მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმუშავე საქართველოდან“: სულ რამდენი უცხოელი ჩამოვიდა საქართველოში

5f96d014067b7
ვიქტორია მღებრიშვილი
26.10.20 17:39
1549
პროექტის - „იმუშავე საქართველოდან“ ფარგლებში საქართველოს 197 პირი ესტუმრა. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „პროექტის ფარგლებში საქართველოში უკვე ჩამოვიდა 197 პირი. მათ შორის ქვეყანას სტუმრობენ საერთაშორისო ვიზიტორები ისეთი მიზნობრივი ქვეყნებიდან, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა და სხვა“, - აცხადებენ მარიამ ქვრივიშვილის უწყებაში. 

მათივე შეფასებით, პროექტი ეფექტიანია და ამაზე 2 თვის მანძილზე მიღებული 1 100-მდე რეგისტრირებული ადამიანის განაცხადი მეტყეველებს. 

„ამ დროისთვის უკვე დადასტურებულია 700 პირის მოთხოვნა, რომელთა საშუალო თვიური შემოსავალი არათუ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნას 2 000 აშშ დოლარის სახით, არამედ აღემატება და შეადგენს 5 700 დოლარს. მოცემული მაჩვენებლები 6 თვის ვადაში უტოლდება ქვეყანაში პოტენციურად დახარჯულ 23.9 მლნ დოლარს, რაც გაწეული მინიმალური მარკეტინგული ხარჯების ფონზე - საუკეთესო შედეგია. (მარკეტინგული დანახარჯი 17 000 დოლარი, უკუგება 1 ინვესტირებულ აშშ დოლარზე - 1 408 დოლარი).

ამასთან, მოცემული ინფორმაციის შესაბამისად, პროექტი არ წარმოადგენს მასიური ტურიზმის გენერირების ხელსაწყოს, შესაბამისად, მისი ეფექტიანობის შეფასება უნდა განხორციელდეს მისაღები ეკონომიკური სარგებელის განსაზღვრით და არა განაცხადების რაოდენობით“, - აღნიშნავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში და იუწყებიან, რომ პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით წარმოადგენენ 60-მდე სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს, იაპონიას, უკრაინას, რუსეთსა და ბელორუსიას.

გავრცელებულ ინფორმაციაშია ასევე აღნიშნული, რომ მიღებული აპლიკანტების 53% თვითდასაქმებულია (Freelancer), 28% - სრული განაკვეთით დასაქმებული დისტანციურად მომუშავე (Full-Time Employee), ხოლო 19% - მეწარმე (Entrepreneur).

ცნობისთვის:: საქართველოს მთავრობამ ინოვაციური პროექტი “იმუშავე საქართველოდან” პანდემიის პირობებში ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად შეიმუშავა. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პროექტი ქვეყნის ტურიზმის სტრატეგიის ნაწილია, რაც გულისხმობს საქართველოში მეტი მაღალმხარჯველუნარიანი საერთაშორისო ვიზიტორის მიღებას. პროექტი არსობრივად არ არის გათვლილი მასიური ტურიზმის გენერირებაზე და მორგებულია კონკრეტულ, მიზნობრივ სეგმენტზე, რომელთა მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი უდრის 2,000 აშშ დოლარს და საშუალო დაყოვნების პერიოდი ქვეყანაში გაუტოლდება 6 თვეს.

„მოცემული ინდიკატორების შესრულებით, ქვეყანა იღებს გრძელვადიან საერთაშორისო ვიზიტორებს, რომლებსაც ესაჭიროებათ და ამავდროულად მზად არიან გაიღონ საკუთარი დანაზოგები და ყოველთვიური შემოსავლები სამომხმარებლო სერვისის, პროდუქციისა და ტურისტული მომსახურეობის მისაღებად, რაც თავის მხრივ დამატებით შესაძლებლობებს ქმნის კერძო სექტორის წარმომადგენელთათვის”, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტურიზმის ადმნისტრაციის ცნობით, პროექტის მონაწილეთა ქვეყანაში შემოსვლის პროცედურა შემუშავდა უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით, რაც ასევე თანხვედრაშია ქვეყნის საზღვრების ეტაპობრივი გახსნის პოლიტიკასთან.