02.მარტი .2021 00:12

“სასტუმროს გახსნა გასაღების გადატრიალება არ არის” - მთის სასტუმროები 10 დღის დაგვიანებით გაიხსნება

“სასტუმროს გახსნა გასაღების გადატრიალება არ არის” - მთის სასტუმროები 10 დღის დაგვიანებით გაიხსნება
views 709
უკან

საქართველოს მთავრობამ ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე - ბაკურიანში, გუდაურში, მესტიასა და გოდერძიზე სასტუმროებს 25 თებერვლიდან გახსნის უფლება მისცა - ბიზნესისთვის ეს ინფორმაცია მხოლოდ 24 თებერვალს გახდა ცნობილი. სამი თვის შემდეგ, ზამთრის კურორტებზე სასტუმროებს გახსნის შესაძლებლობა მიეცათ. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორი დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვდა, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ, ბიზნესს გახსნის გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი დღით ადრე შეატყობინა.

Inn ჯგუფში, რომელიც სასტუმროებს გუდაურში და ბაკურიანში ფლობს, ამბობენ, რომ სასტუმროს გახსნის გადაწყვეტილება მათ დღეს მიიღეს, რადგან 25 თებერვალს მისი გახსნა ვერ შეძლეს. “Inn ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე კოკაიას თქმით, ერთ დღეში ერთი წლის განმავლობაში დაკეტილი სასტუმროს გახსნა რთულია, რადგან თანხების მობილიზების გარდა, სხვა ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო, მათ შორის თანამშრომლების დროული შეკრების საკითხიც. სასტუმროს ორივე კურორტზე ამჟამად ჯავშნები უკვე მიღებული აქვს და პირველი სტუმრის მოლოდინშია.

“მოთხოვნა როგორც ველოდებოდით ბაკურიანში მაღალია, რადგან საქართველოს მოქალაქეები იქ უფრო ხშირად ჩადიან, თუმცა გუდაურში განსხვავებული სიტუაციაა, რადგან ამ კურორტს უფრო მეტად ყოველთვის უცხოელი ტურისტები სტუმრობდნენ.

გუდაურში ამჟამად დამსვენებლების დეფიციტია. გუდაურში დამსვენებლები სასრიალოდ ჩამოდიან და სანამ საბაგიროები არ გაიხსნება, მასზე დიდი მოთხოვნა არ იქნება", - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.

25 თებერვალს არ გახსნილა „მარკო პოლო გუდაურიც“. სასტუმროს ბიზნესის განვითარების მენეჯერი გვანცა მირზიაშვილი განმარტავს, რომ მთის კურორტზე ყველაზე მოთხოვნადი საბაგიროებია, ხოლო რადგან მთავრობის გადაწყვეტილებით მისი ჩართვა 8 მარტამდე არ მოხდება, სასტუმრო 6 მარტს გაიხსნება და შედეგად ჯავშნების მატებაც დაიწყება. "მარკო პოლოში" ასევე აღნიშნავენ, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე მომსახურებაზე ფასები შეამცირეს.

“გუდაური თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე სრულფასოვნად ვერ ფუნქციონირებს. 9 თვის განმავლობაში დაკეტილი სასტუმროს ერთ დღეში გახსნა შეუძლებელია. სასტუმროს გახსნა, გასაღების გადატრიალება არ არის და მის გახსნას თანამშრომლების მობილიზება, უამრავი ხარჯის გაწევა და დაგეგმვა სჭირდება ისე, რომ სტუმრები სრულფასოვნად მივიღოთ.” - აღნიშნა გვანცა მირზიაშვილმა.