მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აპირებს მთავრობა პურზე სტაბილური ფასის შენარჩუნებას? - მინისტრი ბიზნესს შეხვდა

5faaa22ea3964
ელენე გოგბერაშვილი
10.11.20 20:50
1134
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს პურ-პროდუქტების მსხვილ მწარმოებლებს, პურის მცხობელთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების თავმჯდომარეებს შეხვდა.

„ვმუშაობთ, რომ მოსახლეობისთვის სტაბილური იყოს, როგორც პურის მიწოდება, ასევე ფასები“, - განაცხადა დღეს მინისტრმა.

მეპურეები ამბობენ, რომ დღეს მოსახლეობისთვის მთავარი სამომხმარებლო პროდუქტი იმის გამო არ ძვირდება, რომ ფქვილზე სტაბილური ფასია, თუმცა თუ საერთაშორისო ბაზარზე ხორბალზე ფასის ზრდა გაგრძელდა, მთავრობა ეცდება ფასების მატებას ხელი ხელოვნურად შეუშალოს.

„პურის ფასის თუნდაც 5-10 თეთრით მომატება, ეს არის მძივივით. ამას მოჰყვება შემდეგ დისტრიბუციაში ფასის მომატება, შემდეგ მაღაზიაში მომატება და ეს გამოიწვევს ძალიან არასასიამოვნო მომენტებს. ამისათვის ყველაფერი კეთდება, რომ ეს არ მოხდეს. კეთდება ის, რომ ალბათ სუბსიდირება ჩაერთვება, როგორიც იყო მარტში. შესაძლებელია სხვა მომენტები...

გეტყვით იმასაც, რომ არ იყო აუცილებელი ყველა პური შეფუთული გამოსულიყო, ამ შეფუთვამ გამოიწვია თავის მხრივ ფასზე ასახვა. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა აგებული, ბევრი ფაქტორია... მაგალითად წყლის გადასახადი წარმოებისთვის არის 4.5 ლარი.

ამაზე იყო სწორედ საუბარი, რა გზებით, როგორ ვქნათ, რომ მოსახლეობისთვის მტკივნეული არ იყოს პურის ფასი“, - აცხადებს პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე.

Bm.ge-ს კითხვაზე, რის ხარჯზე ახერხებენ პურზე ფასის უცვლელად შენარჩუნებას, როცა ხარჯები მწარმოებლებს გაეზარდათ, დოლიძე გვპასუხობს:

„ფქვილის ფასით ვახერხებთ ფასის დაჭერას. ფქვილის ღირებულება 54-55 ლარს არ აღემატება, ფქვილს უჭურავს ფასი ჯერ“.

რაც შეეხება იმას, თუ როდის აპირებს მთავრობა ფქვილის სუბსიდირების მექანიზმი კვლავ აამოქმედოს, დოლიძე ამბობს, რომ ჯერ საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასს აკვირდებიან.

თუ მოსახლეობას სარეალიზაციო ობიექტებში პურზე გაზრდილი ფასი ხვდებათ, მიზეზებზე საუბრისას მწარმოებლები ხელს სასურსათო მაღაზიებისკენ იშვერენ. მათი თქმით, მაღაზიები პურზე ფასს ხელოვნურად ზრდიან და ფასნამატი ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე ათეულ თეთრსაც კი სცდება.

„დღეს მესაუბრა მეწარმე, კომპანია „მარგი“. მეუბნება, რომ ჩემს პურს 55 თეთრს უმატებენო, ეს რა უბედურებაა. ადრე იყო გაყიდული პროდუქციის 5 თეთრი რჩებოდა მაღაზიას. აუცილებლად საჭიროა რეგულაციები... ფასების ლიბერალიზაცია არ ნიშნავს, რომ როგორც გინდა ისე აწიო ფასები“, -აცხადებს დოლიძე.