მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფორმის ფარგლებში ტაქსის ლიცენზიების გაცემა არ შეიზღუდება – საკრებულოს დეპუტატი

6203b220d7068
ბექა ბაციკაძე
09.02.22 17:00
811
ტაქსის რეფორმის ფარგლებში A კატეგორიის(თეთრი ფერის) ტაქსებზე ლიცენზიების გაცემა არ შეიზღუდება –  ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლადო ბოჟაძემ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა. საქმე ეხება დედაქალაქის მერიის მიერ გაცხადებულ რეფორმის მესამე ტალღას, რომელიც თბილისის მერმა კახა კალაძემ ზაფხულისთვის დააანონსა, თუმცა დეტალები არ გაუსაჯაროებია.

როგორც საკრებულოს წევრმა „საქმის კურსს“ განუცხადა, დედაქალაქისთვის პრიორიტეტულია, მეტი კონკურენცია, რაც ტაქსების რაოდენობის ზრდასაც მოიცავს, რათა უკეთესი ხარისხის მომსახურება და დაბალი ფასები იყოს ხელმისაწვდომი.

„ეს მიდგომა ქალაქს არ აქვს და არც ექნება. პირიქით, ჩვენ ბაზარს მხარს დავუჭერთ, რომ რაოდენობა გაიზარდოს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ტაქსებით გადაადგილება იყოს უსაფრთხო და იაფი“ - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

ინფორმაციისთვის, როგორც დედაქალაქის მერმა 9 თებერვლის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ყველა დაინტერესებულ მხარესთან შესაბამისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რეფორმის პირველი ტალღა ტაქსების ლიცენზირებას, მეორე კი კატეგორიების მინიჭებას ითვალისწინებდა, თუმცა რა ცვლილებებია მოსალოდნელი შემდეგი ტალღის დროს, ეს ჯერ ცნობილი არ არის.

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებითვე, საკანონმდებლო ცვლილებებზე დაიწყება მუშაობა, რომლითაც A-კატეგორიის(თეთრი ტაქსი) ტაქსების მძღოლებისთვის საავტობუსე ზოლებში მგზავრის ჩამოსმის და აყვანის შესაძლებლობა მიეცემათ ისე, რომ ამისთვის არ დაჯარიმდებიან.