბოლოში გავალთ, პირველებს გეტყვით.

- მაინც საით იხრებით?

- ჩვენ თუ მთავრობა?

- თქვენც და მთავრობაც, თქვენი სურვილი რომც იყოს ერთჯერადი დაფინანსების მიღება, თუ სახელმწიფო ვერ აწევს ამ ხარჯს, ხომ არ გამოვა?...

- ჩვენი სურვილი არაა, რომ ბიუჯეტს დააწვეს ზემდეტი ხარჯი, თუმცა ჩვენთვის უმჯობესია, თუ გვექნება დაფინანსების დამოუკიდებელი წყაროები. მაგალითად, თუ უნდა გვქონდეს სახელმწიფო საწარმოები, რომლებიდანაც უნდა მივიღოთ დივიდენდები, მაშინ უნდა გვქონდეს მათი მართვის ბერკეტები, რაღაცა თუ არ მოგვწონს, როგორ შევცვალოთ, რაც არ გვაქვს...

- რა უნდა იყოს რეფორმირებული "საპარტნიორო ფონდის" ახალი მანდატი, რომელ დარგებში ხედავთ საკუთარ თავს? ალბათ სასტუმრო ბიზნესში უკვე ნაკლებად...

- ბოლო 2-3 წელია განვაცხადეთ, რომ სასტუმრო ბიზნესში ნაკლებად ჩავერევით, რადგან საკმაოდ მზარდი ბაზარია და იქ სახელმწიფოს როლი უფრო ნაკლები უნდა იყოს, თუმცა რეგიონებში, სადაც მაინც არაა ჯერ ინფრასტრუქტურა განვითარებული, ვამბობდით, რომ დავეხმარებოდით თუ საჭირო გახდებოდა... მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ფონდი ყოველთვის პასიურ რეჟიმშია. ის არ დადის და არ ეძებს ინვესტორებს და კონკურენციაში არ შედის კერძო სექტორთან.

- ისე, უკვე არაერთი სახელმწიფო პროგრამა არსებობს, რომელიც არაერთ დარგს ფარავს, სად ხედავთ "საპარტნიორო ფონდის" როლს?

- ვფიქრობ, სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვან როლს ასრულებს... ჩვენ კი, უნდა შევავსოთ ის ნიშა, სადაც მათი დაფარვის არეალი არაა. ჩვენი მიზანია, უფრო მსხვილი ზომის პროექტებში შესვლა და ისეთი ინდუსტრიები, სადაც ეს პროგრამები არ მონაწილეობენ.

- დარჩა რამე?

- არის. მაგალითად, ჰაიტექკომპანიები. ინოვაციური პროექტები, როგორიც თავის დროზე იყო "ელბიტი" - ძალიან რთული იყო მათთვის დაფინასების მოპოვება, რომ არა "საპარტნიორო ფონდი" და ახლა უკვე ბანკებისთვისაც ძალიან მიმზიდველი გახდა, როცა დაინახეს, რომ რისკები მცირდება.

- კიდევ რა დარგები? სოფლის მეურნეობაში გარისკავთ?

- სოფლის მეურნეობის სექტორში ფონდი ნაკლებად იქნება ჩართული. ალბათ, არც იქნება სწორი ფონდის პორტფელის დიდი ნაწილი მოდიოდეს სოფლის მეურნეობაზე. შეიძლება ვისაუბროთ გადამამუშავებელ სოფლის მეურნეობაზე, მაგრამ არა პირველადზე, რადგან ბევრი სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს და სუბსიდიებიც ბევრია, თუმცა გადამამუშავებელი და ექსპორტზე ორიენტირებული პროეექტები შეიძლება, იყოს ჩვენს ინტერესში.

- წამგებიან პროექტებში რეფორმირებული ფონდი აღარ შევა?

- არ უნდა შევიდეს. ამას ვგულისხმობ სწორედ მანდატის ჩამოყლიბებაში.

- რომ შევაჯამოთ, 2 წლის განმავლობაში მიდის მსჯელობა იმაზე, რა უნდა იყოს "საპარტნიორო ფონდის" დაფინანსების წყარო?

- დიახ, ესაა ძირითადი საკითხი, რაზეც მიდის მსჯელობა.

- და ორი წელი ვერ ჩამოყალიბდით?

- რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა.

- წერტილი ვინ უნდა დასვას?

- ყველამ ერთად დავსვათ - ჩვენ, მთავრობამ, სავალუტო ფონდმა და პარტნიორებმა, რადგან მხოლოდ არსებული პორტფელით და მიწით მონაწილეობა პროექტებში, რთული იქნება. რეალურად, გვჭირდება ახალი პროექტები, ახალი პორტფელები, რათა პერსპექტივაში ზრდის პოტენციალი გვქონდეს.