მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რა ვუყოთ თანამშრომელთა ხელფასებს?! ძალიან გვიჭირს" - გასართობი ცენტრის ხელმძღვანელი

5f5b881c61c41
ინგა მურუსიძე
11.09.20 18:50
902
ჩვენ ვართ სფერო, რომელიც covid-19-ის შეზღუდვების შედეგად, ყველაზე მეტად დაიჩაგრა, - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში საბავშვო-გასართობი ცენტრ "კიკის" ხელმძღვანელმა დავით გაფრინდაშვილმა განაცხადა.

გაფრინდაშვილის თქმით, ამჟამად, მისი გასართობი ცენტრი ქორწილების და დაბადების დღეების მოწყობით იყო დაკავებული. ის ერთ-ერთი ორგანიზატორია იმ აქციის, რომელსაც გასართობი ბიზნესების წარმომადგენლები დღეს, პარლამენტის წინ მართავენ.

დავით გაფრინდაშვილის განმარტებით, აქციის მთავარი მოთხოვნაა, მათ ბიზნესს მიექცეს ყურადღება და მთავრობამ გამოყოს პირი, რომელიც სწორედ ამ ბიზნესის წინაშე იქნება პასუხისმგებელი.

„გამოვიდეს ვინმე, ვინც დაგვიჯდება და გაგვესაუბრება იმ პრობლემებზე, რაც გვაქვს. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ გავიხსნათ და აქტიური მუშაობა დავიწყოთ, უბრალოდ გვინდა, არსებობდეს ადამიანი, ვინც ჩვენს ბიზნესზე აიღებს პასუხისმგებლობას. ვართ სფერო, რომელიც ყველაზე მეტად დაიჩაგრა კოვიდ 19-ის შეზღუდვების შედეგად. ვეკიდებით ყველაფერს გაგებით, მაგრამ გვიპასუხონ კითხვებზე - რა გავაკეთოთ 1 ნოემბრამდე, მათ მიერ დაანონსებულ გახსნამდე?! რა ვუყოთ საიჯარო ხელშეკრულებებს?! რა ვუყოთ თანამშრომელთა ხელფასებს?! ძალიან გვიჭირს", - განაცხადა გაფრინდაშვილმა და დასძინა, რომ მათი მოთხოვნაა, მიეცეთ დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარების უფლება, რაზეც უკვე ფული დახარჯულია.

„მთავრობის მხრიდან ყველაზე მისაღები ჩვენთვის იქნებოდა, რომ წინასწარ მოსულიყო ვინმე და ეთქვა, რომ არ დაგვეგეგმა ღონისძიებები, არ დაგვეხარჯა რესურსი და ა.შ. ამხელა იჯარებს ვიხდით, საბანკო ვალდებულებები გვაქვს, 200 ლარზე ხომ არ არის საუბარი?! ელემენტარულად ყველაზე ადამიანური საქციელი იქნებოდა, რომ წინასწარ გავეფრთხილებინეთ ან იმის საშუალება მოგვცენ, რა ღონისძიებებიც ავიღეთ, ისინი ჩავატაროთ. კონკრეტულად გუშინ, როცა აიკრძალა ღონისძიებები, მე მომიწია 7000 ლარამდე თანხის უკან დაბრუნება და ეს არის ძალიან დიდი თანხა იმ ფონზე, როცა ეს ფული უკვე დაგეგმილი ღონისძიებების მოსამზადებლად იყო დახარჯული“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.